მთავარისპორტისკი-კროსის მსოფლიო თასი ბაკურიანში

სკი-კროსის მსოფლიო თასი ბაკურიანში

2021 წლის 26, 27 და 28 თებერვალს, ბაკურიანში სკი-კროსის მსოფლიო თასის ერთ-ერთი ეტაპი გაიმართება.

2023 წელს კი, ბაკურიანი სნოუბორდისა და სათხილამურო ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს.  სკი-კროსის მსოფლიო ეტაპისა და სხვადასხვა მნიშვნელოვანი ჩემპიონატების მასპინძლობა ბაკურიანისთვის 2023 წლის მოსამზადებელი პერიოდია.

საქართველოსთვის, როგორც მასპინძელი ქვეყნისთვის, ყველაზე რთული პრობლემა თოვლის ნაკლებობა გამოდგა, თუმცა საქართველოს სათხილამურო ფედერაციისა და  მთის კურორტების განვითარების კომპანიის მიერ გაწეული შრომის შედეგად, ბაკურიანი  მომზადებული დახვდება ჩემპიონატს.

საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, პატრიკ ლანგი,  დარწმუნებულია, რომ მიუხედავად ბაკურიანში თბილი ტემპერატურისა, მთის კურორტების განვითარების კომპანიამ ბევრი იმუშავა პრობლემის მოსაგვარებლად და საქმეს თავს ძალიან კარგად გაართმევს.

„პანდემიისა და უთოვლობის გამო ბაკურიანში 2021 წლის სკი-კროსის მსოფლიო თასის გამართვა ბევრ გამოწვევას უკავშირდება. საორგანიზაციო კომიტეტს, რომელსაც ზურაბ კოსტავა ხელმძღვანელობს და მთის კურორტების განვითარების კომპანიის წარმომადგენლებს ბევრი პრობლემის მოგვარება მოუხდათ. თოვლის ნაკლებობა მთავარი პრობლემა იყო. უცნაურია,  მაგრამ წელს, გუდაურისგან განხვავებით, ბაკურიანში კი არ თოვდა, წვიმდა. ამიტომაც ხელოვნური გათოვლიანება გახდა საჭირო. იანვარში 40 000-მდე კუბური მეტრი თოვლი დამზადდა.  იმედია, შეჯიბრის დროს, ბაკურიანში სათანადო ამინდი იქნება. თოვლი ძალიან გვჭირდება. იმედი გვაქვს, რომ  ყველაფერი კარგად იქნება“, – ამბობს პატრიკ ლანგი

სათხილამურო და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატის ბაკურიანში ჩატარების უფლება საქართველომ 2018 წელს მოიპოვა და მასპინძლის სტატუსის მოპოვებისთანავე დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოები.

2021 ზამთრის სეზონს ბაკურიანი 3 ახალი საბაგიროთი და ახალი ტრასებით შეხვდა.

მაღალი დონის ჩემპიონატებისთვის ბაკურიანში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჩატარდა. განახლდა გზა მიტარბამდე და კოხტამდე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა, ამბობს, რომ ქვეყანა ამ სპორტულ ღონისძიებას გამართული ინფრასტრუქტურით ხვდება

„პანდემიის მიუხედავად, 2020 წელს ჩვენ დავასრულეთ  ახალი 5 კილომეტრის სიგრძის საბაგიროების მშენებლობა. გაიმართა ხელოვნური გათოვლიანების სისტემა. წელს ჩვენ ვაკმაყოფილებთ საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის მოთხოვნებს. ჩვენი კურორტი თებერვლის ბოლოს უმასპინძლებს 300-მდე სტუმარს. ჩვენი მთავარი პასუხისმგებლობაა, რომ ჩემპიონატი მაღალ დონეზე  და ამავდროულად სრულიად უსაფრთხოდ ჩატარდეს საქართველოსა და ჩვენი ქვეყნის სტუმრებისთვის“, – ამბობს ნათია თურნავა.

სკი-კროსის მსოფლიო თასი 14 სხვადასხვა ქვეყანაში გაიმართება. საქართველო ერთ-ერთია მათ შორის.

მსოფლიო თასზე ასპარეზობისას, შერეული ნაკრების გუნდურ შეჯიბრებას ბაკურიანი პირველად უმასპინძლებს. სათხილამურო ჩემპიონატზე აქ 150-მდე სპორტსმენი ჩამოვა.

„ჩემი აზრით, ეს არის ძალიან დიდი წარმატება და გამარჯვება საქართველოსთვის და ზამთრის სპორტისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და დიდი შეჯიბრია. მსოფლიო თასის ჩატარება ქვეყანაში ძალიან დიდი ამბავია. საქართველო ჩემმა ძალიან ბევრმა მეგობარმა სპორტსმენმა გაიცნო. საქართველოს სათხილამურო ფედერაცია ძალიან კარგ საქმეს აკეთებს, ბევრს მუშაობს და მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება”, – ამბობს მოთხილამურე ნინო წიკლაური.

სკი-კროსის მსოფლიო ეტაპის დასრულების შემდეგ ბაკურიანში სნოუბორდ-კროსის შეჯიბრებები ჩატარდება. კურორტს 16 სხვადასხვა ქვეყნიდან 160-მდე სნოუბორდისტი ესტუმრება. ტურნირი 3, 4 და 5 მარტს გაიმართება.

გიორგი სანაძე

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend