მსოფლიო ლიდერები და დიპლომატები კლიმატის ცვლილების შესაჩერებლად 30 წლის განმავლობაში იკრიბებოდნენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სესიებზე. თუმცა დედამიწაზე ტემპერატურა კვლავ იზრდება და ექსტრემალური ამინდიც უარესდება.
საზოგადოებას იმედი აქვს, რომ ამ თვეს, COP30-ზე ნაკლები დაპირება და მეტი მოქმედება იქნება.
ექსპერტების განცხადებით, თითქმის 200 ქვეყნის მიერ წარდგენილი დაპირება არ შესრულდა, არც ახალი გეგმები აჩქარებს დაბინძურებასთან ბრძოლის ძალისხმევას.
„ისეთ გზას ვადგავართ, რომ შესაძლოა, გარკვეულმა ერებმა მომავალში აღარც იარსებონ. ამიტომ დაუცველი ერები მეტ ძალისხმევას ითხოვენ. პარიზის შეთანხმებაში ჩვენ გვაქვს 1.5-გრადუსიანი აწევის ზღვარი და ჩვენ კი ამ გზაზე არ ვართ. ვფიქრობ, ხალხი ივიწყებს, რომ ეს ბევრი ერისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. სწორედ ამიტომ ითხოვენ ისინი მეტ ძალისხმევას“. – აცხადებს ექსპერტი კლიმატის საკითხებში, ადელ ტომასი.
კლიმატის საკითხთან დაკავშირებული წინა მოლაპარაკებებისგან განსხვავებით, განსაკუთრებით 10 წლის წინანდელისგან, რომელმაც პარიზის კლიმატის ისტორიული შეთანხმება შექმნა, გაეროს ეს ყოველწლიური ორკვირიანი კონფერენცია გრანდიოზული შეთანხმების ან განცხადების მიღებას არ ისახავს მიზნად.
ახლა საჭიროა მეტი ფული და პოლიტიკური ნება, რათა ქვეყნებმა ათწლეულების განმავლობაში დათქმული დაპირება შეასრულონ და გაატარონ შესაბამისი პოლიტიკა.
ექსპერტების თქმით, მხოლოდ ეს შეაჩერებს გლობალურ დათბობას, წინააღმდეგ შემთხვევაში ის მსოფლიოსთვის საშიშ ნიშნულამდე ავა.
„დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ წიაღისეული საწვავით მომუშავე გლობალური ეკონომიკის დასასრულის ზღვარზე ვართ. ქვანახშირი, ნავთობი და გაზი ისტორიაა, ქარის, მზის, ჰიდროენერგეტიკისა და ზოგიერთი ბირთვული ენერგიის კი – მომავალი. ეს დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ. ვგულისხმობ იმას, რომ დღევანდელი გამოწვევა ის კი არ არის, რამდენად შევამცირებთ წიაღისეული საწვავის მოხმარებას, არამედ კითხვა: ხომ არ დავაგვიანებთ? ხომ არ გავაკეთებთ ამას ძალიან ნელა?“ – აცხადებს ექსპერტი კლიმატის საკითხებში, იოჰან როკსტრომი.
მაღალი დონის შეხვედრას, სავარაუდოდ, არ დაესწრებიან ჩინეთის, აშშ-სა და ინდოეთის უმაღლესი ლიდერები, რომელთა ქვეყნები ჰაერის დაბინძურები მხრივ მოწინავედ ითვლება.
ამ ქვეყნებში მსოფლიოში ნახშირბადის, ნავთობისა და ბუნებრივი აირის წვის შედეგად წარმოქმნილი სითბოს შემაკავებელი ნახშირორჟანგის დაახლოებით 52% გამოიყოფა.

