უკრაინის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელთა თქმით უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში, სადაც საბრძოლო მოქმედებები 2014 წლიდან მიმდინარეობს, ბოლო 24 საათში ორი ჯარისკავი დაიღუპა.
უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში საბრძოლო მოქმედებები სხვადასხვა სიხშირით მიმდინარეობს.
თებერვლიდან სიტუაცია უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში განსაკუთრებით დაიძაბა.
26 მარტს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელთა განცხადებით კონფლიქტის ზონაში 4 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა.
რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, მინსკის სამშვიდობო ხელშეკრულება ირღვევა.
“ჩვენ ვხედავთ, რომ მინსკის სამშვიდობო შეთანხმება ირღვევა. ოფიციალური კიევი კი დონბასის რეგიონში სამხედრო ქმედებებით იმუქრება. იმედი მაქვს, რომ ევროპის დედაქალაქებში უკრაინის მიმართ მიდგომას შეცვლიან და პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის მინსკის სამშვიდობო ხელშეკრულების შესრულებისაკენ მოუწოდებენ”, -ამბობს სერგეი ლავროვი, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი.
“უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის დეპარტამენტის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მეთაურობა უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში სამხედრო მობილიზაციას აგრძელებს, რუსული მხარე მის საზღვრებში და ოკუპირებულ რეგიონებში მობილიზებული სამხედრო შენაერთების კოორდინაციას ახდენს”,- მარია სალნიკი, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანი.
ოფიციალურ კიევსა და მის მოკავშირე დასავლეთ სახელმწიფოებში უკრაინის საზღვართან რუსული სამხედრო შენაერთების მობილიზაციის გამო შეშფოთებას გამოთქვამენ.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ ოფიციალური მოსკოვი კუნთების თამაშში და პროვოკაციების მოწყობაში დაადანაშაულა.