მარიამ ქობულია
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 79 მილიონს გადააჭარბა. მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ქვეყნები შეზღუდვებს ამკაცრებენ, ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი კვლავ მაღალია. ამასთან, ცნობილი გახდა, რომ დიდ ბრიტანეთში კოვიდ -19 -ის კიდევ ერთი, უკვე მეორე ახალი შტამი დადასტურდა, რომელიც სამხრეთ აფრიკიდან გავრცელდა. ამის შესახებ ინგლისის ჯანდაცვის მინისტრმა მეტ ჰენკოკმა გაავრცელა და საზოგადოებას ინფორმაცია დამატებითი შეზღუდვების შესახებაც მიაწოდა.
26 დეკემბერს ინგლისში დამატებით კიდევ მილიონობით ადამიანს მეოთხე დონის მკაცრი შეზღუდვები შეეხება. ამ დღეს, ბრიტანელები, როგორც წესი, ერთმანეთს საჩუქრებს ჩუქნიან. თუმცა სწორედ ამ დღეს დამატებითი შეზღუდვების გამკაცრებით ქვეყნის ხელისუფლება ცდილობს კოვიდის ახალი სახიფათო შტამის გავრცელება მაქსიმალურად შეაჩეროს.
ბრძანება ,,დარჩი სახლში’’ 26 დეკემბრიდან უკვე მოიცავს ნაკლებად მნიშვნელოვანი მაღაზიების დახურვასა და პირადი შეხვედრების მკაცრ შეზღუდვებს, რომლებიც ოჯახის წევრების გარდა, ყველას შეხება.
ჯანდაცვის მინისტრმა მეტ ჰენკოკმა დიდ ბრიტანეთში კოვიდ-19 ის კიდე ერთი ახალი შტამის გავრცელება დაადასტურა, რომელიც სამხრეთ აფრიკიდან გავრცელდა.
,,კოვიდის ეს ახალი შტამი ძალიან გვაშფოთებს, რადგან იგი უფრო გადამდებია და, როგორც ჩანს, მას უფრო მეტად აქვს მუტაცია განცდილი, ვიდრე იმ ახალ შტამებს, რომლებიც ადრე აღმოვაჩინეთ. ჩვენ მივიღეთ შემდეგი ზომები: პირველი, ინფიცირებულები და ისინი, ვისაც მათთან ახლო კონტაქტი ჰქონდა, კარანტინის რეჟიმში გადავიყვანეთ. მეორე, ჩვენ ვაწესებთ შეზღუდვებს სამხრეთ აფრიკიდან ბრიტანეთში მოგზაურობასთან დაკავშირებით,’’ – განაცხადა ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა.
ბრიტანეთის მიერ კოვიდ 19-ის ახლად აღმოჩენილი შტამი, რომელიც ძირითადად ინგლისის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში ვრცელდება, უკვე დადასტურდა დანიაში, იტალიაში, ნიდერლანდებსა და ავსტრალიაშიც.
საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, სავსებით შესაძლებელია რომ კორონავირუსის ახალი სახეობა უკვე გავრცელებული იყოს საფრანგეთში, თუმცა ჯერ ოფიციალურად ახალი შტამით ინფიცირების შემთხვევა არ დადასტურებულა.
იტალიაში წლის განმავლობაში კორონავირუსმა 70 ათასზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. ამ მაჩვენებლით იგი მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა, ევროპაში კი – პირველზე. დღეისათვის ქვეყანაში ვირუსის მსხვერპლთა ზუსტი რაოდენობა 70 395-ს შეადგენს. იტალიაში ქვეყნის მთელი ტერიტორიის მასშტაბით იწყება მორიგი მკაცრი კარანტინი და ხელისუფლება კიდევ ერთხელ ცდილობს შეაჩეროს კორონავირუსის გავრცელების მაღალი ტემპი, რომელიც, სავარაუდოდ, დღესასწაულების აღნიშვნას უკავშირდება.
საბერძნეთში კი ქვეყნის ხელისუფლება ემზადება მასობრივი ვაქცინაციის პროგრამის განსახორციელებლად. კომპანია „ბიონტეკმა“ უკვე ვაქცინის 12.5 მილიონი დოზა დაამზადა. ევროპის ქვეყნები უკვე იწყებენ ვირუსის მიმართ ყველაზე დაუცველი მოსახლეობის ვაქცინაციას. ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა მომავალ დღეებში დაიწყებს ვაქცინაციას, დანარჩენი ქვეყნები კი – ახალი წლის დასაწყისიდან.