მთავარი სპორტი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალისტთა ვინაობა ცნობილია

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალისტთა ვინაობა ცნობილია

უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური სერიის მეორე მატჩში “ლივერპული” “რეალს” დაუზავდა. მატჩი უგოლო გამოდგა. მასპინძლები მთელი შეხვედრის განმავლობაში ცდილობდნენ ტიბო კურტუას კარის აღებას, თუმცა მოჰამედ სალაჰმა, ჯორჯინიო ვენალდუმმა და რობერტო ფირმინომ შანსები ვერ გამოიყენეს.

პირველი შეხვედრა მადრიდში “რეალმა” 3:1 მოიგო, ამიტომაც ზინედინ ზიდანის გუნდმა ნახევარფინალის საგზური მოიპოვა, სადაც “ჩელსის” დაუპირისპირდება.

პარალელურად გაიმართა “დორტმუნდისა” და “მანჩესტერ სიტის” დაპირისპირება, რომელიც “სიტის” გამარჯვებით 2:1 დასრულდა. ანგარიში 17 წლის ჯუდ ბელინგემმა გახსნა და ჩემპიონთა ლიგის პლეიოფის ისტორიაში მეორე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც გოლი გაიტანა. რეკორდი ბოიან კრკიჩს ეკუთვნის, რომელიც მან 2008 წელს დაამყარა.

ანგარიში რიად მაჰრეზმა ზუსტად შესრულებული პენალტით გაათანაბრა, გამარჯვების გოლი კი პეპ გვარდიოლას გუნდს ფილ ფოდენმა მოუტანა. ორი მატჩის ჯამში “სიტიმ” “დორტმუნდი” 4:2 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც “პარი სენ-ჟერმენს” დაუპირისპირდება.

ნახევარფინალური მატჩები 27 აპრილს გაიმართება.

უახლესი

სხვა ამბები