თეთრ სახლში დონალდ ტრამპის დაბრუნების შემდეგ, უკრაინა და მისი ევროპელი პარტნიორები დიდი ხნის განმავლობაში ეჭვობდნენ, რომ ტრამპი პუტინისადმი განსაკუთრებული სიმპათიით არის განწყობილი, თუმცა ეს დამოკიდებულება უფრო ნათლად გამოჩნდა ბოლო კვირების განმავლობაში.
ყველაფერი თითქოსდა კრემლის ლიდერთან 7 ოქტომბერს გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ შეიცვალა, რის შემდეგაც კიევისადმი ვაშინგტონის რიტორიკა მყისიერად განსხვავებული გახდა და აღარ შეეფერებოდა სტრატეგიული პარტნიორებისთვის დამახასიათებელ ურთიერთობას.
რამდენიმე თვის თავზე უკრაინელებისა და ევროპელების ეჭვები გამართლდა, თუმცა გაცილებით ცუდი სცენარით, ვიდრე ისინი ელოდნენ - ამის რამდენიმე მკაფიო მტკიცებულება კი უკვე არსებობს.
დასავლელი პოლიტიკოსებიც და ანალიტიკოსების ფიქრობენ, რომ ვაშინგტონის მოქმედმა ადმინისტრაციამ, ფაქტობრივად, კრემლის რიტორიკის გამეორება დაიწყო, თუმცა რამდენიმე განსხვავებული შეფასებით.
ამავდროულად, ამერიკული მხარე რუს კოლეგებს შეუთანხმდა დიზელის მიწოდებაზე, როგორც აშშ-ის, ისე მსოფლიო ბაზრებისთვის - ეს ყოველივე მიუხედავად განგრძობადი სამხედრო მოქმედებებისა და, მაგალითად, ჩინეთისა და ინდოეთის წინააღმდეგ თავად ტრამპის მხრიდან არაერთხელ გაჟღერებული მუქარებისა, რომ ეს „უპრეცედენტო ტარიფების“ დაწესებას გამოიწვევდა.
დონალდ ტრამპმა შეამსუბუქა სანქციებიც - მათ შორის გარდაცვლილი სენატორის, ლინდსი გრემის სახელობის - რომელთა ამოქმედებსაც ერთი თვით ადრე შტატების პრეზიდენტმა თავად მოაწერა ხელი.
ექსპერტების შეფასებით, კრემლმა, რომელიც იმ გათვლით მოქმედებს, რომ დასავლეთის ერთიანი ფრონტი რაღაც მომენტში ბზარს გაიჩენს, შექმნილი ვითარებით ისარგებლა, რათა ახალი ერთობლივი პროექტების პერსპექტივით მოეხიბლა მეორე მხარე და, ამასთანავე, წამოეყენებინა სამმხრივი სამიტის იდეა ვლადიმირ პუტინის, დონალდ ტრამპისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარის, სი ძინპინის მონაწილეობით.
რუსეთისთვის, რომლის ეკონომიკაც სულ უფრო მეტ დაძაბულობის ნიშნებს ავლენს, ასეთი შეხვედრა დიდი სახელმწიფოს სტატუსის აღიარებას ნიშნავდა - სტატუსისა, რომლის მოპოვებასაც პუტინი დიდი ხანია ცდილობს.
წინასწარ გამზადებული ტექსტის გარეშე სიტყვით გამოსვლისას, საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა, რომ „ამერიკელი მომლაპარაკებლები უკვე თითქმის 2 წელია, ცდილობენ უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგონ“.
მისივე თქმით, მიზეზი, რის გამოც კიევი ჯერ კიდევ არ დათანხმებია პუტინის პირობებით ომის დასრულებას - „ევროპის განგრძობადი მხარდაჭერაა“.
კალასმა გააჟღერა ის შეშფოთება, რომელიც ტრამპის ხელახლა არჩევის შემდეგ უკრაინასა და მის ევროპელ პარტნიორებს მოსვენებას არ აძლევს და რომელიც ახლა სულ უფრო ხელშესახები ხდება. დიპლომატის თქმით, ნობელის მშვიდობის პრემიის მოსაპოვებლად ღირსეული „დიდი გარიგების“ დადების სურვილით შეპყრობილი ტრამპი, შესაძლოა, მზად აღმოჩნდეს, უკრაინა შესწიროს ამ მიზანს.
Euronews-სთან საუბრისას, ერთ-ერთმა ევროპელმა მაღალჩინოსანმა თქვა, რომ „ყველასთვის გაუგებარია, საიდან ან რატომ არის ტრამპი პუტინით ასე აღფრთოვანებული“. მისივე თქმით, ყოველივე ეს საგანგაშოა, განსაკუთრებით მაშინ, როცა პუტინთან მოლაპარაკებების გასამართად ვაშინგტონმა „ორი დეველოპერი გაგზავნა, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ შეუძლიათ მთელი ქვეყნის ერთმანეთში გაყოფა“ - ამ პირებში ევროპელმა მაღალჩინოსანმა სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი იგულისხმა.
კიდევ ერთმა ოფიციალურმა პირმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, აღიარა, რომ ტრამპის რიტორიკა „შეშფოთებასა და გაღიზიანებას“ იწვევს, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც მომავალ თვეში დაგეგმილი შუალედური არჩევნების წინ პოლიტიკური ზეწოლა იზრდება.
„რესპუბლიკელები“ რისკავენ, დაკარგონ კონტროლი როგორც წარმომადგენელთა პალატაზე, ისე სენატზე: ამომრჩევლები ტრამპით იმედგაცრუებულნი არიან, ხოლო ენერგომატარებლებზე მაღალი ფასების ფონზე ინფლაცია იზრდება.
ანალიტიკოსების თქმით, დონალდ ტრამპი ცდილობს, პასუხისმგებლობა სხვას გადააკისროს და რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინის მიერ განხორციელებულ დარტყმებზე მიუთითებს, თუმცა ენერგეტიკის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ნავთობის მსოფლიო ბაზარზე ამჟამინდელი რყევების მთავარი მიზეზი ირანთან მისი ომია.
