მთავარისაზოგადოებაიყო ძლიერი და იყო ის, ვინც ხარ ზოგჯერ მარტივი არ არის -...

იყო ძლიერი და იყო ის, ვინც ხარ ზოგჯერ მარტივი არ არის – ლგბტ თემი და მუშაობის შესაძლებლობა

საქართველოში დასაქმებულებს სამუშაო ადგილებზე ბევრი პრობლემა ექმნებათ – მაგალითად არასათანადო პირობები, ზეგანაკვეთური სამუშაო გრაფიკი, დაბალი ანაზღაურება, თუმცა ეს ჩამონათვალი ლგბტ თემის წარმომადგენლებისთვის კიდევ უფრო ვრცელია. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა კვლევა ჩაატარა, სადაც ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად დასაქმება და სამუშაო ადგილებზე სექსუალური უმცირესობების დისკრიმინაციის ფაქტები გამოიკვეთა. უფლებადამცველები ამბობენ, რომ ლგბტ თემის წარმომადგენლები ხშირად იძულებით ტოვებენ სამსახურს.

იყო ძლიერი და იყო ის, ვინც ხარ – ზოგჯერ მარტივი არ არის. ამის გამო შესაძლოა დაგცინონ, დაგჩაგრონ ან სამსახურიდან წასვლა გაიძულონ.

“სამი წელი ვმუშაობდი ტურისტულ სააგენტოში და ხშირად მქონდა ურთიერთობა მძღოლ მამაკაცებთან. განსაკუთრებით, მათი მხრიდან იყო დისკრიმინაციული შეძახილები, და კომენტარები. მაგალითად იმაზე, რომ ვატარებ საყურეს. ასევე, იყო უხერხული კითხვები – პიდარასტი ხომ არ ხარ, კაცები ხომ არ მოგწონს… ასეთი კომენტარების მოსმენა მარტივი არ არის. ეს ძალიან არაკომფორტულია” – ამბობს “თბილისი პრაიდის” წარმომადგენელი მიკო შახდინარიანი.

 
უფლებადამცველები და აქტივისტები ამბობენ, რომ სექსუალური უმცირესობების დიდ ნაწილს საქართველოში რთული სამუშაო პირობები აქვთ და ისინი ხშირად ხდებიან დისკრიმინაციის მსხვერპლი.

“ლგბტ თემის წარმომადგენლებს უწევთ მუდმივი შეურაცხყოფის ატანა, დაცინვა, დამცირება, მათი პირადი ცხოვრების განხილვა – ეს ყველაფერი კი სამსახურში განაპირობებს მტრულ გარემოს, რომელიც ისედაც მძიმე ცხოვრებას ორმაგად უმძიმებს ადამიანებს. თუკი სამსახურში განაცხადებ რომ აღარ გინდა ასეთი შრომა და ხმამაღლა იტყვი ამის შესახებ, გეუბნებიან, რომ ადვილად იპოვიან შენს შემცვლელს” – ამბობს ქვიარ აქტივისტი ბექა გაბადაძე.

ლგბტ თემის პრობლემების გამოსავლენად ადამიანის უფლებების, სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) კვლევა ჩაატარა. კვლევის მიხედვით, სექსუალური უმცირესობები სამუშაო ადგილებზე განიცდიან ძალადობას, მუქარას, სექსუალურ შევიწროებას, შანტაჟს. დისკრიმინაციას კი, უმრავლეს შემთხვევაშ სწორედ თანამშრომლები ახორციელებენ. სამსახურში ლგბტ თემის წარმომადგენლების 30 პროცენტი სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის შესახებ არავისთან საუბრობს.

“მიზეზები, რატომაც ლგბტ თემის წარმომადგენლები მალავენ იდენტობას არის მრავალგვარი. უპირველესი მიზეზი კი არის სამსახურის დაკარგვის შიში. შეიძლება ითქვას, რომ მათ აქვთ წინასწარ განწყობაც – თუკი  მათი იდენტობის შესახებ ინფორმაცია გახდება საჯარო, ისინი დაექვემდებარებიან ან სამსახურიდან გათავისუფლებას ან სხვა სახის სასჯელს” – განმარტავს ადამიანი უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) მკვლევარი ლიკა ჯალაღანია.

სექსუალურ უმცირესობებს საქართველოში ანტიდისკრიმინაციული კანონი იცავს. თუმცა ისინი ხშირად უარს ამბობენ სამართლებრივ გზებს მიმართონ საკუთარი უფლებების დასაცავად. ამას ბევრი მიზეზი აქვს.

“ხშირად  სექსუალურ უმცირესობებს დამსაქმებელი ათავისუფლებს შანტაჟის გზით. ეუბნება, რომ არ გაამხელს ინფორმაციას მისი ორიენტაციის შესახებ, სანაცვლოდ კი მან უნდა დატოვოს სამსახური.  დასაქმებულმა კი უკვე იცის, რომ თუ ის მიმართავს შესაბამის სამართლებრივი დაცვის საშუალებას – იქნება ეს სახალხო დამცველი თუ სასამართლო, მას მოუწევს თავის სექსუალურ ორიენტაციაზე საუბარი, რაც მისთვის სასურველი არ არის” – განმარტავს სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტის უფროსი ქეთი შუბაშვილი.

თავისუფლება, თანასწორობა, სოლიდარობა – ლგბტ თემის წარმომადგენლებს იმედი აქვთ, რომ ეს სიტყვები  მიწისქვეშა გადასასვლელის კედლებზე მხოლოდ წარწერებად არ დარჩება.

ავტორი: ნანუკა მეშველაშვილი

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend