კატეგორიები

ევროპა ვაშინგტონის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიას კრიტიკით შეხვდა

ევროპა ვაშინგტონის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიას კრიტიკით შეხვდა

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ახალ სტრატეგიას ევროპაში კრიტიკით შეხვდნენ, არა იმდენად მისი საერთო პათოსის, არამედ  მისი ევროპული ნაწილის გამო. 33-გვერდიან დოკუმენტში ვაშინგტონის მოკავშირე ევროპა სუსტ გეოპოლიტიკურ აქტორადაა წარმოჩენილი, რომლის მედეგობასაც ამერიკის მხრიდან გაძლიერება სჭირდება. ამასთან თეთრი სახლის ხედვით ევროპაში არსებული საემიგრაციო პრობლემები კონტინენტს იდენტობის დაკარგვით ემუქრება, აღებული ტრაექტორია კი განადგურებას უქადის. თუ ამას ევროპაში სიტყვის თავისუფლებისა და დემოკრატიის ჩახშობის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ძველ ბრალდებებს დავუმატებთ, ბრიუსელის უკმაყოფილება ნათელია. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ვაშინგტონს შეახსენა, რომ ევროპის საქმეების განკარგვა მხოლოდ ევროპელების კომპეტენციაა.

„ჩვენ გვაქვს განსხვავებული ხედვები მსოფლიოსთან დაკავშირებით. მართალია, რომ აშშ-ის ახალი სტრატეგია საუბრობს ევროპაზე როგორც მოკავშირეზე, რაც კარგია, მაგრამ თუ მოკავშირე ხარ, მოკავშირის მსგავსად უნდა იმოქმედო. მოკავშირეები კი არ არიან საფრთხე ერთმანეთის საშინაო პოლიტიკაში ჩარევის თვალსაზრისით. ჩვენ პატივს ვცემთ მათ, პატივს ვცემთ ერთმანეთის სუვერენობას. უდავოა, ზოგიერთი ევროპელი არ იზიარებს ამერიკის ხედვებს სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. ეს ბუნებრივია, რომ არც ისინი იზიარებენ ზოგიერთ ჩვენს ხედვას. მაგრამ მიუღებელია ევროპის პოლიტიკაში ჩარევა. აშშ ვერ ჩაანაცვლებს ევროპელ მოქალაქეებს იმის არჩევაში, თუ რომელია სწორი და რომელია არასწორი პარტია. აშშ ვერ ჩაანაცვლებს ევროპას გამოხატვის თავისუფლების თვალსაზრისით. ისტორიამ გვასწავლა, რომ არ არსებობს გამოხატვის თავისუფლება ინფორმაციული თავისუფლების გარეშე. ეს კი ითხოვს პლურალიზმის პატივისცემას”, – აღნიშა ანტონიო კოშტამ.

საკუთარი პოზიციები ევროპასთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტმა ეროვნული სტრატეგიის გარდა Politico-სთან ინტერვიუშიც განავრცო. ვრცელ ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ ევროკავშირისა და ნატოს ამჟამინდელი შემადგენლობა მისთვის მოსაწონია და მტერს ევროპულ ბლოკში ვერ ხედავს, თუმცა მისი თვალით დანახულ ევროპის სუსტ წერტილებზე ღიად ისაუბრა, ისევე როგორც იდეოლოგიურ სხვაობებზე.

„თუ ევროპას სურს უკრაინის მხარდაჭერა, უნდა დაუჭიროს კიდეც მხარი. მე მომწონს ევროპა. იქ არ მყავს მტერი, ამჟამინდელი შემადგენლობა ძალიან მომწონს. მათ მართლა კარგად ვიცნობ, ზოგიერთი ჩემი მეგობარია, ზოგს არა უშავს. ვიცნობ კარგ ლიდერებს, ცუდ ლიდერებს, ჭკვიანებსაც და სულელებსაც – ასეთებიც არიან. მაგრამ ევროპა ბევრი გაგებით არ აკეთებს კარგ საქმეს. ისინი ზედმეტად ბევრს საუბრობენ და არ მოქმედებენ – ეს ეხება უკრაინასაც. ომი კი გრძელდება და გრძელდება – უკვე 4 წელია ასეა, ვიდრე მოვიდოდი, მაშინ დაიწყო, ეს ჩემი ომი არ არის, ეს ბაიდენის ომია. მე ეს მაწუხებს მხოლოდ იმიტომ, რომ არ მომწონს ახალგაზრდა და ლამაზი ადამიანების სიკვდილის ყურება. ევროპა სულ სხვა ადგილად იქცა, ჩემი აზრით, ახლო ხანში ბევრი ევროპული ქვეყანა აღარ იქნება სიცოცხლისუნარინი. მათი საემიგრაციო პოლიტიკა კატასტროფაა, ჩვენც გვქონდა ასეთი სიტუაცია, მაგრამ ასე აღარაა.

ევროპაში მსოფლიოს ყველა ადგილიდან ჩადიან, არა მხოლოდ ახლო აღმოსავლეთიდან, კონგოდან და კონგოსა და სხვა ქვეყნების ციხეებიდან. რაღაც მიზეზით, მათ სურთ იყვნენ პოლიტკორექტულები, არ სურთ ამ ადამიანების უკან გაგზავნა. შეხედეთ პარიზს, სულ სხვა ქალაქია, ლონდონს შეხედეთ, საშინელი მერი ჰყავთ გვარად ხანი. მიყვარს ლონდონი და მეზიზღება ამის ყურება. ჩემი ფესვები ევროპიდანაა და მძულს ამის ყურება. მე არ მინდა ევროპის მართვა, მე აშშ-ს ვმართავ. ნატო მამას მეძახის, 2 დან 5%-მდე ავიყვანე მათი მთლიანი შიდა პროდუქტი თავდაცვისთვის. ევროპა ნადგურდება. მე მხარი დავუჭირე ისეთ ადამიანებს ევროპაში, რომლებიც ევროპელებს არ მოსწონთ, ასეთი იყო ვიქტორ ორბანი, ის ქვეყანაში არ უშვებს არავის, პოლონეთი კარგად მუშაობს ამ მხრივ. სამხრეთ ამერიკაში კი მილეის დავუჭირე მხარი, რომელიც მანამდე არგენტინაში აგებდა არჩევნებს.

მე ევროპასთან კარგი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ ამის უფლებას არ უნდა აძლევდნენ თავს, რადგან მივლენ წერტილამდე, სადაც ვეღარაფერს შეცვლიან. ეს კი ნიშნავს, რომ აღარ იქნებიან ძლიერი ერები. ვფიქრობ, სუსტები არიან. ვფიქრობ, არ იციან, რა გააკეთონ, მათ შორის ვაჭრობაში. ევროპას ასუსტებს პოლიტკორექტულობის სურვილი. ვთვლი არალეგალურად ადამიანების შეშვება უნდა შეწყვიტონ. მე მხოლოდ მსურს ძლიერი ევროპა ვიხილო. როდესაც მილიონობით ადამიანს უშვებენ ქვეყანაში და ისინი ჩადიან დანაშაულს – ეს არასწორია – შეხედეთ შვედეთს, გერმანიას, იქ კრიმინალი არ არსებობდა. ვთვლი, ანგელამ 2 შეცდომა დაუშვა –  მიგრაციასა და ენერგეტიკასთან დაკავშირებით. ვთვლი, რომ რუსეთი ისურვებდა სუსტი ევროპის ხილვას. მე მაქვს ხედვა აშშ-სა და არა ევროპაზე. მე უბრალოდ მინდა ძლიერი ევროპა დავინახო, მე მაქვს თვალი და ყური და ცოდნა, ვხედავ, რაც ხდება. ეს კი საშინელებაა, რაც ევროპაში ხდება  და ევროპელებმა რამე უნდა გააკეთონ ამასთან დაკავშირებით”, – თქვა Politico-სთან ინტერვიუში დონალდ ტრამპმა.

ვაშინგტონში თვლიან, რომ თუ ევროპაში გარდამტეხი იდეოლოგიური ცვლილებები არ მოხდა, 20 წელიწადში კონტინენტის ცნობა შეუძლებელი გახდება. ამ მხრივ შტატები ცდილობს, უბიძგოს ევროპას, აიღოს მეტი პასუხისმგებლობა თავის თავდაცვაზე, ასევე გახსნას ბაზარი ამერიკული პროდუქციისთვის. სტრატეგიამ ნათელი გახადა, რომ თეთრი სახლი ევროპის ულტრამემარჯვენე ძალების მხარდამჭერია, რომლებიც მათთვის საერთო სტრატეგიას უფრო მეტად შეესაბამებიან. ახალ უსაფრთხოებით სტრატეგიას ეხმაურებიან გერმანიაშიც, სადაც რამდენიმე თვის წინ ერთ დროს დონალდ ტრამპის პარტნიორმა, ილონ მასკმა ამომრჩევლებს პირდაპირ მოუწოდა ულტრამემარჯვენეთა მხარდაჭერისკენ.

„ზოგიერთი რამ გასაგებია, ზოგიერთი გაუგებარი, ზოგიერთიც მიუღებელი ევროპული პერსპექტივიდან. ვერ ვხედავ ამერიკელების სურვილის საჭიროებას, გადაარჩინონ დემოკრატია ევროპაში. თუ აუცილებელია მისი გადარჩენა, ამას ჩვენითაც მოვახერხებთ. კითხვა, თუ რას ნიშნავს ეს ჩვენი უსაფრთხოების თანამშრომლობისთვის, ცხადია, ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვაა. ეს ადასტურებს ჩემს შეფასებას, რომ ჩვენ ევროპაში და შესაბამისად გერმანიაშიც, უსაფრთხოების პოლიტიკის თვალსაზრისით ბევრად უფრო დამოუკიდებლები უნდა გავხდეთ შეერთებული შტატებისგან. ეს არაა სიურპრიზი. თუმცა ახლა ეს უკვე დოკუმენტირებულია ამერიკის სტრატეგიაში. ამერიკელებთან საუბრისას ხშირად ვამბობ, რომ პრინციპი ამერიკა უპირველეს ყოვლისა მისაღებია, მაგრამ ამერიკა მარტო ვერ იქნება თქვენს ინტერესში. თქვენ მსოფლიოშიც გჭირდებათ პარტნიორები და ამ პარტნიორებს შორის შეიძლება იყოს ევროპა. ხოლო თუ ევროპასთან ვერ პოულობთ საერთო ენას, მაშინ მაინც გერმანია აქციეთ თქვენს პარტნიორად”, – აღნიშნა ამერიკის უსაფრთხოებითი სტრატეგიის შეფასებისას გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა.

აშშ-ის ახალი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია ფართო დოკუმენტია, რომელიც  ტრამპის ადმინისტრაციის ძირითად საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს ადგენს. ომის მინისტრის, პიტ ჰეგსეთის, მიერ მისი წარდგენის შემდეგ საკითხს აქტუალობა არ დაუკარგავს და კიდევ დიდი ხნით არ დაკარგავს, რადგან  მასში ბევრმა დაინახა ახალი, მულტიპოლარული სამყაროს ექო, რომელიც არსებული მსოფლიო წესრიგისგან რადიკალურად განსხვავებულია.

 

Related news
პაკისტანისა და ავღანეთის ძალებს შორის, საზღვრისპირა რეგიონებში შეტაკებებია „მნიშვნელოვან პროგრესი“ - დასრულდა აშშ-ირანის მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდი
სხვა ამბები