მთავარისაქართველობეთლემის კლდისუბანი - შენარჩუნებული კულტურული მემკვიდრეობა

ბეთლემის კლდისუბანი – შენარჩუნებული კულტურული მემკვიდრეობა

სოლოლაკის მთის ფერდზე შეფენილი თბილისის ეს ერთ-ერთი უძველესი უბანი სავსეა აღმართ-დაღმართებით, კიბე-ქუჩებით და თბილისური აივნებით. აქ თბილისური ხუროთმოძღვრების  საუკეთესო ნიმუშებს შეხვდებით. ამ ადგილს ბეთლემის კლდისუბანი ჰქვია. ფოტოგრაფი გია ჩხატარაშვილი ამ უბნის ერთ-ერთი მცხოვრებია.

„მე და ჩემი მეუღლე ბეთლემის კლდისუბანში ვცხოვრობთ 22 წელიწადია. 22 წლის წინ ეს უბანი ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო. სახლები მოითხოვდნენ შეკეთებას, კიბეები დაზიანებული იყო. ბაღი ფაქტიურად იყო სანაგვედ გადაქცეული“, – ამბობს გია ჩხატარაშვილი.


2000-იან წლებში უბანს რესტავრაცია კულტურული მემკვიდრეობის დამცველმა ორგანიზაცია „იკომოს საქართველომ“ ჩაუტარა, რის შედეგადაც ბეთლემის უბანმა თავისი ისტორიული იერსახე დაიბრუნა. ორგანიზაციის დირექტორის განცხადებით, რეაბილიტაცია ტრადიციული მეთოდებით მიმდინარეობდა, რის შედეგადაც ადგილმა  ძველი იერი შეინარჩუნა.

„ჩვენი პროექტის მიზანი იყო ის, რომ შეგვემუშავებინა პროგრამა, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა ძველი უბნის შენარჩუნება ისე რომ ტრადიციული და თვითმყოფადი სახე არ დაეკარგა.“ – აცხადებს ორგანიზაცია „იკომოს საქართველოს“ დირექტორი ლია ბოკუჩავა.

ლია ბოკუჩავას განცხადებით, პროექტის მიზანი მხოლოდ სახლების რეაბილიტაცია არ ყოფილა. ორგანიზაციამ ძლიერი ადგილობრივი თემის შექმნასაც შეუწყო ხელი.

„ვფიქრობ რომ გზამ, ბაღმა და იმ სამუშაოებმა, რაც ჩვენ ჩავატარეთ, ზოგადად კიდევ უფრო მეტად გააერთიანა  ადამიანები ვინც აქ ცხოვრობენ. ამ უბანში მოსახლეები ისე კი არ ცხოვრობენ როგორც ვთქვათ ქალაქში. თითოეული მოსახლე ერთი ბეთლემის უბნის ოჯახის წევრია“, – აცხადებს ლია ბოკუჩავა.

ბეთლემის უბნის ე.წ ოჯახის ერთ-ერთი წევრია შალვა სანოძე, რომელმაც უბნის გამწვანება საკუთარ თავზე აიღო.

„ყველაფერს მოვლა უნდა… ჰო, შრომატევადი არის რა… ჰო ბაღი თუ გაქვს, ყოველდღე უნდა. აი ზამთარში იმდენი არა, მაგრამ ზაფხულში მაინც. ახლა კიბეებია გასაკეთებელი, შევარემონტებთ იმასაც და ასე…“ – ამბობს მებაღე შალვა სანოძე.

ნამდვილი რეაბილიტაცია მხოლოდ ფასადების გადაღებვას არ გულისხმობს. აუცილებელია, რომ რეაბილიტაციის შემდეგ, უბანმა თავისი ხასიათი შეინარჩუნოს, და რაც მთავარია, ის ხალხი  ვინც აქ  ცხოვრობს და თავს ამ უბნელად მიიჩნევს.  ლია ბოკუჩავას აზრით, ამ მხრივ, ბეთლემის კლდისუბანი შესაძლებელია მაგალითად  იქცეს დანარჩენი თბილისისთვის.

„ცუდი არ იქნება რომ დაინტერესდეს ჩვენი სახელმწიფო და აი ამ ჩვენი პროექტის მაგალითზე ვთქვათ სხვა უბანი გაკეთდეს. მხოლოდ ახალი სასტუმროები კი არ იყოს, თვითონ მოსახლეები ვინც იქ ცხოვრობენ მათ გაიუმჯობესონ მათი პირობები და მხოლოდ ტურისტული კი არ იყოს, არამედ ადამიანები ცხოვრობდნენ იქ ჩვეულებრივად.“ – აცხადებს ორგანიზაცია „იკომოს საქართველოს“ დირექტორი ლია ბოკუჩავა.

ბეთლემის კლდისუბანი თბილისის ერთ-ერთი გამორჩეული უბანია, და აქ მცხოვრები ხალხი, ცდილობს თავად იზრუნოს უბნის მემკვიდრეობის შენარჩუნებასა და მის მომავალზე.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:51

Sony World Photography Awards 2024

spot_imgspot_img
Send this to a friend