აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ესპანეთი NATO-დან უნდა გარიცხონ.
ამის შესახებ მან 9 ოქტომბერს ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდერ სტუბთან ოვალურ კაბინეტში პრესკონფერენციის დროს ისაუბრა.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, NATO-სთან მჭიდროდ თანამშრომლობას გეგმავს, თუმცა რამდენიმე ქვეყანა თავის ვალდებულებებს არ ასრულებს და ერთ-ერთი ასეთი ქვეყანა ესპანეთია.
მან სთხოვა ფინეთის პრეზიდენტს, დაუკავშირდეს მადრიდს და გაარკვიოს, რა არის მათი უმოქმედობის მთავარი მიზეზი.
„ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვითანამშრომლებთ ფინეთთან და NATO-სთან. ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. როგორც იცით, ვთხოვე, რომ თავდაცვაში 5% გადაეხადათ და არა 2%. ადამიანების უმრავლესობა ფიქრობდა, რომ ეს არ მოხდებოდა. პრაქტიკულად კი, ეს ერთხმად მოხდა. მხოლოდ ერთი ზარმაცი გვყავს და ეს ესპანეთია. ესპანეთს უნდა დაურეკოთ და გაარკვიოთ, რატომ ჩამორჩებიან. სასაცილო ისაა, რომ ბევრი რამის გამო, რაც გავაკეთეთ, ისინი კარგად არიან. მათ არ აქვთ საბაბი, რომ ხარჯები არ გაზარდონ, მაგრამ არაუშავს. იქნებ, გულწრფელად რომ ვთქვათ, NATO-დან უნდა გააგდოთ“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა უარი თქვა თავდაცვის ხარჯების 5%-მდე გაზრდაზე და მიზეზად ის დაასახელა, რომ ქვეყანას საკმარისი რესურსი უბრალოდ არ გააჩნია.
