კატეგორიები

აშშ-ის ნებართვის შემდეგ, კუბა რუსული ნავთობის მოლოდინშია

აშშ-ის ნებართვის შემდეგ, კუბა რუსული ნავთობის მოლოდინშია
Copyright AP
მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი განაცხადა, რომ მისთვის „არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს“ კუბისთვის რუსული ნავთობის მიწოდება, ენერგობლოკადაში მყოფი კუნძულოვანი სახელმწიფო მოსკოვისგან ჰუმანიტარული დახმარების პირველ და, ჯერჯერობით, უკანასკნელ პარტიას ელის.

ექსპერტების შეფასებით, 9–10 დღის სამყოფი ნავთობის მარაგი არსებულ კრიზისს ვერ აღმოფხვრის, თუმცა, მოსკოვის მტკიცებით, მათი მიზანია „არ მიატოვონ კუბელი ხალხი სასოწარკვეთილ მდგომარეობაში“:

„უმკაცრესი ბლოკადის პირობებში, ჩვენს კუბელ მეგობრებს ნავთობი და ნავთობპროდუქტები სჭირდებათ. ეს სასიცოცხლოდ აუცილებელია ქვეყნისთვის — ელექტროენერგიის წარმოებისთვის და მოსახლეობისთვის სამედიცინო და სხვა მომსახურების მისაწოდებლად.

რა თქმა უნდა, რუსეთი თავის მოვალეობად მიიჩნევს არა განზე გადგომას, არამედ ჩვენი კუბელი მეგობრებისთვის საჭირო დახმარების გაწევას.

მოხარულები ვართ, რომ ნავთობპროდუქტების ეს პარტია კუნძულზე ჩამოვა, უფრო სწორად, ის უკვე ჩამოვიდა. რაც შეეხება ამერიკულ მხარეს, მხოლოდ იმის დადასტურება შემიძლია, რომ ეს საკითხი ნამდვილად წინასწარ წამოიჭრა ჩვენს ამერიკელ კოლეგებთან კონტაქტების დროს.

ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, ვიმეორებ, იმ სასოწარკვეთილი სიტუაციის გათვალისწინებით, რომელშიც ამჟამად კუბელები იმყოფებიან. ეს, რა თქმა უნდა, გულგრილს ვერ დაგვატოვებს, ამიტომ ამ საკითხზე მუშაობას გავაგრძელებთ“, — განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვი.

კუბისთვის რუსული ნავთობის მიწოდებაზე არაერთხელ ჰკითხეს თეთრი სახლის პრესსპიკერს.

მეტი კითხვა მას შემდეგ გაჩნდა, რაც დონალდ ტრამპი-მა მანამდე არსებული ურყევი პოზიცია მოულოდნელად შეცვალა და, კარიბის ზღვის აუზის ქვეყნისთვის ნედლეულის მიმწოდებელი სხვა სახელმწიფოებისგან განსხვავებით, მოსკოვს სანქციების შემოღებით არათუ არ დამუქრებია, არამედ პირიქით, მათ ხომალდს მწვანე შუქი აუნთო.

„სანქციების პოლიტიკაში ფორმალური ცვლილება არ მომხდარა. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ჩვენ დავრთეთ ნება ერთ ხომალდს ჩავიდეს კუბაში ადგილობრივი მოსახლეობის ჰუმანიტარული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. მსგავსი გადაწყვეტილებები მიიღება ინდივიდუალური შემთხვევების საფუძველზე.

როგორც ადმინისტრაციამ განაცხადა, კუბის ქმედუუნარო ეკონომიკის გამოსწორება შეუძლებელია რადიკალური პოლიტიკური და მმართველობითი ცვლილებების გარეშე“, — განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა, ქეროლაინ ლევიტი.

ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ დაეთანხმა ადმინისტრაცია კუბაში რუსეთის მხრიდან ნავთობის მიწოდებას, მაგრამ არა სხვა ქვეყნების, ქეროლაინ ლევიტი-მა კვლავ განაცხადა, რომ „ეს გადაწყვეტილება მიიღება ინდივიდუალურად, ჰუმანიტარული თუ სხვა მიზეზებით, თუმცა სანქციების პოლიტიკაში არანაირი ცვლილება არ მომხდარა.“

თეთრი სახლის პრესსპიკერის განცხადებით, აშშ „კვლავ იტოვებს უფლებას, მოახდინოს კუბის მიმართულებით, ამერიკის სანქციების პოლიტიკის დარღვევით მოძრავი ხომალდების კონფისკაცია, თუკი ეს იურიდიულად გამართლებულია.“

საგულისხმოა, რომ კუბისკენ მოძრავი, 730 000 ბარელი ნედლეულით დატვირთული რუსული ნავთობტანკერი „ანატოლი კოლოდკინი“ აშშ-ის, ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს მიერ არის სანქცირებული.

ამასთან, დონალდ ტრამპი დღემდე ვარაუდობს, რომ ენერგეტიკული კრიზისის ფონზე კუბა დათანხმდებოდა დიპლომატიას და მიუჯდებოდა მოლაპარაკებების მაგიდას, რაც ჯერჯერობით მიუღწეველი პროცესია.

აშშ-ის პრეზიდენტმა მორიგ ჯერზე განაცხადა, რომ თეირანის წინააღმდეგ წარმოებული სამხედრო ოპერაციის დასრულების შემდეგ, მისი მომდევნო სამიზნე კარიბის ზღვის კუნძულოვანი სახელმწიფო იქნება.

დაკავშირებული ამბები
აშშ-ის ნებართვის შემდეგ, კუბა რუსული ნავთობის მოლოდინშია კუბის უმეტეს ნაწილს ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება