16 სექტემბერს სლოვაკეთში მასშტაბური საპროტესტო აქციები გაიმართა. პოპულისტი პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს, პრორუსული კურსისა და ეკონომიკური პოლიტიკის გასაპროტესტებლად დემონსტრაციები გაიმართა 16 ქალაქში, მათ შორის დედაქალაქ ბრატისლავაში.
პროტესტის უახლეს ტალღას ბიძგი რობერტ ფიცოს ჩინეთში ვიზიტმა მისცა, სადაც სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უკვე მესამედ შეხვდა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ.
ამასთან, პროტესტი კიდევ უფრო გააძლიერა სლოვაკეთის მთავრობის მიერ ახლახან დამტკიცებულმა მკაცრი ეკონომიის ზომებმა. დამტკიცებული პაკეტი ჯანდაცვისა და სოციალური დაზღვევის თანხების შემცირებას, მაღალშემოსავლიანი პირებისთვის საშემოსავლო გადასახადის გაზრდასა და სხვა ზომებს ითვალისწინებს. მთავრობა აცხადებს, რომ ეს ბიუჯეტის დეფიციტის შესამცირებლად არის აუცილებელი.