მთავარისაქართველოდამოუკიდებლობის დღე

დამოუკიდებლობის დღე

103 წელი დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან მთელ საქართველოში აღნიშნეს.

საზეიმო ღონისძიებაზე მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ასევე პოლონეთის პირველმა პირმა, რომელიც საქართველოში სპეციალურად 26 მაისისთვის ჩამოვიდა. და კიდევ ერთხელ, ამჯერად თბილისიდან გაიმეორა ლეხ კაჩინსკის სიტყვები, რომ იმპერია ვეღარასდროს დაბრუნდება.

„არაერთხელ გვიბრძოლია ჩვენი და თქვენი თავისუფლებისთვის. თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ ერთხელ მოპოვებული თავისუფლება არასდროს არის მარადიული. მათ მიაჩნიათ, რომ ირგვლივ მდებარე სახელმწიფოები მათ დაქვემდებარებაში უნდა იყვნენ. ჩვენ ვამბობთ არას! ეს ქვეყანა არის რუსეთი“, – განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ.

„ეს თავისთავად გამარჯვებაა 70 წლიან ოკუპაციასა და საბჭოთა დაპყრობის ტრაგედიაზე. 26 მაისი 25 თებერვალზე იმარჯვებს. გამარჯვებაა, რომ ამ ქვეყანამ ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველა უმძიმეს გამოწვევას გაუძლო, გაუძლო ომს, მისი ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციას, პროვოკაციებს, ქვეყანამ შეძლო საკუთარ არჩეულ გზაზე ისე ევლო, რომ არ შეპუებოდა დაბრკოლებას, მუქარასა თუ დაღმასვლას. ამ ურთულეს რეგიონში საქართველო მტკიცედ ინარჩუნებს დამოუკიდებლობას, სახელმწიფოებრიობასა და სუვერენობას“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.

[br]შემდეგ იყო თავდაცვის სამინისტროს რეკრუტების ფიცის დადების საზეიმო ცერემონია. სამხედრო ფიცი 247-მა ახალწვეულმა თბილისში, აჭარაში, სამცხე-ჯავახეთში, მცხეთასა და კახეთში საზეიმოდ დადო.

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 103 წლის შემდეგ ქართულ მიწას მიაბარეს გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტი. ოკუპაციის გამო ევროპაში გადახვეწილი საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჯარების ბოლო მთავარსარდალი მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში სამხედრო პატივით დაკრძალეს.

„პანთეონში შემოდის საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდალი. მასთან ერთად შემოდის წარსული და ისტორია. თანამედროვე საქართველოს ისტორიის ჩამოყალიბების ერთი ქვა ემატება. ეს არის დემოკრატიული და დამოუკიდებელი რესპუბლიკის დაბადების მტკიცებულება მსოფლიოს წინაშე, ქვეყნისა, რომელიც უსწრებს დროს“, – თქვა საფრანგეთში ქართული სათვისტომოს ხელმძღვანელმა, ოთარ ზურაბიშვილმა.

საზეიმო ღონისძიებების დასკვნით ნაწილში ეროვნული გვარდიის სარიტუალო ასეულის სამხედრო მოსამსახურეებმა საქართველოს დროშა შემოიტანეს. ღონისძიების დასასრულს კი თავისუფლების მოედანს თავდაცვის ძალების თვითმფრინავებმა გადაუფრინეს და მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღე საქართველოს დროშის ფერებით მიულოცეს.

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend