ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECHR) დაადგინა, რომ პოლონეთისა და ლატვიის ხელისუფლებების მხრიდან ბელარუსიდან მათ ტერიტორიაზე შესვლის მცდელობისას, ავღანეთისა და ერაყის მოქალაქეების მიმართ არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ჰქონდა ადგილი.
საუბარია 2021 წელს მომხდარ ცალკეულ შემთხვევებზე, როდესაც ბელარუსის მიერ პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად გამოყენებულ არალეგალ მიგრანტებს საზღვარზე აკავებდნენ და დაუყოვნებლივ უკან აბრუნებდნენ.
ამ გადაწყვეტილებას დიდი ხნის განმავლობაში ელოდნენ, რადგან ის პირველად განიხილავს იმ ადამიანების უფლებების დაცვას, რომლებიც მიგრაციის პოლიტიკურ ინსტრუმენტალიზაციაში აღმოჩნდნენ ჩათრეულნი.
პირველი საქმე ეხებოდა ავღანეთის ორ მოქალაქეს, რომლებმაც ბელარუსის მხრიდან პოლონეთის საზღვარი უკანონოდ გადაკვეთეს. 2021 წლის აგვისტოდან ოქტომბრამდე ისინი პოლონეთის ტერიტორიაზე, თვითნებურად მოწყობილ ბანაკში იმყოფებოდნენ, რის შემდეგაც ვარშავამ ისინი ძალის გამოყენებით, საზღვრის გავლით, მინსკის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დააბრუნა.
რაც შეეხება მეორე საქმეს, ის უკავშირდებოდა ერაყის ქურთული წარმოშობის 19 მოქალაქეს, მათ შორის ექვს ბავშვს, რომლებმაც ლატვიას ბრალი დასდეს 2021 წლის აგვისტოში საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შემდეგ მათი ბელარუსში იძულებით დაბრუნებაში.
ორივე საქმე განიხილებოდა ბელარუსის ხელისუფლების არაკეთილგანწყობილი ქმედებების ფონზე, რასაც „მიგრაციის ინსტრუმენტალიზაციას“ უწოდებენ.
მინსკი ხელს უწყობდა, ამარტივებდა ან იძულებით ორგანიზებას უწევდა მიგრანტების გადაადგილებას ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან არსებულ საზღვრებზე, რათა მეზობელი სახელმწიფოების დესტაბილიზაცია მოეხდინა.
სასამართლომ დაადგინა, რომ სახელმწიფოებს აქვთ უფლება, აკონტროლონ უცხო ქვეყნის მოქალაქეების საკუთარ ტერიტორიაზე შესვლა და რომ არალეგალი მიგრანტების იმ სახელმწიფოში გაძევება, რომელიც მიგრაციას პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად იყენებს, თავისთავად არ წარმოადგენს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას. აღნიშნული მუხლი კრძალავს წამებას, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას.
თუმცა, სასამართლოს პოზიციით, ეროვნული ხელისუფლების ორგანოები ვალდებულნი არიან გამოავლინონ ის პირები, რომლებიც განსაკუთრებულად მოწყვლადნი არიან სასტიკი მოპყრობის მიმართ. მათ შორის არიან ხანდაზმულები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ან დაავადებების მქონე ადამიანები, აგრეთვე ყველა ის პირი, რომელსაც მსგავსი მოპყრობის აშკარა და უშუალო საფრთხე ემუქრება.
შედეგად, სასამართლომ დარღვევა მხოლოდ მომჩივანთა ნაწილის მიმართ დაადგინა: ავღანეთის მოქალაქის შემთხვევაში, რომელმაც პოლონეთის ტერიტორიაზე შეაღწია, და ლატვიის საზღვრის გადამკვეთი ყველა ბავშვის, აგრეთვე მათთან ერთად მყოფი ოჯახის წევრების შემთხვევაში.
სასამართლომ განაცხადა, რომ ბავშვები განსაკუთრებულად მოწყვლად ჯგუფად უნდა განიხილებოდნენ და მათი სპეციფიკური საჭიროებები უნდა იყოს გათვალისწინებული. შესაბამისად, დაუშვებელია მათი იძულებით უკან გაბრუნება მაშინაც კი, როდესაც ადგილი აქვს მიგრაციის ინსტრუმენტალიზაციას.
ამასთანავე, სასამართლომ არ დააკმაყოფილა კიდევ ერთი საქმე ლიეტუვის წინააღმდეგ, რომელიც კუბის ოთხ მოქალაქეს ეხებოდა და 2022 წელს ლიეტუვა-ბელარუსის საზღვრის განმეორებით გადაკვეთას უკავშირდებოდა, რადგან ვერ დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა ვერ დაადგინა.
სასამართლოს გადაწყვეტილება, შესაძლოა, პრეცედენტული გახდეს ევროკავშირის იმ ქვეყნების პრაქტიკის წინააღმდეგ, რომლებიც მიგრანტებს საზღვარზე დაუყოვნებლივ, იძულებით აბრუნებენ უკან, შესაბამისი პროცედურების გავლის გარეშე.
ამ კონტექსტში საგულისხმოა სეუტას ანკლავში შექმნილი კრიზისი და მაროკო-ესპანეთის საზღვარზე მიმდინარე წლის ივლის-აგვისტოში განვითარებული მოვლენები.
