დონალდ ტრამპი იმუქრება, რომ თუკი ირანი ამერიკის შეერთებულ შტატებს ომის დასრულებასთან დაკავშირებით დროულად არ გაურიგდება, შეთანხმებას არ დადებს და ჰორმუზის სრუტეს არ გახსნის, ვაშინგტონი ხარგის კუნძულს გაანადგურებს; ააფეთქებს ელექტროსაგურებსა და ნავთობის ჭაბურღილებს.
ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში საუბრობს და იმასაც აღნიშნავს, რომ ვაშინგტონი „სერიოზულ მოლაპარაკებებს“, ახლა „უფრო გონიერ რეჟიმთან“ აწარმოებს.
„ამერიკის შეერთებული შტატები სერიოზულ მოლაპარაკებებს აწარმოებს ახალ, და უფრო გონივრულ რეჟიმთან, რათა ირანში ჩვენი სამხედრო ოპერაცია დასრულდეს. დიდ პროგრესს მივაღწიეთ, თუმცა თუ რაიმე მიზეზით შეთანხმება მალე არ შედგება, რაც ალბათ მოხდება, და თუ ჰორმუზის სრუტე დაუყოვნებლივ არ „გაიხსნება ბიზნესისთვის“, ირანში ჩვენს მშვენიერ „ყოფნას“ მათი ყველა ელექტროსადგურის, ნავთობის ჭაბურღილებისა და ხარგის კუნძულის (შესაძლოა, გამტკნარების ყველა ქარხნის!) აფეთქებითა და სრული განადგურებით დავასრულებთ. ამ ყველაფერს ჯერ განზრახ არ „შევხებივართ“. ეს შურისძიება იქნება ჩვენი მრავალი ჯარისკაცისა და მათთვის, ვინც ირანმა წინა რეჟიმის 47-წლიანი „ტერორის მმართველობისას“ დახოცა“, - წერს დონალდ ტრამპი.
ხარგის კუნძული ირანის ნავთობის ექსპორტისა და ეკონომიკისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ქვეყნის ნედლი ნავთობის ექსპორტის დაახლოებით 90% სწორედ ამ კუნძულიდან გადის და მის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ნებისმიერ თავდასხმას გლობალურ ბაზრებზე სერიოზული შედეგების გამოწვევა შეუძლია.
დონალდ ტრამპის მიერ ხარგის კუნძულთან დაკავშირებული განცხადების გავრცელებიდან მალევე თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებმა მის პრესმდივანს, ქეროლაინ ლევიტს დამაზუსტებელი შეკითხვები დაუსვეს:
„საერთაშორისო სამართლის თანახმად, ამ ტიპის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დარტყმა, როგორც წესი, აკრძალულია. რატომ იმუქრება პრეზიდენტი იმით, რაც შეიძლება ომის დანაშაულად ჩაითვალოს ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალების მხრიდან? და როგორ არის ეს თავსებადი იმ განცხადებებთან, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მიზანში მშვიდობიან მოქალაქეებს არ იღებს?“, - ჰკითხა ჟურნალისტმა თეთრი სახლის პრესმდივანს.
„პრეზიდენტმა ირანის რეჟიმს ძალიან მკაფიოდ უთხრა, რომ მათი მხრიდან საუკეთესო ნაბიჯი შეთანხმებაა. ეს იმ განცხადებიდანაც ჩანს, რომელიც წაიკითხეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებულ ძალებს აქვთ შესაძლებლობები, რომლებიც მათ წარმოსახვასაც კი სცდება, და პრეზიდენტს მათი გამოყენების არ ეშინია“, - უპასუხა ქეროლაინ ლევიტმა.
ამავდროულად, სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო ამბობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ირანში საკუთარი მიზნების მიღწევას რამდენიმე კვირაში შეძლებს. მანვე უპასუხა კითხვებს ირანულ ნავთობთან და შესაძლო სახმელეთო ოპერაციასთან დაკავშირებითაც.
„მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, თუ რა იყო ამ ოპერაციის მიზნები. ჩვენ ვაპირებდით და ვანადგურებთ ირანის ფლოტს. ვანადგურებთ მათ შესაძლებლობებს, მათ შორის, მნიშვნელოვნად ვამცირებთ სარაკეტო გამშვებ სისტემებს. ვაპირებთ მთლიანად გავანადგუროთ მათი თავდაცვის ინდუსტრიული ბაზა.
არსებობს წინსვლის გზა, რათა ჩვენს მიზნებს მივაღწიოთ. ამას არა რამდენიმე თვეში, არამდ რამდენიმე კვირაში შევძლებთ.
კიდევ ერთხელ - ირანი იმუქრება, რომ ჰორმუზის სრუტეში მუდვმივ სისტემას შექმნის და თავად გადაწყვეტს, ვინ გაივლის საერთაშორისო წყლებში. ეს არასოდეს მოხდება. სხვათა შორის, ეს დანარჩენმა მსოფლიომაც უნდა გაითვალისწინოს. მათ იქ ჩვენზე მეტიც კი აქვთ დასაკარგი“, - გაანცხადა მარკო რუბიომ
სახელმწიფო მდივანმა გაიმეორა ისიც, რომ პრეზიდენტს რამდენიმე ვარიანტი აქვს, რომ ამერიკიშ შეერთებული შტატების ომის დეპარტამენტი სხვადასხვა სცენარს შექმნილი ვითარების მიხედვით ამზადებს და რომ ამგვარ სიტუაციებში ასეც უნდა ხდებოდეს.
