კატეგორიები

თბილისში „ინსულტის მსოფლიო ორგანიზაციის” საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს

თბილისში „ინსულტის მსოფლიო ორგანიზაციის” საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს

თბილისში „ინსულტის მსოფლიო ორგანიზაციის” მე-9 საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს. სწორედ საქართველოს დედაქალაქში შეიკრიბნენ მსოფლიოს წამყვანი ექსპერტები – ისინი, ვინც ამ საკაცობრიო პრობლემაზე მუშაობს.  ეს უკვე ტრადიციად იქცა – 25 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც თბილისში ინსულტის საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით პირველი შეხვედრა გაიმართა. მას შემდეგ კონფერენციის მასშტაბი გაიზარდა – უფრო მრავალფეროვანი გახდა თემატიკა და გაიზარდა აქ ნათქვამი სიტყვების საერთაშორისო გავლენაც. ამ წლების განმავლობაში თბილისში გამართულ შეხვედრებზე, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულმა ბევრმა უმაღლესი კლასის პროფესიონალმა გაუზიარა თავისი ცოდნა და გამოცდილება საქართველოს დედაქალაქში შეკრებილ კოლეგებს.

„ინსულტი ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დაავადებაა – ძალიან მაღალი სიკვდილიანობითა და ძალიან მაღალი ფუნქციური უნარშეზღუდულობით. შესაბამისად, ეს არა მხოლოდ სამედიცინო პრობლემაა, არამედ ჯანდაცვითი და შეიძლება ითქვას, სოციალურ-ეკონომიკურიც, ვინაიდან ეს უზარმაზარი ტვირთია საზოგადოებისთვის. ამიტომაც, ჩვენ პრაქტიკულად ყველა ასპექტს განვიხილავთ – დაწყებული ეპიდემიოლოგიიდან – დიაგნოსტიკის, პრევენციის, მკურნალობისა და რეაბილიტაციის ჩათვლით. არ რჩება არცერთი საკითხი ინსულტის გარშემო, რომელიც ჩვენს კონფერენციებზე არ განიხილება“, – აღნიშნავს „საქართველოს ინსულტის ასოციაციის” პრეზიდენტი ალექსანდრე ცისკარიძე.

„უკვე 25 წელია, ეს კონფერენცია ტარდება და მგონი ძალიან მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ქვეყანაში ინსულტის მკურნალობისა და პრევენციის განვითარებაზე. პირველი კონფერენციიდან ვესწრები ამ შეხვედრებს და ვხედავ, რამხელა პროგრესია. ამაში დიდი წვლილი მიუძღვით კონფერენციის მონაწილეებს: ისინი მსოფლიო ლიდერები არიან ამ დარგში“, – ამბობს ზურაბ ნადარეიშვილი, „ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის” ნევროლოგიის ასოცირებული პროფესორი.

„უპირველეს ყოვლისა, უნდა ითქვას, რომ ინსულტი ძალიან დიდი პრობლემაა – გლობალური პრობლემა, შეიძლება ითქვას, პანდემია – ისევე, როგორც იყო კოვიდი, რომელმაც მთელ მსოფლიოში დიდი ზიანი გამოიწვია.

ინსულტი გლობალურად სიკვდილიანობის მეორე მთავარი მიზეზია. თუ დავაკვირდებით ინსულტის გავრცელებას, შემთხვევების დაახლოებით 89% დაბალ და საშუალოშემოსავლიან ქვეყნებზე მოდის. საქართველო კი სწორედ საშუალოშემოსავლიანი ქვეყნების კატეგორიაშია და აქ ინსულტის ტვირთიც ძალიან მაღალია.

ეს სავარაუდოდ, ჰიპერტენზიის მაღალ მაჩვენებელს, ასევე მოწევასა და ბევრ სხვა ფაქტორს უკავშირდება. სწორედ ამიტომ ამგვარი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი, როგორც ინსულტის მსოფლიო ორგანიზაციის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა მტკიცებულებებზე დაფუძნებული მკურნალობის დანერგვაა, რაც ტრენინგებსა და შესაძლებლობების გაძლიერებას მოიცავს. ამ კონფერენციას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს როგორც საქართველოსთვის, ისე მეზობელი ქვეყნებისათვისაც: როგორ შეუძლიათ მათ ინსულტის მკურნალობის არსებული სისტემისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და პაციენტების სათანადო მკურნალობის უზრუნველყოფა“, – ამბობს ჯეიარაჯ პანდიანი, „ინსულტის მსოფლიო ორგანიზაციის” პრეზიდენტი.

„ნებისმიერი საგანმანათლებლო აქტივობა ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი ექიმებისა და მკვლევრებისთვის. სწორედ ეს იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც 25 წლის წინ ამ კონფერენციის ორგანიზება გადავწყვიტეთ. დღეს ძალიან სასიამოვნო შეხვედრა გვაქვს. როგორც იცით, აქ  არიან ექსპერტები სხვადასხვა ქვეყნიდან – ევროპიდან, შეერთებული შტატებიდან, კანადიდან. ისინი დამსწრეებს განახლებულ მასალებს, კლინიკურ გაიდლაინებსა და რეკომენდაციებს გაუზიარებენ იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მართონ სხვადასხვა ტიპის ინსულტის მქონე პაციენტები“, – აღნიშნავს TCD Global-ის პრეზიდენტი ალექსანდრე რაზუმოვსკი.

„მთლიანად მედიცინისა და მათ შორის ნევროლოგიის განვითარება წარმოუდგენელია უახლესი ინფორმაციის გაცვლის, თანამედროვე კვლევების შედეგების გაცნობის, ექსპერტიზისა და ექსპერტული ცოდნის გაცემის გარეშე. ძალიან სასიამოვნოა, რომ აქ ძალიან ბევრი ახალგაზრდა ექიმი-ნევროლოგია და ასეთ არაჩვეულებრივ ცოდნასა და გამოცდილებას იღებს“, – ამბობს ირაკლი სასანია, ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები