დამოუკიდებლობის დღეს საქართველოში ერთი საუკუნის წინაც ზეიმობდნენ. თბილისის ქუჩებში ნამდვილი დღესასწაული იყო და 26 მაისს ათასობით მოქალაქესთან ერთად ჯარიც აღნიშნავდა. თუმცა საქართველოს დამოუკიდებლობის ზეიმი მაშინ მხოლოდ ორჯერ მოასწრეს, 1919 და 1920 წელს. შემდეგ მრავალწლიანი ოკუპაცია დაიწყო. დამოუკიდებლობა საქართველომ 1991 წელს დაიბრუნა. დღეს თავისუფლების მოედანზე და რუსთაველის გამზირზე კვლავ მივიდა ხალხი, თუმცა პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით, 26 მაისი საქართველოში ჩვეული ხალხმრავლობით ვერ აღინიშნა.
თბილისის ქუჩებში დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობენ… ამ კადრებზე, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა არსებობის ერთ წელს ითვლის. სახალხო ზეიმს ესწრებიან ტიციან ტაბიძე და პაოლო იაშვილი. ქართული ჯარი 100 ათასზე მეტ მოქალაქესთან ერთად აღნიშნავს თავისუფლებას. აქ ჯერ კიდევ არ იციან, რომ ეს თავისუფლება ხანმოკლეა.
[br]დამოუკიდებლობის დღე ერთი საუკუნის შემდეგ თბილისში ასეთი ხალხმრავალი არ არის. თუმცა ეს დღე საქართველოში ისევ იმ გრძნობებსა და სიხარულს აღძრავს, როგორც მაშინ, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებისას.
დღეს საქართველოს მოქალაქეები კვლავ ასე ფიქრობენ – მათი არჩევანი დამოუკიდებელ და თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრებაა.
70-წლიანი საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, საქართველოში კარგად იციან, რას ნიშნავს და რა მსხვერპლს მოითხოვს ნამდვილი თავისუფლება.
ნანუკა მეშველაშვილი
რეპორტაჟში გამოყენებულია საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული, 1918-1921 წლებში გადაღებული კინოქრონიკა.