აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში ხანგრძლივი საუბარი დაეთმო იმას, თუ როგორ აწარმოებს რუსეთი და ჩინეთი ევროპაში ფარულ ომს. შტატებში თვლიან, რომ ჰიბრიდული ტაქტიკა, რომელიც ვაშინგტონის მოკავშირე ევროპაში გამოიყენება არა მხოლოდ ევროპის, არამედ ამერიკის სტრატეგიული ინტერესების წინააღმდეგაა მომართული.
„ჩრდილოვანი ომი” – ასე დაასათაურეს ამერიკელებმა პროცესი, რომელიც პეკინისა და მოსკოვის მხრიდან ტრადიციულ სამხედრო ზეწოლაში არ ვლინდება, არამედ მრავალგანზომილებიან კამპანიას წარმოადგენს. მიზანი ერთია, დასავლური ცხოვრების წესისთვის ძირის გამოთხრა, ტრანსატლანტიკური ერთობის შესუსტება, რათა ამერიკას გავლენისა და მოქმედების არეალი შეუსუსტდეს.
„ქალბატონებო და ბატონებო, ჩვენ ვართ ომში. მსოფლიო მეხუთე თაობის ომის ახალ ეპოქაში აბიჯებს. მავნე აქტორებს, რუსეთის ფედერაციასა თუ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას არ აჩერებს არაფერი აშშ-სა თუ მისი მოკავშირეებისთვის ძირის გამოთხრის საქმეში. წესები ჩვენ თვალწინ იცვლება, ჰიბრიდული ტაქტიკა სრულადაა მობილიზებული. ევროპის მასშტაბით მთავრობები აწყდებიან ახალ საფრთხეებს, რომლებიც აქამდე წარმოუდგენლად გამოიყურებოდა: საჰაერო სივრცის დარღვევის, მიგრაციის იარაღად გამოყენების, საბოტაჟისა თუ კიბერშეტევებით. ამ ყველაფრის ფონზე დასკვნა მარტივია – ჩვენ ვართ ომში, მიუხედავად იმისა, რომ ეს იურიდიული გაგებით არაა გამოცხადებული.
რა არის ჰიბრიდული ომი, რა არის ეს ახალი საფრთხეები? ნატოზე დაყრდნობით, ესაა სამხედრო და არასამხედრო, ღია თუ დაფარული კომბინაცია, მათ შორის დეზინფორმაციის გამოყენებით. კიბერშეტევა, ეკონომიკური ზეწოლა, არარეგულარული შეიარაღებული ძალების გამოყენება, რეგულარული ძალების ჩართულობა. ჰიბრიდული მოდელები გამოიყენება, რათა წაშალოს ხაზი მშვიდობასა და ომს შორის, გააჩინოს ეჭვი სამიზნე მოსახლეობაში. ეს მიზნად ისახავს საზოგადოებების დესტაბილიზაციასა და ძირის გამოთხრას. რუსეთისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მიერ გამოყენებული სტრატეგია გულისხმობს დიპლომატიურ, საინფორმაციო, სამხედრო და ეკონომიკურ საშუალებებს ნატოს წევრი ქვეყნების, ინსტიტუტებისა თუ საზოგადოებების დასაშინებლად, მათი შევიწროებისა და დესტაბილიზაციის მიზნით.
რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში, მოსკოვისა და პეკინის სტრატეგიები მხოლოდ გაიზარდა, გართულდა და გახდა უფრო გამძლე ევროპაში. უმნიშვნელოვანესია ამ ქვეკომიტეტმა მოახდინოს ახალი საფრთხეების იდენტიფიცირება და ანალიზი, რათა უზრუნველყოს უსაფრთხო ხვალინდელი დღე. დასავლური ცივილიზაციის თითოეულ ერს უნდა ესმოდეს, ჩინეთის შემოსვლის მასშტაბი და სიღრმე ჩვენს ეროვნულ თავდაცვის ინფრასტრუქტურაში და ის, თუ რამდენად აკონტროლებს ჩინეთი სიტუაციას. იმედია, დასავლეთის სუვერენულ ერებს ესმით ეს საფრთხე. ახლა ჩვენ უნდა დავაჩქაროთ პროცესი, დასავლეთის ჩინური გავლენისგან გასათავისუფლებლად ”, – აღნიშნა კიტ სელფმა, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრმა „რესპუბლიკური პარტიიდან”.
„რუსეთისა და ჩინეთის ჰიბრიდული ომი ევროპაში წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ხელშესახებ საფრთხეს ტრანსატლანტიკური ერთობისთვის საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. რუსეთისა და ჩინეთის ტაქტიკები არახალია, თუმცა უფრო გამძლე. მიმდინარე კვირას MI6-მა დიდი ბრიტანეთიდან გაგვაფრთხილა რუსული საფრთხეების შესახებ დასავლეთში. მას შემდეგ, რაც დემოკრატიულმა სისტემამ აჩვენა სარგებელი და უსაფრთხოებითმა ალიანსებმა აჩვენეს შეკავების ეფექტურობა, რუსეთი და ჩინეთი სწრაფ მეგობრებად იქცნენ, განაახლეს საკუთარი ტაქტიკა.
ისინი იყენებენ სუსტ წერტილებს, ახდენენ პოლიტიკური დისკურსის მანიპულირებასა და ძირს უთხრიან ტრანსატლანტიკურ ღირებულებებს. მოსკოვსა და პეკინს სურთ ძირი გამოუთხარონ ევროპულ უსაფრთხოებას, იყენებენ ხელშესახებად განსხვავებულ ტაქტიკას მიზნების მისაღწევად, მულტიპოლარულ სამყაროში პატივისცემისა და ლიდერობის მოპოვების სურვილის პარალელურად. პეკინი ძირს უთხრის ევროკავშირის უსაფრთხოებას ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობით უნგრეთსა და სერბეთთან. კრემლის არალეგალურმა შეჭრამ უკრაინაში კი აჩვენა, რომ მოსკოვის ტაქტიკა ჰიბრიდულ თავდასხმას სცდება. 12-წლიან კონფლიქტს ვლადიმერ პუტინმა ევროპისა და ნატოს წინააღმდეგ ჰიბრიდული თავდასხმა დაამატა.
ბოლო თვეებში 20 რუსული დრონი შეფრინდა პოლონეთის ტერიტორიაზე, რითაც გააფერმკრთალა ზღვარი ჰიბრიდულ და სამხედრო თავდასხმას შორის. პოლიტიკურ დონეზე კი კრემლს აქვს მჭიდრო მეგობრული კავშირები ულტრამემარჯვენე პარტიებთან მოლდოვაში, რუმინეთში, გერმანიაში – ვინც შეგნებულად თუ შეუგნებლად განახორციელებს კრემლის ბრძანებებს. ეს არ შემოიფარგლება ევროპით, გასულ კვირას კალიფორნიის სასამართლომ გამოავლინა რუსები, რომლებმაც აშშ-ის 5 შტატში კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე განახორციელეს დარტყმა. ფაქტობრივად დღეს, რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან აფილირებული ჯგუფი, რომელიც დიდი ხანია მიჩნეულია ФСБ-ის საფარველად, კონგრესში იმყოფება და ცდილობს შეხვედრებს კონგრესის წევრებსა და მათ თანამშრომლებთან, რათა გაავრცელოს ცრუ ნარატივი რელიგიური დევნისა და შევიწროების შესახებ. სამწუხაროდ, მოსკოვისა და პეკინის ჰიბრიდულ ტაქტიკაზე პასუხის ნაცვლად, ტრამპის ადმინისტრაცია დაუახლოვდა მათ. ეს კი ამერიკას ნაკლებად უსაფრთხოს, ნაკლებად ძლიერსა და ნაკლებად აყვავებულს ხდის”, – ამბობს ბილ კიტინგი, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრი „დემოკრატიული პარტიიდან”.
ომსა და მშვიდობას შორის წაშლილი ზღვრით, კრემლი მუდმივი დაპირისპირების რეჟიმში იმყოფება, ასე რომ მარტივად პოულობს ყველაზე მოწყვლად ადგილებს, რათა ევროპულ დემოკრატიებზე დარტყმისთვის გამოიყენოს – თვლიან მკვლევრები, რომლებიც
თემაზე სამსჯელოდ კონგრესში მიიწვიეს. ისინი ჩინეთისა და რუსეთის ჰიბრიდულ მანევრებზე წლებია მუშაობენ, შესაბამისად, კონკრეტულ ინფორმაციას ფლობენ იმის შესახებ, თუ რა ტაქტიკას მიმართავს მოსკოვი და პეკინი ევროპაში, რაზე აკეთებენ აქცენტს და რაზე აქვთ გათვლა. მათი მთავარი რეკომენდაციაა, აშშ-მა არ იყოყმანოს და მავნე ზეწოლას პასუხი გასცეს, მასთან უბიძგოს ევროპულ ქვეყნებს, გააქტიურონ ძალისხმევა, რათა პროცესი უფრო სერიოზულად დაინახონ. ეს იმიტომ რომ ექსპერტთა მოსაზრებით, ქვეყნების ნაწილს არ აქვთ გააზრებული რომ ომში არიან, როდესაც კრემლისთვის ეს ცხადი სურათია.
„2022 წლის შემდეგ ჩვენ ვიხილეთ რუსული საბოტაჟის 100 შემთხვევა ევროპაში. მაგალითად, სარკინიგზო გზების დაზიანება, კიბერშეტევა ფიზიკური ეფექტით, აფეთქება ქარხნებში, მკვლელობის მცდელობა, მათ შორის რუსული დრონებით ნატოს წევრ სახელმწიფოებში შეჭრა. ევროპაში ჰიბრიდული ომის გათვლები ჩადებულია იმ კონვენციურ ომში, რომელსაც ის უკრაინის წინააღმდეგ აწარმოებს. მოკლევადიანი მიზანია, შეამციროს უკრაინის მხარდაჭერა ევროპაში შიშის საფუძველზე, გრძელვადიანი კი ნატოს დანაწევრება, რომ მისი ეფექტურობა შემცირდეს. რუსეთის საინფორმაციო სტრატეგია იყენებს რუსეთის მხრიდან ძალის გამოყენებაზე დამყარებულ საფრთხეებს – ამაზე საპასუხოდ ჩვენი მხრიდან ყოყმანი რუსეთს მეტი ესკალაციის საფუძველს გაუჩენს. უნდა ვაჩვენოთ, რომ ვიცით, რის გაკეთებას ცდილობს და წარმატებას ვერ მიაღწევს. ეს კი ნიშნავს უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერასა და ნატოსთან მჭიდრო თანამშრომლობას.
აშშ-ის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერის ევროპისთვის მინდობა იყო რუსეთის სტრატეგიის სასარგებლოდ თამაში, ჩვენ ამით ავიღეთ რისკი, რადგან მხოლოდ ევროპული მხარდაჭერა პუტინის მიზნების ასრულებას ხელს ვერ შეუშლის. თუ რუსეთი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, მას შეეძლება, მისდიოს საკუთარ ამბიციებს ნებისმიერ ადგილას ევროპაშიც, ჰიბრიდული ომის მიღმაც. რუსეთისა და ჩინეთისგან მომდინარე საფრთხეები ურთიერთგადაჯაჭვულია. რუსეთი ახლა დამოკიდებულია ჩინეთზე და ჩინეთს აქვს ინტერესი ნახოს რუსეთის გამარჯვება უკრაინაში. სტრატეგიულ დონეზე ჩინეთს სურს, დაინახოს დასავლეთის პასუხი რუსეთის ქმედებებზე, თუ ის დააჯილდოებს რუსეთის აგრესიას, რა პოზიცია ექნება აშშ-ს. ჩინეთი, ირანი, ჩრდილოეთ კორეა სწავლობენ რუსეთის გამოცდილებით ამ ომში. ამ ავტორიტარულ კვარტეტს მხოლოდ ერთი სურვილი ამოძრავებს, ნახონ აშშ-ს ძალის დეგრადაცია”, – აღნიშნა წარმომადგენელთა პალატაში მოსმენისას ლაურა კუპერმა, რომელიც ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის პროფესორია.
„თუ პეკინი გააფერმკრთალებს, ან გატეხს ტრანსატლანტიკურ ერთობას, ის გაიუმჯობესებს საკუთარ შანსებს მომავალში ტაივანის საკითხთან დაკავშირებით. ეს იმიტომ, რომ ამერიკის ლიდერობით ნებისმიერი პასუხი იქნება უფრო ნელი, ვიწრო და ჩინეთისთვის მარტივად დასაძლევი. ჩინეთის ჰიბრიდული კამპანია ევროპაში სამ ძალისხმევას ეყრდნობა: შეჭრა, წინასწარი პოზიციონირება და ზეწოლა. შეჭრის სამიზნეა ევროპის პოლიტიკური თუ ინფორმაციული სივრცეები, წინასწარი პოზიციონირება კი ეხება ჩინურ კომპანიებს პორტებში, ლოგისტიკურ დერეფნებში, ტელეკომუნიკაციებში, საინფორმაციო ცენტრებში, განახლებადი ენერგიის მიწოდებაში, რითაც ხელოვნურად იქმნება სტრატეგიული დამოკიდებულება. ზეწოლა კი გულისხმობს არაფორმალურ სავაჭრო ბლოკადას, სანქციებთან ბრძოლას, ბაზარზე წვდომის რისკები, მაშინ როდესაც ევროპა პეკინის წითელ ხაზებს გადაკვეთს.
ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, როდესაც ჩინეთი რუსეთის ომის მანქანის სასიცოცხლო კომპონენტია. ერთად რუსეთი და ჩინეთი აწარმოებენ ურთიერთსასარგებლო ჰიბრიდულ სტრატეგიას. რუსეთი ეყრდნობა ღია აგრესიას და უხეშ დეზინფორმაციას, პეკინი კი ამჯობინებს ნელ, მომთმენ ქმედებებს, უფრო მსუბუქი გავლენითა და ეკონომიკური ბერკეტებით, რომელიც მშვიდობისა და პარტნიორობის მოტივშია გახვეული. მიზანი ერთია – შეარყიოს რწმენა, დაანაწევროს ალიანსები, დასავლეთის დაცემის ნარატივის ნორმალიზება”, – ამბობს კრეგ სინგელტონი, ჩინეთის პროგრამის უფროსი დირექტორი დემოკრატიის დაცვის ფონდში.
„ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის” ვიცე-პრეზიდენტმა კრისტოფერ ვოლკერმა მსჯელობისას გაიხსენა საქართველოსა და უკრაინაზე რუსული თავდასხმა, რის შემდეგაც, მისი თქმით, ქვეყნებს ნატოს წევრობის არჩევანზე უარი ეთქვათ. ზოგადად, რუსული ტაქტიკა კი იმისკენაა მომართული, რომ ნატოს წევრებზე თავდასხმა ისე განხორციელდეს, რომ არ მოხდეს ალიანსის მე-5 მუხლის ამოქმედება, ან პირდაპირი სამხედრო ესკალაცია. ამისათვის პროცესში ჩახედული მკვლევრები ამბობენ, რომ კრემლი საიდუმლო და ძნელად იდენტიფიცირებად ოპერაციებს მიმართავს.
„არსებობს უთანხმოება იმის ირგვლივ, რომ ევროპამ უნდა იზრუნოს მეტ საკუთარ უსაფრთხოებაზე. ეს არაა იმის საპირისპირო, რომ ევროპასთან უფრო ახლო თანამშრომლობა გქონდეს. დავასაბუთებდი, რომ შევხედოთ ნატოს მიღმა არსებულ ევროპულ ქვეყნებს, რომლებიც რუსული აგრესიის სამიზნეები იყვნენ ბოლო 2 ათწლეულის განმავლობაში. ვლადიმერ პუტინს უდავოდ აქვს ინტერესები ბალტიის სახელმწიფოებში, თუმცა ჯერ მათზე თავდასხმა საჭიროდ არ ჩათვალა, მან საჭიროდ მიიჩნია თავდასხმა საქართველოსა და უკრაინაზე, ორივე მათგანს ჰქონდა ნატოს წევრობის ამბიცია და ორივეს უარი ეთქვა ამ არჩევანზე. ნებისმიერ სხვა შემთხვევებში კი ქვეყნები ნატოს წევრები ხდებოდნენ ნებაყოფლობით. ასე რომ ეს უფრო ფართო დისკუსიის ნაწილია, თუ როგორ მივაღწიოთ მშვიდობას ძალის გზით, რადგან ვლადიმერ პუტინს მხოლოდ ძალის ენა ესმის.
რაც ხდება, საფრთხეს უქმნის აშშ-ის ეროვნულ ინტერესებს, მათ შორის მის სტრატეგიული გავლენას. ეს არაა აბსტრაქცია, ესაა სისტემატური ძალისხმევა ჩინეთისა და რუსეთის მხრიდან, რომელიც თავისუფალი საზოგადოებების წინააღმდეგაა მიმართული, იმ ამბიციური დიქტატორების მხრიდან, რომლებიც საკუთარი ხალხის ძირითად უფლებებსაც კი უარყოფენ. სწორედ ასე ავიწროებს ჩინეთის კომუნისტური პარტია ქვეყანაში განსხვავებულ აზრს, რუსეთთან ერთად ეს ორი ძალა წარმოადგენს ყველაზე რეპრესიულ რეჟიმებს. ანადგურებენ თავისუფალ სიტყვას სახლში და ექსპორტზე გააქვთ ეს ხელსაწყოები უკვე ფარგლებს გარეთ.
ჩვენი ანალიზის მიხედვით, რუსეთის მთავარი წუხილი არა ეროვნული უსაფრთხოება, არამედ არსებული რეჟიმის შენარჩუნება და გაგრძელებაა. რუსეთის ლიდერებს სჯერათ, რომ ისინი უკვე არიან ომში დასავლეთთან, დასავლური დემოკრატიები კი ჯერ კიდევ არ უყურებენ საკითხს ამ ჭრილში. რუსეთის ხელმძღვანელობას ესმის, რომ ამჟამად ევროპას პირდაპირ ვერ შეებრძოლება, ასე რომ მისდევს ჩრდილოვან ომს, მეტოქესთან ღია ომში შესვლის გარეშე – ამის ნაცვლად ის კონფრონტაციის, დესტაბილიზაციისა და მანიპულაციის გზას მიმართავს. ეს არაა შემთხვევითობა, ესაა სტრატეგია – ავტორიტარულ ძალებს აქვთ საერთო ინტერესი – ჩინეთი და რუსეთი აძლიერებენ ერთმანეთს”, – ამბობს კრისტოფერ ვოლკერი, „ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის” ვიცე-პრეზიდენტი.
ელიან, რომ მავნე ოპერაციები ევროპაში უკრაინაში ომის დასრულების შემდეგაც გაგრძელდება, რადგან ეს კრემლის გრძელვადიანი ტაქტიკის ნაწილია – თვლიან მკვლევრები, შესაბამისად, მოუწოდებენ ვაშინგტონს, მტკიცედ დადგეს ევროპელი მოკავშირეების გვერდით, რადგან თუ ევროპა შესუსტდება, შენელდება აშშ-ის ნაბიჯებიც, რაც რუსეთის შეკავების ათწლეულებიან მცდელობას წყალში ჩაყრის.

