საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადებას 6 ოქტომბრიდან დაიწყებს.
სანაკრებო პაუზის ფარგლებში საქართველო ორივე შეხვედრას სტუმრად გამართავს. საქართველოს ნაკრები ესპანეთის ქალაქ ალიკანტეში შეიკრიბება, სადაც 11 ოქტომბერს, ესპანეთთან გასამართი მატჩისთვის მოემზადება. შემდგომ კი ნაკრები თურქეთში გაემგზავრება და 14 ოქტომბერს ჯგუფის მეოთხე შეხვედრას თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.
მოახლოებული მატჩებისთვის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა 25 ფეხბურთელი გამოიძახა. მან ასევე პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებსაც უპასუხა.
„როდესაც ესპანეთსა და თურქეთს სტუმრად ეთამაშები, ცოტა რთულია საუბარი, თუ რა შედეგები გვექნება, განსაკუთრებით ესპანეთზე, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო გუნდია. ზოგადად გეტყვით, რომ ჩვენი მიზანი არ შეცვლილა, ესაა წინსვლა და განვითარება. მჯერა, რომ თუ ამას მივაღწევთ, შედეგებიც სასურველი იქნება.
გუნდის განვითარება ყოველთვის ჩემი პრიორიტეტი იყო და ასე იქნება მომავალშიც. როგორც მთავარი მწვრთნელი, ვაცნობიერებ შედეგების მნიშვნელობასაც, მაგრამ ასეთი მაღალი დონის თამაშები კარგია იმის დასანახად, თუ რა ეტაპზეა საქართველოს ნაკრები. კონკრეტული შედეგი ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, თუმცა ჩემი მიზანი ყოველთვის ის იქნება, საქართველოს ნაკრებმა აჩვენოს, რომ მაღალი დონის გუნდია და ჩვენზე ისაუბრონ, როგორც რთულ მეტოქეზე, აღგვიქვან, როგორც რთული და სერიოზული მეტოქე.
შემტევი ფეხბურთელისთვის გოლების გატანა მნიშვნელოვანია, მაგრამ ფეხბურთში დაცვაც მნიშვნელოვანია და ამ მხრივ, ბოლო დროს გარკვეული გამოწვევები გვქონდა. დაცვაში მიდის თაობათა ცვლა და ახლა ჩემი საქმეა, რომ სწორი ბალანსი ვიპოვო. კარგი იქნებოდა, უფრო მეტი ფეხბურთელი რომ იყოს თავდაჯერებული და კარგ ფორმაში. ასეთ დროს უფრო ადვილია ყველაფერი. მიქაუტაძისთვის მნიშვნელოვანი იყო ახალ გუნდში სეზონის კარგად დაწყება. ჟორჟში ვილიარეალმა ძალიან დიდი თანხა გადაიხადა და მნიშვნელოვანია, რომ კარგ ფორმაშია, რაც ჩვენს ნაკრებსაც წაადგება”, – ამბობს ვილი სანიოლი, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი.

