მუჰამედ ბინ სალმანი ვაშინგტონისთვის მიუღებელი პერსონა აღარაა. ამ საქმეში პირადად პრეზიდენტი ტრამპი ჩაერთო, რომელმაც მისი წინამორბედის პოლიტიკა სრულიად უგულვებელყო და საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრეს საგაგებო დახვედრა მოუწყო.
მას შემდეგ, რაც 2018 წელს, პრინცის ცნობილი კრიტიკოსისა და „უოლ სტრიტის“ ჟურნალისტის, ჯამალ ხაშოგის სასტიკი მკვლელობის კვალი საუდის არაბეთის ლიდერთან მივიდა, შტატებსა და ელ-რიადს შორის ურთიერთობები გაცივდა. დღეს ეს უკვე წარსულია, წინამორბედის, ჯო ბაიდენის სურათი თეთრ სახლში აღარც კიდია, მის ნაცვლად აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა მხოლოდ ხელმოწერა ჩამოკიდა და საპრეზიდენტო ხეივანი პრინცსაც სიამაყით დაათვალიერებინა. 7 წლის შემდეგ ვაშინგტონში პრინცის პირველ გამოჩენას პომპეზურობა არ აკლდა.
„ოვალურ კაბინეტში ჩვენ სტუმრად გვყავს უკიდურესად პატივცემული კაცი, ჩემი დიდი მეგობარი – უკვე დიდი ხანია. ამაყი ვარ იმ საქმით, რასაც ის აკეთებს, იქნება ეს ადამიანის უფლებებისა თუ სხვა მიმართულებით. საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე, მომავალი მეფე დაგვთანხმდა განახორციელოს 600 მილიარდი დოლარის ინვესტიცია აშშ-ში. და რახან ჩემი მეგობარია, შესაძლოა ამ თანხამ ტრილიონსაც კი მიაღწიოს. ამაზე ვიმუშავებ. ეს კი ნიშნავს ინვესტიციას ჩვენს კომპანიებში, „უოლ სტრიტში“, მეტ სამუშაო ადგილებში. მადლობა ამისათვის. ჩვენ მეგობრები ვართ და ყოველთვის ერთ მხარეზე ვიდექით კონკრეტულ საკითხებში. დიდი საქმე გავაკეთეთ ირანისთვის ბირთვული შესაძლებლობების განადგურებით, ამას სხვა ვერავინ გააკეთებდა. ეს კი სწორი გადაწყვეტილება იყო და ამით კარგ პოზიციაშიც ჩაგაყენეთ. პატივია ვიყო თქვენი მეგობარი. პატივია თქვენი აქ ყოფნა“-აღნიშნა ოვალურ კაბინეტში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.
„მადლობა პრეზიდენტო, ეს ურთიერთობა ათწლეულებს ითვლის, ერთად დიდი ხანია ვმუშაობთ. დღეს ჩვენ ისტორიაში მნიშვნელოვანი დრო დგას, ბევრს ვმუშაობთ მომავალზეც. გვჯერა ამერიკის მომავლის, იმის რასაც აკეთებთ. კარგ საფუძველს უყრით ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას, მეტ ბიზნესს ამერიკაში და ასევე მუშაობთ მსოფლიოსთვისაც. ხვალ და ზეგ ჩვენ უკვე განვაცხადებთ, რომ ვზრდით 600 მილიარდიან ინვესტიციას ერთ ტრილიონ დოლარამდე. შეთანხმებები, რომლებსაც დღეს ხელს ვაწერთ ამის საფუძველს იძლევა და ისინი მეტწილად ტექნოლოგიებს, ხელოვნურ ინტელექტს, ნედლეულსა და სხვა მნიშვნელოვან მიმართულებას ეხება, ეს კი ბევრ საინვესტიციო საშუალებას აჩენს” – თქვა საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე, მუჰამედ ბინ სალმანმა.
საპატიო დახვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ საუდის არაბეთი ვაშინგტონისგან დიდი ხნის ნანატრ F35-ის ტიპის გამანდგურებლებს მიიღებს, რომელიც ახლო აღმოსავლეთში მანამდე მხოლოდ ისრაელს ჰქონდა. საკითხმა ბევრი შეკითხვა გააჩინა იმის თაობაზე, თუ როგორ შეუწყობს ეს ხელს ისრაელსა და საუდის არაბეთს შორის ურთიერთობების დათბობის ტრამპისეულ მცდელობას. თეთრი სახლის ნარატივში იგრძნობა, რომ საუდის არაბეთი მისი საკვანძო დასაყრდენია რეგიონში. როგორც ჩანს ტრამპმა ტახტის მემკვიდრე „აბრაამის შეთანხმებაში“ მონაწილეობაზეც დაითანხმა, რომელიც ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს შორის მეგობრობას მოემსახურება. შეთანხმებაში უკვე არიან მაროკო, ბაჰრეინი და არაბთა გაერთიანებული საემიროები. ვაშინგტონში თვლიან, რომ ამ თანხმობით არაბული სამყაროს დიდი ნაწილის თანხმობასაც მიიღებენ. თუმცა ელ-რიადს ამ მხრივ საკუთარი პირობები აქვს, რომელიც პალესტინის სახელმწიფოებრიობას ეხება. საუბრებიდან გამოჩნდა, რომ ელ-რიადი დიპლომატიურ მოლაპარაკებებში საკმაოდ მძლავრად ლავირებს.
„ ტახტის მემკვიდრე პრინცმა დამირეკა და კონკრეტულად მთხოვა სირიაზე დაკისრებული სანქციები მომეხსნა. მოგეხსენებათ სირიის ლიდერი ახლახან აქ გვსტუმრობდა, კარგი შეხვედრა გვქონდა, ის ძლიერი ადამიანია ამ თანამდებობაზე, სირიას უზარმაზარი პროგრესი აქვს, შესაბამისად პრინცის თხოვნა გავითვალისწინეთ, და არა მხოლოდ მისი. თურქეთის პრეზიდენტმა, ერდოღანმაც იგივე მთხოვა, თქვა, რომ თუ სირიაზე სანქციებს არ მოვხსნიდი, შანსს არ დავუტოვებდი სირიას და თუ მოვხსნიდი, მივცემდი მას შანსს – შედეგი კარგია. როდესაც F35-ებზე ვსაუბრობთ, იქნება თუ არა ისინი იგივე საუდის არაბეთისთვის, დიახ. გეტყვით, რომ საუდის არაბეთი ჩვენთვის დიდი მოკავშირეა, ისევე როგორც ისრაელი, ისიც დიდი მოკავშირეა. „აბრაამის შეთანხმებაზე“ , საუდის არაბეთისგან პოზიტიური პასუხი მივიღე“ – თქვა დონალდ ტრამპმა.
„ვთვლით, რომ ახლო აღმოსავლეთის ყველა ქვეყანასთან კარგი ურთიერთობები კარგია და გვსურს ვიყოთ „აბრაამის შეთანხმების ნაწილი“,თუმცა ამასთან გვსურს დავრწმუნდეთ, რომ არსებობს ნათელი გზა ორი სახელმწიფოს პრინციპთან დაკავშირებით. ბატონ პრეზიდენტთან ამაზე ჯანსაღი საუბარი მქონდა, ვიმუშავებთ ამ საკითხზე. ჩვენ გვსურს მშვიდობა ისრაელისთვის, პალესტინისთვის, მთელი რეგიონისთვის”- აღნიშნა სტუმარმა.
საუდის არაბეთის გულის მოგება დონალდ ტრამპს არ გაუჭირდება, საზეიმო მიღებაზე მან თქვა ის, რაც ორმხრივ კავშირებს სერიოზულად გააძლიერებს და ეს თავდაცვას ეხება.
„ საუდის არაბეთი არასოდეს ყოფილა ისე უსაფრთხოდ, როგორც ის ახლაა. ყოველთვის არსებობდა შავი ღრუბელი თქვენს თავზე, რომელიც ზოგჯერ ძალიან იზრდებოდა, მაგრამ ის გაქრა და გვსურს ასეც დარჩეს. დღეს სიამოვნებით გაცნობებთ, რომ ჩვენს სამხედრო თანამშრომლობას კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავიყვანთ – მე საუდის არაბეთს ნატო-ს მთავარ არაწევრ მოკავშირედ ოფიციალურად ვაცხადებ. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანი რამაა მათთვის, ეს საიდუმლოდ შევინახე ამ საღამომდე. ვულოცავ საუდის არაბეთს”-თქვა საზეიმო მიღებაზე აშშ-ის პრეზიდენტმა.
პოლიტიკური გარიგებების პარალელურად მსოფლიო მედია აქტიურად განიხილავდა იმას, თუ რამდენად მორალური იყო ვაშინგტონის მხრიდან ურთიერთობების დათბობა იმ ლიდერთან, რომელსაც თურქეთში, საუდის არაბეთის საკონსულოში დისიდენტის წამებით მკვლელობაზე ბრძანების გაცემაში ადანაშაულებენ. ტრამპმა სტუმარი უხერხული კითხვებისგან პირადად დაიცვა და თქვა, რომ ხაშოგი არასასიამოვნო ადამიანი იყო, რომელიც ბევრს არ უყვარდა. ჯამალ ხაშოგის მეუღლემ პასუხი მალევე დააბრუნა.
“იმედგაცრუებული ვარ ჩემი ქმრის დახასიათებით, როგორც წინააღმდეგობით სავსე ადამიანის, მსურს ვუპასუხო პრეზიდენტ ტრამპს. თქვენ ჩემს ქმარს კარგად არ იცნობდით, ვისურვებდი შეგხვედროდით და მეტი მეთქვა მის შესახებ. ის ძალიან ღია ძალიან დიდი პროფესიონალი და მამაცი ადამიანი იყო. ის ვინმეს რომც არ მოსწონებოდა, და ასეთი რამ ხდება ხოლმე, ეს არ ამართლებს მისი მოტაცების, წამებისა და ნაკუწებად ქცევის ფაქტს. არ არსებობს მიზეზი, რომელმაც შესაძლოა გაამართლოს ეს დანაშაული, ამის ახსნა შეუძლებელია.“-თქვა ჯამალ ხაშოგის მეუღლემ, ჰანა ხაშოგიმ.
მიუხედავად წარსულისა, დონალდ ტრამპმა მსოფლიო სცენაზე საუდის არაბეთის ლიდერის რეაბილიტაცია წარმატებით შეძლო და მის იზოლაციას წერტილი დაუსვა. ხელოვნური ინტელექის, სამოქალაქო დატვირთვის ბირთვული ენერგიის, თავდაცვისა და ინვესტიციების მიმართულებით ახალი კავშირები ახლო აღმოსავლეთის ძალთა ბალანსშიც მნიშვნელოვან როლს ითამაშებს, მათ შორის სულ ახლახან გაეროში დამტკიცებული ტრამპის გეგმის განხორციელების ფარგლებშიც, რომელიც ღაზის მომავალს ეხება.

