აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი ისრაელშია – ის პარტნიორ ქვეყანაში 21 ოქტომბერ ჩავიდა და დღეს, 22 ოქტომბერს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდება.
ამერიკული მედიის ცნობით, დიპლომატიური ვიზიტი მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიღწეულ სამშვიდობო შეთანხმებას საფრთხე დაემუქრა.
ჯეი დი ვენსმა მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ მშვიდობა იქნება გრძელვადიანი და მდგრადი, თუმცა დასძინა, რომ მის შენარჩუნებას მუდმივი ძალისხმევა დასჭირდება.
„პრეზიდენტ ტრამპის მიერ წარმოდგენილი 20-პუნქტიანი გეგმის პირობები ძალიან ნათელია. მას მხარს უჭერს არა მხოლოდ ისრაელი, არამედ სპარსეთის ყურის ყველა ჩვენი მოკავშირე ქვეყანა. „ჰამასი“ უნდა განიარაღდეს. მიუხედავად იმისა, რომ ყველა მებრძოლს შეიძლება მიეცეს გარკვეული სახის შეღავათები, ისინი ვერ შეძლებენ ერთმანეთისა და პალესტინელი თანამემამულეების დახოცვას. დარწმუნებული ვარ, რომ მშვიდობა იქნება მდგრადი და განგრძობადი. თუ „ჰამასი“ თანამშრომლობაზე უარს იტყვის, მაშინ როგორც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა თქვა, „ჰამასი“ განადგურდება“, – განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა.
შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ახლა საერთაშორისო უსაფრთხოების ძალების შექმნაზე მუშაობენ და ისინი ღაზის სექტორში უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ.
„ვიცით, რომ „ჰამასი“ ვალდებულია, დაიცვას შეთანხმება და თუ ის არ შეასრულებს შეთანხმების პირობებს, ძალიან ცუდი რამ მოხდება. თუმცა არ ვაპირებ იმის გაკეთებას, რაზეც პრეზიდენტი ტრამპი აქამდე უარს ამბობდა, კერძოდ, ბოლო ვადის დასახელებას, რადგან ეს ნაწილი ძალიან რთულია და წინასწარ ვერ განსაზღვრავ. ღაზაში ძირითადად ორი რეგიონია, რომელთაგანაც ერთი შედარებით უსაფრთხოა, მეორე კი – წარმოუდგენლად საშიში. მდგრადი მშვიდობის უზრუნველსაყოფად საჭიროა უსაფრთხო ტერიტორიის გაფართოება და საერთაშორისო უსაფრთხოების ძალები ამაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. ჩვენ ჯერ არ გვყავს ასეთი ძალები და სწორედ ამაზე ვმუშაობთ“, – განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა.
ჯეი დი ვენსი ისრაელში, სავარაუდოდ, 23 ოქტომბრამდე დარჩება და ისრაელის პრემიერ-მინისტრის გარდა, სხვა ოფიციალურ პირებსაც შეხვდება.

