ესპანეთის შემდეგ, ამერიკული სამხედრო თვითმფრინავების მიღებაზე იტალიაც უარს ამბობს. რომი არ აპირებს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე სამხედრო ოპერაციაში ჩართულ თვითმფრინავებს სიცილიაში მდებარე სიგონელას სამხედრო ბაზის კარი გაუღოს.
გადაწყვეტილება იტალიის თავდაცვის მინისტრს, გუიდო კროსეტო ეკუთვნის. ამის შესახებ იტალიური მედია ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომელსაც საკითხზე კომენტარის გაკეთების ავტორიზაცია არ აქვს.
უცნობია, რამდენ სამხედრო თვითმფრინავს ეთქვა უარი და კონკრეტულად როდის, რადგან მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ რამდენიმე ამერიკული ბომბდამშენი სიცილიის აღმოსავლეთით მდებარე ბაზაზე დასაშვებად ემზადებოდა.
იტალიური გამოცემა “Corriere della Sera” კი წერს, რომ, სავარაუდოდ, თვითმფრინავებმა უარყოფითი პასუხი ჰაერში ყოფნის დროს მიიღეს, რადგან ბაზაზე დასაჯდომად იტალიის სამხედრო ხელმძღვანელობასთან წინასწარი კონსულტაცია არ გაუვლიათ. მიღებული გადაწყვეტილება ამერიკის სარდლობას იტალიამ უკვე აცნობა.
უცნობია, რა ეფექტი ექნება მომხდარს აშშ-სა და იტალიას შორის არსებულ თბილ ურთიერთობებზე, იმ ფონზეც, როდესაც იტალიის მთავრობის პოზიციები წაგებული რეფერენდუმის შემდეგ ქვეყნის შიგნით მნიშვნელოვნად შესუსტდა. კიდევ ერთი ფაქტორია ესპანეთის პრეცედენტი, რომელსაც მსგავსი გადაწყვეტილების გამო დონალდ ტრამპი სავაჭრო ურთიერთობების შეწყვეტით დაემუქრა.
მადრიდმა ირანის ომში მონაწილე ამერიკულ თვითმფრინავებს საჰაერო სივრცე გუშინ დაუხურა. საუბარია სევილიის მახლობლად მდებარე მორონისა და კადიზის პროვინციასთან მდებარე როტას საზღვაო ბაზებზე. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება საგანგებო სიტუაციებზე და ასევე ამერიკის იმ საჰაერო კონტინგენტზე, რომელიც ამერიკა-ისრაელის სამხედრო ოპერაციაში არ მონაწილეობს ირანის წინააღმდეგ.
იტალიისა და ესპანეთის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ფართო სურათში იმას ნიშნავს, რომ ახლო აღმოსავლეთის გზაზე მიმავალი ამერიკული თვითმფრინავები ნატო-ს წევრი ამ ორი სახელმწიფოს გვერდის ავლით იფრენენ.
ეს კი შესაძლოა დიპლომატიურ დონეზე პრობლემური გამოდგეს რომი-სა და მადრიდი-სთვის, რადგან ვაშინგტონმა გასულ კვირას პრეტენზია გააჟღერა ნატოს წევრი ქვეყნების მიმართ, რომ ისინი ამერიკის საჭიროებებს არასოდეს ეხმარებიან, თავად კი მუდმივად ითხოვენ დახმარებას, როდესაც საფრთხე ევროპულ უსაფრთხოებას ეხება.
