კატეგორიები

სამხრეთ აფრიკაში დააკავეს რუსეთის ომში წასვლის მსურველი ზიმბაბველი

სამხრეთ აფრიკაში დააკავეს რუსეთის ომში წასვლის მსურველი ზიმბაბველი
სამხრეთ აფრიკის სასამართლომ სასჯელი შეუფარდა ზიმბაბველ მამაკაცს, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ კრემლის მიერ წარმოებულ ომში მონაწილეობის მიზნით რუსეთში გამგზავრებას შეეცადა.

მამაკაცი კიდევ რვა პირთან ერთად სამხრეთ აფრიკის პოლიციამ დააკავა.

სასამართლოს განჩინებით, ტაფაძვა სითოლეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა სასჯელი სრულად შეუჩერდა 5 წლის გამოსაცდელი ვადით. ასევე, იგი ზიმბაბვეში დეპორტაციას დაექვემდებარება.

აწ უკვე მსჯავრდებულის განცხადებით, ის დათანხმდა რუსეთის მხარეს ომში მონაწილეობას, ფინანსური ანაზღაურების მიღების სანაცვლოდ. მისი თქმით, ზიმბაბვეში ონლაინგანაცხადი შეავსო, რის შემდეგაც მას დაუკავშირდა პირი, რომელიც, როგორც პროცესზე თქვა, მას „ალბინას“ სახელით გაეცნო.

სითოლეს განცხადებით, აღნიშნულმა პირმა სამხრეთ აფრიკაში მისთვის საცხოვრებელი ადგილი უზრუნველყო და რუსეთში გასამგზავრებელი ავიაბილეთიც შეუძინა.

მისი აღიარებითი ჩვენებები ასახულია სამხრეთ აფრიკის პროკურატურასთან გაფორმებულ საპროცესო შეთანხმებაში, რომლის ფარგლებშიც მან თავი დამნაშავედ ცნო სამხრეთ აფრიკის „უცხოური სამხედრო დახმარების რეგულირების შესახებ“ კანონის დარღვევაში.

ეს კანონი კრძალავს დაქირავებული მებრძოლების საქმიანობას და არეგულირებს უცხოეთის შეიარაღებულ კონფლიქტებში მონაწილე მხარეებისთვის სამხედრო დახმარების გაწევას, მათ შორის, პირების გადაბირებასა და სამხედრო მომზადებას. კანონის მოქმედება უცხო ქვეყნის მოქალაქეებზეც ვრცელდება.

სითოლე, რომელიც თავს ზიმბაბვეს ერთ-ერთი უნივერსიტეტის მესამე კურსის უმუშევარ სტუდენტს უწოდებს, სასამართლოში კიდევ ოთხ ბრალდებულთან ერთად წარდგა.

მისი განცხადებით, სამხრეთ აფრიკაში 4 ნოემბერს კანონიერად შევიდა და იოჰანესბურგის აღმოსავლეთით მდებარე კემპტონ-პარკში დაბინავდა, საიდანაც რუსეთში გამგზავრებას გეგმავდა.

„ძირითადად, ჩვენ, ბრალდების მხარე და დაცვის მხარე, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის სახელით, დავდეთ საპროცესო შეთანხმება. შევთანხმდით გარკვეულ პირობებზე, რომელთა შორის ერთ-ერთი იყო ის, რომ მას განესაზღვრებოდა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც 5 წლის გამოსაცდელი ვადით იქნებოდა პირობითად ჩათვლილი. ასევე, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მას ქვეყნიდან გააძევებენ.

საქმე უკვე დასრულებულია და სასამართლომ საპროცესო შეთანხმება დაამტკიცა. ამით სამართალწარმოება დასრულდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი შეძლებს სახლში დაბრუნებას და ოჯახთან ყოფნას“, - თქვა სითოლეს ადვოკატმა, მაშუდუ ნემბულუნგემ.

უკრაინის წინააღმდეგ მოსკოვის ომში, კრემლის საოკუპაციო არმიის მხარეს, 2026 წლის მონაცემებით, სულ მცირე, 151 ქვეყნის 45 000-ზე მეტი მოქალაქე იბრძვის.

მათი ნაწილი ფრონტზე მოტყუებით აღმოჩნდა - დასაქმებისა და მაღალი ფინანსური შემოსავლის მიღების ცრუ დაპირებით, თანაც ისე, რომ ამის შესახებ ოჯახის წევრებმაც არაფერი იცოდნენ.

მაგალითად, ზოგიერთ მათგანს ეუბნებოდნენ, რომ ფერმაში მარწყვის საკრეფად გზავნიდნენ, სინამდვილეში კი კონფლიქტის ეპიცენტრში უშვებდნენ, იარაღით, რომლის გამოყენების გამოცდილებაც არ ჰქონდათ.

კრემლის მხარეს მებრძოლებიდან ყველაზე დიდი კონტინგენტი ოფიციალურად გაგზავნა ჩრდილოეთ კორეამ, თუმცა ფხენიანის ჯარისკაცთა დიდი ნაწილი ფრონტზე მალევე დაიღუპა, აფრიკულმა სახელმწიფოებმა კი მოსკოვს არაერთხელ მოუწოდეს, შეეწყვიტათ მათი მოქალაქეების ომში მოტყუებით გაგზავნა.

დაკავშირებული ამბები
სამხრეთ აფრიკაში დააკავეს რუსეთის ომში წასვლის მსურველი ზიმბაბველი “როდესაც მშვიდობიანი მოქალაქეები იღუპებიან ან ადამიანის უფლებები ირღვევა, პასუხი არასოდეს უნდა იყოს,–„ეს ალგორითმმა გააკეთა“ - ანტონიო გუტიერეში