კატეგორიები

ვრცელდება პიტერ სიიარტოსა და სერგეი ლავროვის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი

ვრცელდება პიტერ სიიარტოსა და სერგეი ლავროვის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი
Copyright AP
გამომძიებელი ჟურნალისტები უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრ პიტერ სიიარტოსა და მის რუს კოლეგას, სერგეი ლავროვს შორის სატელეფონო საუბრის ჩანაწერს ავრცელებენ.

YouTube-ზე გამოქვეყნებულ 94-წამიან ჩანაწერში, რომელიც პლატფორმა Insider-მა გაასაჯაროვა, ლავროვი სიიარტოს რუსი ოლიგარქის, ალიშერ უსმანოვის დისთვის ევროკავშირის სანქციების მოხსნის ლობირებას სთხოვს.

„ალიშერის თხოვნით გირეკავ, მან მთხოვა შეგახსენო, რომ მისი დის საკითხზე რაღაცას აკეთებდი“, — უთხრა ლავროვმა სიიარტოს. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი უპასუხა: „მისი სიიდან ამოღების შესახებ სლოვაკებთან ერთად ევროკავშირში წინადადებას შევიტანთ.“

ჩანაწერი იმ ფონზე გამოქვეყნდა, როცა სიიარტო სკანდალშია გახვეული Washington Post-ის მიერ გავრცელებული ცნობების გამო. გამოცემის თანახმად, იგი ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრებისას კრემლს კონფიდენციალურ ინფორმაციას უზიარებდა.

სკანდალმა მაშინ იფეთქა, როცა უნგრეთი 12 აპრილს ჩანიშნული საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება. ამ არჩევნებში კი უცხო ძალების ჩარევა და მთავრობის მჭიდრო კავშირები მოსკოვთან ძალიან აქტუალური საკითხებია.

სიიარტო საკუთარ ქმედებებს ამართლებს და ამბობს, რომ ევროკავშირის შეხვედრებამდე და მათ შემდეგ რუს კოლეგასთან საუბარი დიპლომატიური პრაქტიკის ნაწილია და რომ იგი სხვა ქვეყნების ოფიციალურ პირებსაც ესაუბრება.

სიიარტოსა და ლავროვის საუბარი 2024 წლის 30 აგვისტოს უცნობმა პირებმა ჩაწერეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სანქტ-პეტერბურგიდან ბუდაპეშტში დაბრუნდა.

სიიარტომ ლავროვს უთხრა, რომ უსმანოვის დის, გულბაჰორ ისმაილოვას, სანქციების სიიდან ამოღების წინადადებას „შემდეგ კვირაში“ წარადგენდა. „როცა გადახედვის პერიოდი დაიწყება, ეს დღის წესრიგის ნაწილი იქნება — ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სიიდან ამოვიღოთ“, — თქვა მან.

ევროკავშირის სანქციები ყოველ ექვს თვეში ერთხელ, ბლოკის წევრი სახელმწიფოების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით უნდა განახლდეს. გულბაჰორ ისმაილოვა, ასევე რუსი ბიზნესმენი ვიაჩესლავ მოშე კანტორი და სპორტის მინისტრი მიხაილ დეგტიარიოვი 2025 წლის მარტში ევროკავშირის სანქციების სიიდან ამოიღეს.

ევროკავშირმა რუსეთთან პოლიტიკური კავშირები 2022 წელს, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, გაწყვიტა და წევრ ქვეყნებს მოუწოდა, უარი თქვან რუსულ წიაღისეულ საწვავზე.

უნგრეთი და სლოვაკეთი მაღალი დონის რუს ოფიციალურ პირებთან კონტაქტებს კვლავ ინარჩუნებენ და არც რუსულ ენერგორესურსებზე ამბობენ უარს.

სატელეფონო ჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ სიიარტომ უცხოურ სადაზვერვო სამსახურებს მისი ტელეფონის მოსმენაში დასდო ბრალი.

„უკვე დიდი ხანია ცნობილია, რომ უცხოური სპეცსამსახურები, უნგრელი ჟურნალისტების აქტიური მონაწილეობით, ჩემს სატელეფონო საუბრებს ისმენენ. დღეს მათ კიდევ ერთი დიდი „აღმოჩენა“ გააკეთეს: დაამტკიცეს, რომ ტელეფონშიც იმასვე ვამბობ, რასაც საჯაროდ. კარგად გიმუშავიათ!“ — დაწერა მან სოციალურ ქსელში.

დაკავშირებული ამბები
იტალიამ ამერიკულ სამხედრო თვითმფრინავებს სიცილიის ავიაბაზაზე დაჯდომის უფლება არ მისცა ვრცელდება პიტერ სიიარტოსა და სერგეი ლავროვის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი