მთავარიCOVID-19ეკონომიკის მინისტრი: „ვიზეარი“ გაზაფხულიდან ქუთაისში ბაზას აღადგენს და ახალ მიმართულებებსაც შემოგვთავაზებს

ეკონომიკის მინისტრი: „ვიზეარი“ გაზაფხულიდან ქუთაისში ბაზას აღადგენს და ახალ მიმართულებებსაც შემოგვთავაზებს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას ინფორმაციით, უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია “ვიზეარი” გაზაფხულიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბაზისა და 40-მდე ავიამიმართულების აღდგენას აპირებს. “ვიზეარი” ახალი მიმართულებების დამატებასაც გეგმავს. ეს განცხადება ნათია თურნავამ „ევრონიუს ჯორჯიას“ ეთერში გააკეთა. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ამბობს, სხვა ავიაკომპანიებიც  მზად არიან, რომ გაზაფხულიდან საქართველოში ავიამიმოსვლა აღადგინონ.

„პრინციპში, არც ერთ ავიაკომპანიას არ უთქვამს, რომ ის ტოვებს საქართველოს ბაზარს. პირიქით, ვისაც ჰქონდა დროებით შეწყვეტილი  ან შემცირებული რეისები, ყველა აცხადებს მზადყოფნას, რომ გაზაფხულიდან სრული მასშტაბით განაახლოს ფრენა. მაგალითად, ერთ-ერთია  ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი,  უნგრული დაბალბიუჯეტიანი კომპანია „ვიზეარი“, რომელიც აცხადებს, რომ  გაზაფხულიდან აღადგენს  დროებით გაუქმებულ ბაზას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში  და მზად არის ეტაპობრივად დაიწყოს ფრენა  40-მდე მიმართულებით. ასევე,   ახალი მიმართულებებიც შემოგვთავაზოს.“- განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ გადაცემაში „ამბები ამ საღამოს“.

14 დეკემბერს, ეკონომიკის სამინისტროს საქმიანობის ერთი წლის შეჯამებისას, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ 2021 წლის თებერვლიდან საქართველოში საერთაშორისო ავიამიმოსვლა სრულად აღდგება,  „ევრონიუს ჯორჯიას“  ეთერში  სტუმრობისას კი განმარტა, რომ  საერთაშორისო ფრენა 2020 წლის ივლისიდან ეტაპობრივად აღდგა, თუმცა პანდემიის მეორე ტალღიდან გამომდინარე, მოთხოვნა ავიაბაზარზე დაბალია.

„ივლისიდან ჩვენ დავიწყეთ რეგულარული ფრენის აღდგენა. ბევრი მიმართულებით უკვე აღდგენილიც  გვაქვს, თუმცა,  თვითონ ეს მეორე ტალღა  ავიამიმოსვლაზე მოთხოვნას ამცირებს  და აქედან გამომდინარე, ფრენა  არ ხორციელდება. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ უკვე თებერვლის თვიდან  შევძლებთ ფრენის სრულად აღდგენას – გამომდინარე იქიდან, რომ მსოფლიოში ტესტირების შესაძლებლობები იზრდება, ვაქცინაციაც იწყება, ქვეყნებმა ისწავლეს, თუ რა შიდა შეზღუდვების ზომები შეიძლება მიიღონ საჭიროების შემთხვევაში. ზოგადად, რეგულარული ფრენის შეზღუდვა აღარ არის აქტუალური მობილობის შესამცირებლად. უფრო მიშვნელოვანია ის უსაფრთხოების ზომები, რასაც ავიაკომპანიები იღებენ, ის ზომები, რასაც ჩვენ საზღვარზე ვიღებთ და ამ თვალსაზრისით, ვფიქრობთ, რომ შესაძლებელი იქნება ამ ნაბიჯის გადადგმა”, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით,  „ვიზეარის“ გარდა სხვა ავიაკომპანიებიც  მზად არინა, რომ  რეგულარული ავიარეისები საქართველოს მიმართულებით გაზაფხულიდან აღადგინონ.

სოფო მაქაცარია

უახლესი

სხვა ამბები

00:01:44

უცნობი ვალსი

spot_imgspot_img
Send this to a friend