კატეგორიები

ეროვნულმა ასამბლეამ საფრანგეთის მთავრობას ნდობა კვლავ არ გამოუცხადა

ეროვნულმა ასამბლეამ საფრანგეთის მთავრობას ნდობა კვლავ არ გამოუცხადა

საფრანგეთი კვლავ პოლიტიკური კრიზისის წინაშეა. 8 სექტემბერს პარლამენტმა საფრანგეთის მთავრობას ნდობა არ გამოუცხადა, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი წლის განმავლობაში პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს უკვე მეოთხე პრემიერ-მინისტრის წარდგენა მოუწევს.

პრემიერ-მინისტრ ფრანსუა ბაირუს წინააღმდეგ ხმა პარლამენტის 364-მა წევრმა მისცა, ხოლო ნდობა მხოლოდ 194-მა გამოუცხადა. ფრანსუა ბაირუს მოლოდინი, რომ პარლამენტი მხარს დაუჭერდა მის მიერ საგარეო ვალის შემცირების მიზნით სახელმწიფო ხარჯების შემცირების იდეას, მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. ფრანსუა ბაირუს თქმით, პარლამენტს აქვს იმის უფლება, რომ ნდობა არ გამოუცხადოს, თუმცა ამით არაფერი შეიცვლება.

„საფრანგეთისთვის პრობლემები და საფრთხე ისევ  იქნება. რადგან თქვენ გაქვთ ძალაუფლება, დაამხოთ მთავრობა, მაგრამ არ გაქვთ ძალა, რეალობა შეცვალოთ. ის უცვლელი დარჩება, ხარჯები კიდევ უფრო გაიზრდება და ისედაც აუტანელი საგარეო ვალის მასშტაბი სულ უფრო  მძიმე და დიდი გახდება“, – აცხადებს საფრანგეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრი ფრანსუა ბაირუ.

პარლამენტის რიგგარეშე სესიის დასრულების შემდეგ ულტრამემარცხენე პარტიის, „უდრეკი საფრანგეთის“, ლიდერმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს გადადგომისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ახალი პრემიერ-მინისტრის წარდგენას არანაირი მნიშვნელობა არ ექნება, თუ ის იმავე პოლიტიკის გატარებას გააგრძელებს.

„ფრანსუა ბაირუს სურდა, სიმართლე ეჩვენებინა და მჯერა, რომ მან ეს შეძლო. თუმცა რასაც შედეგები აჩვენებს, ბაირუს მთავრობის მიღმაა, ესაა მაკრონისა და მისი ხალხის ფარსი, რომელიც ნელ-ნელა ცხადი ხდება. გაიაზრეთ, რომ პარლამენტის წევრთა მხოლოდ მესამედმა გამოუცხადა ნდობა პრემიერ-მინისტრს. ეს ნიშნავს, რომ მაკრონის მდიდრების სასარგებლოდ გატარებული პოლიტიკის საწინააღმდეგოდ პარლამენტის წევრთა ორმა მესამედმა მისცა ხმა. ამგვარად, ის უმცირესობას წარმოადგენს როგორც ეროვნულ ასამბლეაში, ისე ქვეყანაში. სწორედ ამიტომ უკანონოა ბაირუსა და მისი წინამორბედის, მიშელ ბარნიეს პოლიტიკა, რომელიც სრულად უგულებელყოფდა გასული წლის ივნისისა და ივლისის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს“, – აცხადებს საფრანგეთის პარლამენტის წევრი მატილდ პანო.

მთავრობისადმი უნდობლობა ემანუელ მაკრონის საშინაო პოლიტიკურ ამბიციებს კიდევ უფრო ასუსტებს, რადგან ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებით ულტრამემარჯვენე პარტიები ისარგებლებენ. წინასწარი გამოკითხვები აჩვენებს, რომ მარინ ლე პენის პარტია „ეროვნული კრება“ 33%-ით ლიდერობს.

Related news
ემანუელ მაკრონმა ქვეყნის ბირთვული ქობინების მარაგის გაზრდის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონი საფრანგეთის ბირთვული შეკავების განახლებულ ხედვას წარადგენს
სხვა ამბები