მოსკოვის მხრიდან მზარდი ჰიბრიდული თავდასხმების, საბოტაჟის მცდელობებისა და გახშირებული პროვოკაციების ფონზე, პოლონეთის შეიარაღებული ძალები გეგმავენ, უკრაინის საზღვრის სიახლოვეს არსებული ტერიტორია „არასაფრენ ზონად“ გამოაცხადონ.
ქვეყნის თავდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, ამ ზონის ფართობი 10-დან რამდენიმე ათეულ კილომეტრამდე იქნება, ხელისუფლება კი შესაბამის დირექტივას ამზადებს, რომელიც ძალაში შევა მიმდინარე წლის ბოლოდან ან მომდევნო წლის დასაწყისიდანვე.
ცეზარი ტომჩიკის განმარტებით, აღნიშნული ზონა სამხედრო მფრინავებს მეტ დროს მისცემს სამიზნეების იდენტიფიცირებისთვის - რადარებიდან და მოკავშირეებისგან მიღებული მონაცემების, ასევე ობიექტების სიჩქარისა და სიმაღლის გათვალისწინებით. ამის შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, თვითმფრინავებს შეეძლებათ საჰაერო ობიექტის ჩამოგდება.
სააგენტო Reuters-ის ცნობით, პოლონეთმა უკვე შემოიღო შეზღუდვები უკრაინის საზღვრის მიმდებარე საჰაერო სივრცეში ფრენებზე, დღის საათებში, დაახლოებით 3 კილომეტრის სიმაღლეზე.
ვარშავამ ასევე მოუწოდა NATO-ელ მოკავშირეებს, მსგავსი ზომები აღმოსავლეთ საზღვრებზეც გაატარონ.
აღნიშნული ნაბიჯების გადადგმა აუცილებელი გახდა გასული დღეების განმავლობაში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით.
20 ნოემბერს პოლონეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მის საჰაერო სივრცეში რამდენიმე რუსული რაკეტა შეიჭრა და დასახლებულ პუნქტში ჩამოვარდა.
ინციდენტი უკრაინის საზღვრის სიახლოვეს მოხდა სწორედ იმ დროს, როცა ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ქალაქ ნოვა დებაში ევროპული ჯარების მონაწილეობით გეგმიური სამხედრო წვრთნები მიმდინარეობდა. როგორც მოგვიანებით, გამოძიებით დადგინდა, ეს იყო რუსული X-101 ტიპის რაკეტები.
მომხდარის გამო, პოლონეთის საგარეო უწყებაში ვარშავაში რუსეთის ელჩი, გეორგი მიხნო დაიბარეს, სადაც „მკაცრი დიპლომატიური ნოტა“ გადასცეს.
ზოგადადაც, პოლონეთიდან რუსეთისადმი მწვავე განცხადებები ხშირად ისმის, განსაკუთრებით ქვეყნის პირველი დიპლომატისგან, რადოსლავ სიკორსკგისგან, რომლის თქმითაც, „მოსკოვის პოლიტიკური კულტურის მარადიულ პრობლემას“ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ მისთვის „გაცილებით მნიშვნელოვანია უცხო ქალაქის აღება, რომელზეც არავის არაფერი სმენია, ვიდრე იმ 11 მილიონი რუსის ბედზე ფიქრი, ვინც საპირფარეშოს გარეშე ცხოვრობს“.
რუსულ აგრესიაზე საუბრისას, აღმოსავლეთ ევროპის ფლანგზე მიმდინარე მოვლენები გერმანიის ფედერალური კანცლერისთვის განცხადების გაკეთებისას, ყველაზე მკაფიო მაგალითი აღმოჩნდა.
ფრიდრიხ მერცი ამბობს, რომ „ევროპა ვალდებულია და უნდა აჩვენოს რუსეთს მისი საზღვრები“.
მანვე კრემლი დაადანაშაულა სხვადასხვა სახის მიზანმიმართულ პროვოკაციაში, რომელიც სრულიად ევროპულ კონტინენტს შეეხო მხოლოდ იმ მიზეზით, რომ დასავლეთის სახელმწიფოები ომში მხარს კიევს უჭერენ.
„რუსეთი ესკალაციას ახდენს ბალტიის რეგიონში, ესკალაციას ახდენს პოლონეთში, ესკალაციას ახდენს შავ ზღვაში, ესკალაციას ახდენს კოსმოსშიც და საკმაოდ მნიშვნელოვნად ამწვავებს ვითარებას ჩვენს საკუთარ ქვეყანაშიც კი, მათ შორის ადამიანების სიცოცხლის ფასად.
სწორედ ასეთია დღეს არსებული ვითარება, ქალბატონებო და ბატონებო. ამიტომ ჩვენ, ევროპელებმა, რუსეთს უნდა ვაჩვენოთ და ვაჩვენებთ კიდეც მის საზღვრებს - ამ სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. ჩვენ ამას გავაკეთებთ და ეს უნდა გავაკეთოთ!
ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა გასულ ხუთშაბათს, აქ, ბერლინში, „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრაზე, რომელშიც ამერიკელებიც მონაწილეობდნენ. როგორც მე შევამჩნიე, ამერიკელები აშკარად გაკვირვებულნი დარჩნენ იმით, რამდენად ერთიანები და მტკიცენი არიან ევროპელები ამ საკითხთან დაკავშირებით. სწორედ ეს სიმტკიცე და ერთიანობაა, ქალბატონებო და ბატონებო, რაც დღეს გვაძლევს საფუძველს, ფრთხილი ოპტიმიზმით შევხედოთ ნამდვილი მშვიდობის პერსპექტივას“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა.
ამ კონტექსტში გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ დიპლომატიური ურთიერთობა, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის მიღმა, ბერლინსა და მოსკოვს დამატებით დაეძაბათ მიმდინარე წლის 4 აგვისტოს ლაიფციგ/ჰალეს საერთაშორისო აეროპორტში მომხდარი ინციდენტი.
კერძოდ, ერთ-ერთ ასაფრენ ზოლთან ასაფეთქებელი მოწყობილობით აღჭურვილი დრონი აღმოაჩინეს, რომლის გაუვნებელყოფაც გამნაღმველი რობოტის მეშვეობით მოხერხდა.
მომხდარში გერმანიის მთავრობამ რუსული სპეცსამსახურები დაადანაშაულა და ბონში რუსეთის საკონსულო, ხოლო ბერლინში „რუსული სახლი“ დახურა, რომელიც კულტურულ ცენტრს წარმოადგენდა. საპასუხოდ, მოსკოვმა შეაჩერა გოეთეს ინსტიტუტის მუშაობა.
პოლონეთისა და გერმანიის გარდა, მსგავსი ჰიბრიდული თავდასხმების სამიზნეებად იქცნენ ბალტიისპირეთის სახელმწიფოებიც, სადაც რამდენჯერმე გამოცხადდა საჰაერო განგაში და საჭირო გახდა როგორც მოქალაქეების, ისე მაღალჩინოსნების ბომბსაფრებში გადაყვანა - ლატვიაში კი რუსული დრონებით გახშირებული შეჭრა სამთავრობო ცვლილებების მიზეზი გახდა.
მომხდარზე არასათანადო რეაგირების გამო, იმდროინდელმა პრემიერ-მინისტრმა, ევიკა სილინიამ თავდაცვის მინისტრი ანდრის სპრუდსი თანამდებობიდან გაათავისუფლა, მოგვიანებით კი საკადრო ცვლილებებმა მმართველი კოალიციის დაშლა და ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გამოიწვია.
ევროპელ მოკავშირეებს მოსალოდნელი ჰიბრიდული საფრთხეების შესახებ, კარგა ხანია, აფრთხილებს უკრაინა, სადაც მიიჩნევენ, რომ მოსკოვი ამ გზით შეეცდება საომარი მოქმედებების არეალის გაზრდას, კონფლიქტში მეტი სახელმწიფოს პირდაპირ ჩართვასა და ერთგვარი „სადამსჯელო ღონისძიებების“ ჩატარებას იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც კიევს სამხედრო თუ პოლიტიკური გზებით ეხმარებიან.
პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ამ საფრთხეების გასანეიტრალებლად, აუცილებელია დასავლელი მოკავშირეების მეტი ჩართულობა და მეტი ზეწოლა კრემლის წინააღმდეგ, ასევე მთავარი - ანტისარაკეტო აღჭურვილობის გადაცემა, რაშიც, პირველ რიგში, Patriot-ის ტიპის სისტემები იგულისხმება.
„პეტრიოტების“ მოლოდინში მყოფი კიევი სათადარიგო ვერსიაზეც მუშაობს. უკრაინული ანტიბალისტიკური სისტემის პირველი პროტოტიპების გამოცდა ზამთარში დაიწყება.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სისტემა სწორედ ამერიკული Patriot-ის ალტერნატივად და ევროპულ-უკრაინულ მიმართულებად განიხილება, რომლის მზადყოფნასაც 2027 წლის პირველი ნახევრისთვის ვარაუდობენ.
