მთავარისაქართველოამნისტიის შესახებ კანონპროექტის განხილვა 27 მაისამდე გადაიდო

ამნისტიის შესახებ კანონპროექტის განხილვა 27 მაისამდე გადაიდო

2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით მომზადებული ამნისტიის კანონპროექტი განსახილველად 25 მაისის პლენარულ სხდომაზე არ გავიდა.

ასეთი შეთანხმებით დასრულდა პარლამენტის თავმჯდომარესთან, კახა კუჭავასთან გამართული შეხვედრა, რომელსაც როგორც ხელისუფლების, ისე საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„შედგა შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან. წარმოდგენილები ვიყავით ფაქტობრივად ყველა ოპოზიციური პარტიის დეპუტატები. შევთანხმდით იმაზე, რომ დღეს ამნისტიის შესახებ კანონპროექტს პირველი მოსმენით კენჭი აღარ ეყრება“, – თქვა პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ლევან იოსელიანმა.

 
„ამავდროულად შევთანხმდით, რომ ხუთშაბათს იქნება სამუშაო შეხვედრა – იმ მიზნით, რომ მოხდეს პოზიციების დაახლოება და ეს განსხვავებები აღმოიფხვრას“, – აღნიშნა „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ.

[br]„საქართველოს პარლამენტში ვართ – ეს ნიშნავს იმას, რომ უნდა შეგვეძლოს ერთმანეთის აზრის მოსმენა. ამიტომ დღეს კონსტრუქციულ საქმიან ვითარებაში შევჯერდით იმაზე, რომ რადგან არის რესურსი, კიდევ ვიმსჯელოთ, მოვუსმინოთ ერთმანეთს, დღეს არ არის პანაცეა, რომ გავიტანოთ ეს საკითხი, თუმცა შევთანხმდით იმაზე, რომ აუცილებლად გავიტანთ ამ კვირაში“, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა.

ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით, ხელისუფლებისა და საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები საერთო დოკუმენტზე შეჯერებას ჯერ ისევ ვერ ახერხებენ. „ქართულ ოცნებაში“ მიიჩნევენ, რომ ოპოზიციის მიერ შემუშავებულ კანონპროექტი ბევრ კითხვის ნიშნავს მოიცავს. ოპოზიციაში კი მიაჩნიათ, რომ ხელისუფლების მიერ მომზადებულ კანონპროექტშია ხარვეზები.

„ხელისუფლების კანონპროექტი ითვალისწინებს მეტად ზოგადი ხასიათის ამნისტიის აქტს, ის არ ვრცელდება კონკრეტულ დანაშაულებზე. იმ კანონპროექტის მიხედვით, ამნისტია უნდა გავრცელდეს, როგორც არსებულ და გამოვლენილ დანაშაულებზე, ისე მომავალში ყველა შესაძლო დანაშაულზე, რომელიც ოდესმე იქნება გამოვლენილი, თუ ამ დანაშაულებს ხელისუფლება დააკავშირებს 20 ივნისის ფაქტთან. ჩვენ ვთავაზობთ, რომ კონკრეტულად, მიშელის დოკუმენტის მოთხოვნიდან გამომდინარე, ამნისტია გავრცელდეს ყველა ბრალდებაზე, ყველა მსჯავრდებაზე, რომელიც ორი წლის გამოძიების შედეგად ხელისუფლებამ წარადგინა, “ოცნების” ხელისუფლებამ როგორც აქციის მონაწილეთა მიმართ, ისე პოლიციელთა მიმართ“, – განაცხადა პარლამენტის წევრმა, შალვა შავგულიძემ.

„ჩვენ შეთანხმება გვავალდებულებს, რომ ამნისტიის კანონი იყოს მიღებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს არ აქვს მნიშვნელობა ჩვენ ვიქნებით თუ ჩვენი ოპონენტები, ჩვენ ყველა ერთად დავარღვევთ შეთანხმების პირობებს. ჩვენ არ ვაპირებთ, რომ შეთანხმების პირობები დავარღვიოთ. ჩვენი მიზანია, რომ ყველა პუნქტი ზედმიწევნით იყოს შესრულებული“, – თქვა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ.

ამნისტიის საკანონმდებლო ინიციატივაზე სამუშაო კონსულტაციები 27 მაისს გაიმართება.

ანა ალელიშვილი

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend