კატეგორიები

დონალდ ტრამპმა BBC-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა

დონალდ ტრამპმა BBC-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა BBC-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა და 5 მილიარდ დოლარს (დაახლოებით 3.7 მილიარდი ფუნტი სტერლინგის) ითხოვს. მიზეზი მისი 2021 წლის 6 იანვრის გამოსვლის რედაქტირებული ვერსიაა, რომელიც BBC-ის დოკუმენტურ გადაცემაში „პანორამა“ გავიდა..

ფლორიდაში შეტანილი სასამართლო დოკუმენტების მიხედვით, ტრამპი მაუწყებელს ცილისწამებასა და სავაჭრო პრაქტიკის შესახებ კანონის დარღვევაში ადანაშაულებს.

BBC-მ გასულ თვეში პრეზიდენტს ბოდიში მოუხადა, თუმცა უარყო კომპენსაციის მოთხოვნა და განაცხადა, რომ საქმეში „ცილისწამების სარჩელის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს“.

ტრამპის იურიდიული გუნდის მტკიცებით, BBC-მ პრეზიდენტის გამოსვლა „განზრახ, ბოროტად და მოტყუებით გააყალბა“, რითაც მისი რეპუტაცია შელახა. BBC-ს სარჩელზე ოფიციალური პასუხი ჯერჯერობით არ გაუცია.

ტრამპმა სარჩელის შეტანის განზრახვა ჯერ კიდევ გასულ თვეში დააანონსა. საქმე ეხება დოკუმენტურ ფილმს, რომელიც დიდ ბრიტანეთში 2024 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე გავიდა ეთერში.

„ვფიქრობ, ეს უნდა გავაკეთო“, – განაცხადა ტრამპმა ჟურნალისტებთან. „მათ მოატყუეს საზოგადოება. მათ შეცვალეს ჩემი სიტყვები“.

2021 წლის 6 იანვარს, კაპიტოლიუმში არეულობის დაწყებამდე, ტრამპმა შეკრებილ მხარდამჭერებს უთხრა:
„ჩვენ კაპიტოლიუმში მივალთ და ჩვენს მამაც სენატორებსა და კონგრესმენებს მხარდაჭერას გამოვუცხადებთ“.

გამოსვლიდან დაახლოებით 50 წუთის შემდეგ კი დაამატა:
„და ჩვენ ვიბრძოლებთ. ჯოჯოხეთურად ვიბრძოლებთ“.

თუმცა „პანორამაში“ ეს ფრაზები ისე იყო დამონტაჟებული, თითქოს ტრამპი ამბობდა:
„ჩვენ კაპიტოლიუმში ჩავალთ… მე თქვენთან ერთად ვიქნები. და ჩვენ ვიბრძოლებთ. ჯოჯოხეთურად ვიბრძოლებთ“.

BBC-მ მოგვიანებით აღიარა, რომ ასეთმა მონტაჟმა „არასწორი შთაბეჭდილება შექმნა“, თითქოს ტრამპმა „პირდაპირი მოწოდება გააკეთა ძალადობრივი ქმედებებისკენ“, თუმცა მაუწყებელი არ ეთანხმება ცილისწამების ბრალდებას.

ნოემბერში BBC-ის შიდა დოკუმენტებმა გაჟონა, რომელშიც მკაცრად იყო გაკრიტიკებული გამოსვლის რედაქტირების მეთოდი. სკანდალს შედეგად მოჰყვა BBC-ის გენერალური დირექტორის, ტიმ დეივის, და საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის, დებორა ტერნესის გადადგომა.

სარჩელის შეტანამდე BBC-ის იურისტებმა ტრამპის ბრალდებებს ვრცელი წერილობითი პასუხი გასცეს. მათი განცხადებით, მონტაჟი ბოროტი განზრახვით არ გაკეთებულა და გადაცემას ტრამპისთვის ზიანი არ მიუყენებია, რადგან იგი მალევე ხელახლა აირჩიეს პრეზიდენტად.

Related news
პაკისტანისა და ავღანეთის ძალებს შორის, საზღვრისპირა რეგიონებში შეტაკებებია „მნიშვნელოვან პროგრესი“ - დასრულდა აშშ-ირანის მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდი
სხვა ამბები