პარიზში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მეუღლის, ბრიჯიტ მაკრონის, წინააღმდეგ კიბერშევიწროებაში ბრალდებული 10 ადამიანის პროცესი 28 ოქტომბრის საღამოს დასრულდა.
საქმე ეხება 2017 წელს სოციალურ ქსელებში გავრცელებულ სტატუსებს, რომელთა თანახმადაც, ბრიჯიტ მაკრონი სინამდვილეში კაცად დაიბადა და სინამდვილეში ის ჟან-მიშელ ტრონიეა, რომელსაც დღეს საზოგადოება ბრიჯიტის ძმად იცნობს. ეს ჭორი საფრანგეთსა და მის ფარგლებს გარეთ, ულტრამემარჯვენე საზოგადოებასა და შეთქმულების თეორიების მოყვარულებში მალე გავრცელდა.
ბრიჯიტ მაკრონმა, რომელსაც Twitter-ის ანგარიში არ აქვს, სასამართლოს მიმართა. ბრალდებულები პროცესზე ამტკიცებდნენ, რომ მათ სტატუსებს იუმორისტული ხასიათი ჰქონდა და არცერთი განცხადება ძალადობის ან ბულინგის მოწოდების შინაარსის შემცველი არ ყოფილა. ბრალდებულთა თქმით, მათი ანგარიშები მცირე აუდიტორიას სწვდებოდა და ეჭვი ეპარებათ, რომ პირველ ლედის საერთოდ წაკითხული ჰქონდეს მათი სტატუსები.
თუმცა ბრიჯიტ მაკრონის უმცროსმა ქალიშვილმა, ტიფენ ოზიერმა, რომელიც დედის ადვოკატია, პირადად მისცა ჩვენება და განაცხადა, რომ ბრიჯიტ მაკრონმა ყველა სტატუსი წაიკითხა, რის შედეგადაც, მისი მენტალური ჯანმრთელობა გაუარესდა და ახლა მას საზოგადოებაში გამოჩენის კომპლექსი და შიში აქვს. ადვოკატები ამტკიცებენ, რომ „იუმორის უფლება ყველაფრის უფლებას არ გულისხმობს“.
სასამართლო განაჩენს 2026 წლის 5 იანვარს გამოაცხადებს.


