კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში დაკითხეს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია.
მისი თქმით, 8 საათის განმავლობაში გამოძიების ძირითადი კითხვები ეხებოდა 4 ოქტომბრის საქმესა და რამდენიმე მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერს. ბაჩო ახალაიას მტკიცებით, ეს მასალა ფალსიფიცირებულია და „პროპაგანდისთვის გამოიყენება“.
„ძირითადად ეხებოდა იმ ვიდეო თუ აუდიო ჩანაწერს, ვის იცნობ, რას იცნობ, როდის გაიცანი. დიდხანს სვამდნენ კითხვებს, იმეორებდნენ, ამოწმებდნენ, ათანხმებდნენ. ეს ყველაფერი რას ნიშნავდა. ამდენი დრო არ სჭირდებოდა.
ძირითადი არსი იყო ჩანაწერი, სხვადასხვა ხმაა, სხვადასხვა სამყაროს ხმებია. მე დასამალი არაფერი მაქვს. კითხვები იყო, ვის ვიცნობ, ვისთან ვახლობლობ და ასე შემდეგ“, – განაცხადა ბაჩო ახალაიამ.
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში ის დღის პირველ საათზე მივიდა და მედიასთან ისაუბრა.
„სიტყვა, ბგერა არ არის ჩემი. ვისაც აინტერესებს, მინდა გითხრათ, რომ არასდროს მიკადრებია ბატონი პაატასთვის, პაატათი მიმართვა და ამ სტილით, ჩემი უფროსი მეგობარია და ყოველთვის მოკრძალებით ვესაუბრები. მამაჩემის ტოლი კაცია და საერთოდ სხვა სახის ურთიერთობა გვაქვს, ვიდრე იქ ჩანს…“
ბაჩო ახალაიას განცხადებით, რცხვენია, რომ არანაირი ფორმით არ იყო ჩართული 4 ოქტომბრის აქციის დაგეგმვაში. ყოფილი მაღალჩინოსნის განცხადებით, ელის, რომ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მას დააკავებენ:
„ძალიან მრცხვენია, რომ ეს ხალხი ახლა ზის და მე უბრალოდ სამზარეულოდან ვადევნებდი ამას თვალს. მეორე მხრივ, ცოტა საღი აზრის ფარგლებშიც, თუ აზროვნებენ ადამიანები, უნდა ესმოდეთ, რისი ორგანიზება არის. ბატონი პაატა ბურჭულაძისა და ლევან ხაბეიშვილის მოწოდებას სჭირდებოდა ვინმეს ორგანიზება?“
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს ბაჩო ახალაიას მეუღლე, ანა ნადარეიშვილი. ამის შესახებ მან „ფეისბუკზე“ დაწერა.
