ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ქართულ პოლიტიკურ სპექტრს საქართველოში შექმნილი ვითარების მოგვარების მიზნით დამატებითი წინადადებები შესთავაზა.
საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, ახალი წინადადებები პარტიებს უკვე გადაეცათ და მათ შესასწავლად დამატებითი დროც მიეცათ. კარლ ჰარცელის თქმოთ, ამ დოკუმენტს პრეზიდენტი რეალისტურად და დაბალანსებულად მიიჩნევს.
„შეთანხმების ტექსტი შეხვედრამდე გადაეცა ყველა პარტიას. რამდენიმე პარტიამ ითხოვა დრო კონსულტაციისთვის და ჩვენ დავთანხმდით. შეხვედრა შედარებით მოკლე იყო. ჩვენ ველოდებით, როდის დაბრუნდებიან პარტიები, რათა გადაწყვეტილება შეგვატყობინონ. ეს პოლიტიკური კრიზისი საქართველოში უნდა დასრულდეს“, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.
18 აპრილს მედიატორების მიერ წარდგენილი ახალი დოკუმენტის გასაცნობად ევროკავშირის დელეგაციის ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერები მივიდნენ. მმართველმმა პარტიამ კი შეხვედრამდე განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ახლა „ჯერი ოპოზიციაზეა“, რადგან მათ ხელი ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტს უკვე მოაწერეს. „ქართულმა ოცნებამ“ 31 მარტს წარდგენილ დოკუმენტს მოაწერა ხელი და არა იმას, რომელიც ევროკავშირის წარმომადგენლობამ 18 აპრილს წარადგინა.
„ქართულმა ოცნებამ“ ხელი მოაწერა 31 მარტს წარდგენილ დოკუმენტს და არა იმას, რომელიც ევროკავშირის წარმომადგენლობამ 18 აპრილს წარადგინა.
ახალ დოკუმენტში ორი ძირითადი ცვლილებაა. დოკუმენტის მიხედვით, პარლამენტმა 19-20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ამნისტიის შესახებ კანონი უნდა მიიღოს.
ამნისტიის შესახებ პუნქტი წინა დოკუმენტშიც იყო ჩაწერილი, თუმცა, ოპოზიციის ლიდერების თქმით, ამჯერად უფრო კარგადაა გაწერილი პატიმრების გათავისუფლების გზები.
პარტია „ევროპული საქართველოს“ ყოფილი ლიდერი დავით ბაქრაძე მიიჩნევს, რომ წინა ვერსიასთან შედარებით, დოკუმენტი გაუმჯობესებულია და მასში მნიშვნელოვანი ცვლილებებია შეტანილი.
„პირველ რიგში, ეს ცვლილებები შეეხება პოლიტპატიმრების საკითხს და საუბარია ორი ადამიანის გამოშვებაზე. საუბარია ზუსტ ვადებსა და მექანიზმებზე, ეს როგორ უნდა განხორციელდეს“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
დოკუმენტს დადებითად აფასებს პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი ბადრი ჯაფარიძეც.
„მე მიმაჩნია, რომ ძალიან დიდი ნაბიჯი გადაიდგა, რათა განიმუხტოს პოლიტიკური კრიზისი. ნიკა მელიასთან დაკავშირებით შემოთავაზებულია ევროკავშირის თავდებობა“ – ამბობს ბადრი ჯაფარიძე.
პოლიტიკური პარტიების გარკვეული ნაწილისთვის ახალი დოკუმენტი სრულყოფილი მაინც არ არის, რადგან ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებული პუნქტები მათთვის მიუღებელია.
დოკუმენტის თანახმად, საქართველოში ვადამდელი არჩევნები 2022 წელს იმ შემთხვევაში უნდა დაინიშნოს, თუ ადგილობრივ არჩევნებში „ქართული ოცნება“ პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს.
პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი ახალი დოკუმენტის მიმართ სკეპტიკურადაა განწყობილი.
„არც წინა დოკუმენტის მჯეროდა და არც ამის. თუმცა, აქ კარგი ის არის, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლების მექანიზმი უფრო კარგად არის გაწერილი. ხელის მოწერას რაც შეეხება, ამ წუთში არ მაქვს მიღებული გადაწყვეტილება“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
დოკუმენტის გარკვეული პუნქტები მიუღებელია პარტია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერიასთვის.
„ძალიან კარგია, რომ, წინა დოკუმენტისგან განსხვავებით, მკაფიოდაა საუბარი ვადამდელ არჩევნებზე. თუმცა არ ჩანს, რა ფორმით მივალთ ვადამდელ არჩევნებამდე, ამიტომ ეს ერთი საკითხი უნდა ჩასწორდეს დოკუმენტში, მაშინ ის მისაღები გახდება ავტომატურად“, – აღნიშნავს გიგა ბოკერია.
მმართველმა პარტიამ შეხვედრების დაწყებამდე გაავრცელა განცხადება, რომ ევროკავშირის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტზე ხელი უკვე მოაწერეს. მათი განმარტებით, „ქართულმა ოცნებამ“ თავისი ინიციატივით განაცხადა, რომ თუ თვითმმართველობის არჩევნებში 40%-ს ვერ აიღებდა, დასთანხმდებოდა ოპოზიციის მოთხოვნას არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით.
ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით „ქართულმა ოცნებამ“ დოკუმენტში არჩევნების პუნქტი თავისივე ინიციატივით შეიტანა.
„ვთქვით, რომ თუ თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნება“ 40%-ზე ნაკლებს აიღებს, მაშინ შეგვიძლია ვიმსჯელოთ რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით“, – ამბობს ირაკლი ქადაგიშვილი.
პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის ახალ დოკუმენტზე ქართულ პოლიტიკურ პარტიებში შიდა განხილვა მიმდინარეობს.
მათი განცხადებით, საბოლოო გადაწყვეტილება ახლო მომავალში გახდება ცნობილი.
თორნიკე კოპლატაძე