ფინეთის თავდაცვის მინისტრმა ანტი ჰაკანენმა ევრონიუსს განუცხადა, რომ მისი ქვეყანა გადაამოწმებს, რამდენად მიაღწევს ევროპის მიერ უკრაინის არმიისთვის შეძენილი იარაღი დანიშნულების ადგილს. ევროპელი მოკავაშირეები ღელავენ, რადგან ამერიკის შეერთებულ შტატებს სამხედრო რესურსი უმცირდება ირანში ომის გამო და თან მედიაში გამოჩნდა ინფორმაცია, რომ ამერიკამ შესაძლოა აქტივები გადაამისამართოს.
შონა მიურეი, ევრონიუსი: „ევროპული ქვეყნები ამბობენ, რომ ირანის ომი მათი ომი არ არის და რომ ნატო თავდაცვითი ალიანსია. საინტერესოა, მაინც როდის იტყვის ამერიკის შეერთებული შტატები: „ან დაგვეხმარებით ირნაში, ან მიგატოვებთ უკრაინაში“? დღეს ჩემი სტუმარი ევრონიუსზე არის ფინეთის თავდაცვის მინისტრი ანტი ჰაკანენი, რომელიც ამბობს, რომ მისი ქვეყანა - ფინეთი - ამაში მონაწილეობას არ მიიღებს. ბატონო მინისტრო, მინდა, იმ ინფორმაციის თაობაზე გკითხოთ აზრი, რომელსაც ბოლო დროს ვისმენთ ირანის ომთან დაკავშირებით. როგორც ჩანს, ამერიკას მართლაც სურს, რომ ევროპა გვერდით დაუდგეს. რამდენად აპირებს ფინეთი ამ საკითხზე დაფიქრებას?“
ანტი ჰაკანენი, ფინეთის თავდაცვის მინისტრი: “ევროპელი მოკავშირეები ამჟამად განვიხილავთ, მაინც როგორი შეიძლება იყოს ჩვენი როლი. თუმცა ეს არ არის ევროპის ან ნატოს ომი, ეს აშკარაა. მაგრამ ჰორმუზის სრუტეში ვაჭრობასთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემების საკითხის ირგვლივ დისკუსია ნამდვილად მიმდინარეობს, თუ როგორ უნდა გადაიჭრას ეს საკითხი, თუმცა...რაც შეეხება ნატოს, ჩემი აზრით, აბსოლუტურად ცხადია, რომ ნატო არ უნდა ჩაერიოს ამაში“.
შონა მიურეი, ევრონიუსი: „გასაგებია, მაგრამ მოდი, ევროპის გადმოსახედიდან ვისაუბროთ, რადგან ყველამ მოვისმინეთ სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადება დიდი შვიდეულის შეხვედრის წინ. მან თქვა, ევროპა ისევ ამტკიცებს, რომ ეს მისი ომი არ არისო. არც უკრაინაა ამერიკის შეერთებული შტატების ომი, მაგრამ ჩვენ მას ვეხმარებითო. მაინც რამდენ ხანს მოახერხებს ევროპა განზე დგომას? მე არ ვგულისხმობ მხოლოდ იმ კოალიციაში მონაწილეობას, რომელიც ჰორმუზის სრუტის ირგვლივ მსჯელობს, თუ როდის დამთავდრება ომი. იმის თქმა მინდა, რომ ისინი მოგვიწოდებენ, ამ კონფლიქტში ჩავერთოთ რაღაც ფორმით“.
ანტი ჰაკანენი, ფინეთის თავდაცვის მინისტრი: “რაც შეეხება ფინეთს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ის რუსეთის მეზობლად მდებარე პატარა ქვეყნაა, მთელი ჩვენი რესურსი ამ რეგიონის მზადყოფნაშია ჩართული და არავითარი შესაძლებლობა აღარ გაგვაჩნია, რომ რამენაირად მივიღოთ მონაწილეობა“.
შონა მიურეი, ევრონიუსი: „მაინც რისი გაკეთება შეუძლია ევროპას, თუ საერთოდ შეუძლია, რადგან ისეთ რეგიონსა და ტოპოგრაფიაზეა საუბარი, რომელიც სრულიად განსხვავდება იმისგან, რასაც ფინეთი ან ბალტიისპირეთის სხვა ქვეყნები არიან მიჩვეული, როდესაც საქმე რუსეთიდან მომავალი საფრთხის შეკავებას ეხება. თქვენი აზრით, რამდენად შეუძლია ევროპას ჰორმუზის სრუტის საკითხში რაიმე დახმარების გაწევა?“
ანტი ჰაკანენი, ფინეთის თავდაცვის მინისტრი: „ჩემი აზრით, დასავლეთ ევროპის დიდი ქვეყნები, რომელთაც დიდი საზღავო ფლოტი ჰყავთ, სწორედ ახლა მსჯელობენ ამ საკითხზე და გარკვეული განცხადებებიც გააკეთეს. რაც შეეხება ფინეთს, ჩვენ ბალტიის ზღვაზე მოქმედებას ვართ მიჩვეული, რომელიც საკმაოდ წყალმარჩხია და მთელი ჩვენი რესურსი სწორედ ბალტიის საგუშაგოსა და იქ მიმდინარე მზადყოფნის ოპერაციებს ხმარდება. ასე რომ, ნამდვილად არ შეგვიძლია სხვა არჩევანის გაკეთება და ამ მხარეში ჩვენი პრინციპების შეცვლა“.
შონა მიურეი, ევრონიუსი: „მაგრამ არ მიგაჩნიათ, რომ ევროპელებმა სულ მცირე უნდა სცადონ და დაეხმარონ ამერიკელებს ასეთ დროს, რადგან ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა საკმაოდ დიდი დარტყმაა ევროპაზე? იმის თქმა მინდა, რომ შესაძლოა, ეს არ არის ევროპის ომი, მაგრამ ის აისახება ევროპაზე“.
ანტი ჰაკანენი, ფინეთის თავდაცვის მინისტრი: „რა თქმა უნდა, ვიცით, რომ ეს ომი ძალიან დიდ ზიანს აყენებს ევროპას. სწორედ ამიტომ მსჯელობს ახლა რამდენიმე ქვეყანა, თუ რისი გაკეთება შეუძლიათ ისე, რომ არ ჩაერთონ საომარ მოქმედებაში, მაგრამ მშვიდობის დამყარების შემდეგ შეძლონ რაღაც. რამდენიმე ქვეყანა დამოუკიდებლად აფასებს ახლა ვითარებას. მაგრამ რაც შეეხება ფინეთს, მიმაჩნია, რომ ჩვენი ძირითადი პასუხისმგებლობა არის რუსეთის საზღავრი და ბალტიის ზღვა. და არ გვაქვს მეტი რესურსი ან შესაძლებლობა, რომ ყურადღება სხვა რამეზე გადავიტანოთ“.
შონა მიურეი, ევრონიუსი: „ბოლო დროს მედიაში მოვისმინეთ ინფორმაცია, რომ „უკრაინის პრიორიტეტული მოთხოვნების სიის“ ე.წ. პურლის PURL მექანიზმის ფარგლებში (Prioritised Ukraine Requirements List - PURL) უკრაინისთვის განკუთვნილი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამხედრო აღჭურვილობა, რომელსაც ევროპა ამერიკისგან ყიდულობს, შესაძლოა ირანში გადაიტანონ, რადგან იქ ომი გრძელდება. და ეს აზრი ნამდვილად არ არის მოკლებული ლოგიკას, რადგან ამერიკელები უამრავ რაკეტას იყენებენ, „პატრიოტის“ Patriot თავდაცვის ძალიან ბევრ სისტემასა და საბრძოლო აღჭურვილობას ხარჯავენ მიმდინარე ომში. ეს საკითხი არ გადარდებთ?“
ანტი ჰაკანენი, ფინეთის თავდაცვის მინისტრი: „რა თქმა უნდა, ამჟამად ვაწარმოებთ დიალოგს ნატოს, სხვა ქვეყნებსა და ამერიკას შორის, თუ რა ვითარებაა ამ მხრივ. ფინეთმაც მიიღო ერთხელ მონაწილეობა ამ პურლის PURL სისტემაში და რაც უკრაინას დაჰპირდნენ, ის უკრაინაში უნდა წავიდეს, ეს აშკარაა“.
შონა მიურეი, ევრონიუსი: „კი ბატონო, მაგრამ როგორ გადაამოწმებთ ამას? როგორ გადააზღვევთ, რომ ნამდვილად ასე მოხდება ამ შემთხვევაში? იარაღი ხომ ამერიკის ხელშია. მათ კი ახლა ირანთან ცხელი კონფლიქტი აქვთ მთელი რეგიონის მასშტაბით და მათ შესაძლოა, თქვან, რომ იცით რა, თქვენ ეს აღჭურვილობა უკრაინისთვის რამდენიმე თვის წინ შეიძინეთ, ჩვენ კი ახლა სულ სხვა მდგომარეობაში ვართო“.
ანტი ჰაკანენი, ფინეთის თავდაცვის მინისტრი: „რაც შეეხება ევროპისა და ამერიკის თავდაცვის ინდუსტრიას, ასევე ახლო აღმოსავლეთსა და აზიელ პარტნიორებს, ჩემი აზრით, საერთო სურათი ასეთია, რომ ყველა ჩვენგანმა უნდა დააჩქაროს საკუთარი თავდაცვის პოტენციალის განვითარება და გააფართოოს მარაგები, რადგან შესაძლოა, მომავალში კიდევ მოხდეს ისე, რომ ორი პრობლემური სცენარი განვითარდეს პარალელურად და ორივეს, მაგალითად, ძალიან დიდი დოზით დასჭირდეს საჰაერო თავდაცვა. აი, ასეთია ძირითადი დასკვნა ამ საკითხში, რომ ინდუსტრიული პოტენციალი და მარაგები უნდა გაიზარდოს. მაგრამ რაც შეეხება ახლა ახლო აღმოსავლეთსა და უკრაინას, უნდა გვახსოვდეს, რომ უკრაინასაც სჭირდება საჰაერო თავდაცვის პოტენციალი. ნატოს გენერალური მდივანი და მისი მოკავშირეთა გაერთიანებული ძალების ევროპული სარდლობაც (ე.წ. SACEUR) დაგვპირდა, რომ ეს პურლის PURL პაკეტი ისე დაიგეგმებოდა, როგორც შეგვითანხმეს ჩვენ, ვინც მის საფასურს ვიხდით. ასე რომ, ჩვენ ვენდობით მათ“.
შონა მიურეი, ევრონიუსი: „კი ბატონო, ენდობით, მაგრამ თუ უკავშირდებით მათ, რათა დააზუსტოთ, რომ ეს ნამდვილად ასე იქნება?“
ანტი ჰაკანენი, ფინეთის თავდაცვის მინისტრი: „რასაკვირველია. ყოველ ჯერზე, როდესაც ვამოწმებთ, თუ როგორ იხარჯება ფული და ჩვენ გვჯერა, რომ ეს მექანიზმი მუშაობს. თუმცა, თუ მას პრობლემები შეექმნა, მისი გადაფასება მოგვიწევს“.
შონა მიურეი, ევრონიუსი: „ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ირანის ომის შედეგად კიდევ ერთი რამ მოხდა: ამერიკამ გადაწყვიტა, რუსეთის ნავთობზე სანქციები მოეხსნა, რაც იმას ნიშნავს, რომ ახლა პუტინს მილიონობით დოლარის შოვნა შეუძლია, რათა უკრაინაში ომი გააგრძელოს და ნატოსაც ავნოს. რას იტყვით ამაზე?“
ანტი ჰაკანენი, ფინეთის თავდაცვის მინისტრი: „თითოეული ქვეყნა დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას, მაგრამ, მოდი, პირდაპირ ვთქვათ, რომ რუსეთი ბოლო 20 წლის განმავლობაში ევროპისთვის მიცემული ნავთობიდან მიღებულ მთელ შემოსავალს სამხედრო პოტენციალის გასაძლიერებლად იყენებდა. ამ სამხედრო ძალით დაესხა თავს უკრაინას და ახლა ევროპასაც ემუქრება. ჩვენ გადავიხადეთ ამის ფული. ასე რომ, გულწრფელად ვთქვათ, რაც ხდება. რუსეთი დიდ ნავთობკომპანიას ჰგავს, რომელსაც უზარმაზარი არმია ჰყავს. ნავთობიდან მიღებული შემოსავლების გარეშე ისინი ვეღარ შეძლებენ ამ ომის წარმოებას. ნავთობზე სანქციების მოხსნა რუსული ომის მანქანის დახმარებას ჰგავს. უკრაინის ომის შემდეგაც იგივე ვითარება დარჩება. და ნატოს ფარგლებში ახლა იმაზე ვფიქრობთ, რომ რუსეთი, შესაძლოა, უკრაინის ომის შემდეგაც აგრესიული იყოს და თუ რამდენად დიდი იქნება ეს საფრთხე, დამოკიდებულია ნავთობის შემოსავლებზე. თუ სამშვიდობო შეთანხმების დადებისთანავე მოხსნი სანქციებს და პუტინი უზარმაზარ შემოსავალს მიიღებს ძალიან სწრაფად, რა თქმა უნდა, რუსეთში სამხედრო რეფორმა დაჩქარდება და საფრთხეც გაიზრდება. ამიტომ, მოდი, ნათლად ვთქვათ, რომ ეს არ არის რაღაც ახალი, საბჭოთა კავშირიც ასე იქცეოდა. ამიტომაც არის სანქციები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ევროპისთვის“.
შონა მიურეი, ევრონიუსი: „ მაშინ რას ფიქრობთ დონალდ ტრამპზე, ნატოს მოკავშირეზე, რომელიც ნატოსა და უკრაინას უფრო დიდი საფრთხის ქვეშ აყენებს?“
ანტი ჰაკანენი, ფინეთის თავდაცვის მინისტრი: „მიუხედავად იმისა, რომ ეს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ მიმართული უსაფრთხოების პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილია.“
შონა მიურეი, ევრონიუსი: „მაგრამ ეს აღარ წარმოადგენს საფრთხეს ამერიკისთვის“.
ანტი ჰაკანენი, ფინეთის თავდაცვის მინისტრი: „ჩემი აზრით, ნატოში ახლა მთავარი გამოწვევა ის არის, თუ როგორ დავაჩქაროთ თავდაცვის ინდუსტრიის განვითარება და გავაფართოოთ თავდაცვის პოტენციალი, რასაკვირველია, და ამ კუთხით ჩვენ ზუსტად იმ პოზიციაზე ვდგავართ, სადაც ამერიკა. მაგრამ სანქციების პოლიტიკა ძალიან მკაფიო უნდა გვქონდეს, რადგან თუკი სანქციებს მოვხსნით, ეს გააძლიერებს რუსეთის ეკონომიკასა და რუსეთის არმიას უკრაინაში და ამავე დროს ნატოსაც გაეზრდება საფრთხე. ასე რომ, ეს საკამოდ კომპლექსური პრობლემაა“.
შონა მიურეი, ევრონიუსი: „რას ფიქრობთ ბარტ დე ვევერის, ბელგიის პრემიერ-მინისტრის კომენტარებზე. მან განაცხადა, რომ ვეღარ მოვახრჩობთ რუსეთის ეკონომიკას, რადგან ამერიკამ ნავთოზბე სანქციები მოხსნა და რომ ახლა უკვე დროა, მოლაპარაკებები ვაწარმოოთ პუტინთან?“
ანტი ჰაკანენი, ფინეთის თავდაცვის მინისტრი: „იცით, უკრაინის ომის შემდეგ სულ მცირე ევროპაში მაინც ყველამ სერიოზულად უნდა აღიქვას რუსეთისგან მომავალი სამხედრო საფრთხე. სანქციების მოხსნა კი მხოლოდ დააჩქარებს ამ საფრთხეს. ნუ ვიქნებით გულუბრყვილონი. 2022 წლის თავდასხმამდე არსებული მდგომარეობა აღარ დაბრუნდება. რა თქმა უნდა, ვცდილობთ, რუსეთთან დიპლომატიური და მეგობრული ურთიერთობა გვქონდეს, მაგრამ, მოდი, პირდაპირ ვთქვათ, ისინი საომარ მდგომარეობაში არიან და შესაძლოა, აგრესიულები იყვნენ. ამიტომ თუკი სანქციებს მოვუხსნით, ეს საფრთხე დაჩქარდება და ევროპის თავდაცვის პერსპექტივაში მივიღებთ ისეთ რეალობას, როდესაც სასწრაფოდ მოგვიწევს ჩვენი თავდაცვის განვითარება, ამიტომ, ცოტა არ იყოს, ფრთხილად ვარ ასეთ ცეცხლთან“.
შონა მიურეი, ევრონიუსი: „ეს ყველაზე რბილი ნათქვამია. სანამ ინტერვიუს დავასრულებთ, კიდევ ერთ საკითხზე მინდა, გესაუბროთ ევროკავშირის გადმოსახედიდან და ეს არის უკრაინისთვის განკუთვნილი 90 მილიარდი ევროს სესხის დაბლოკვა უნგრეთის მიერ. ამას გარდა, პიტერ სიიარტომ, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ისიც განაცხადა, რომ ევროპული საბჭოს შეხვედრების შემდეგ ის რეგულარულად ესაუბრება კრემლს“.
ანტი ჰაკანენი, ფინეთის თავდაცვის მინისტრი: „ამგვარი ქმდებით ისინი ერთგვარად ომის მცდარ მხარეს ეხმარებიან. ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ რუსეთი მხოლოდ უკრაინისთვის არ წარმოადგენს საფრთხეს. მათ შეუძლიათ ძალიან დიდი საფრთხე შეუქმნან ევროკავშირის წევრებსაც. ამიტომ ისეთი ტიპის პოლიტიკა, როგორსაც ახლა უნგრეთი აწარმოებს, მხოლოდ რუსეთს უჭერს მხარს. და ეს ახალი ამბავი, როგორც მედიაში ითქვა, რომ ისინი ინფორმაციასაც აწვდიან რუსეთს, მართლაც ძალიან მძიმეა“.
შონა მიურეი, ევრონიუსი: „და ბოლო კითხვა, ბატონო მინისტრო. თუ გავითვალისწინებთ, რომ თქვენი საარჩევნო ოლქი ფინეთში რუსეთს ესაზღვრება, შეგიძლიათ დაელაპარაკოთ მათ, ვინც, ასე ვთქვათ, გეოგრაფიულად ძალიან შორს იმყოფება ამ საზღვრიდან, მაგალითად, ირლანდიელებსა და ბრიტანელებს, რათა აუხსნათ, თუ რას ნიშნავს ასე ახლოს ცხოვრება რუსეთთან და მასთან 1350-კილმეტრიანი საერთო საზღვრის ქონა, თუ რა განსაცდელის წინაშე დგახართ კიბერთავდასხმების ან უბრალოდ ყოველდღიური რისკების გამო და რატომ არის მნიშვნელოვანი ამ საზღვართან ძალების დიდი კონცენტრაცია?“
ანტი ჰაკანენი, ფინეთის თავდაცვის მინისტრი: „ჩემს მშობლიურ რეიგონში რუსეთთან მეზობლობა არ არის ახალი ამბავი. ჩვენ უკვე რამდენიმე ასეული წელია, მეზობლები ვართ და ამ დროის განმავლობაში ისინი, ცოტა არ იყოს, აგრესიულები იყვნენ და სიურპირზებიც უყვარდათ. ასე რომ, ამას შევეჩვიეთ. ამიტომ აქვს ფინეთს ძლიერი თავდაცვა და ამიტომ აქვს კომპლექსური უსაფრთხოების მოდელი, რათა ჰიბრიდული საფრთხეები დაძლიოს. ამიტომაც ხალხი ამ ამბავს მშვიდად და ცივი გონებით უდგება, თუმცა იმასაც აცნობიერებს, რომ მაინც დიდი ინვესტიციები უნდა ჩავდოთ თავდაცავაში“.
ავტორი: შონა მიურეი
