პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში 3 სექტემბერს ფუნიკულიორზე ავარია მოხდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. ბოლო მონაცემებით, უბედურ შემთხვევას 15 ადამიანი ემსხვერპლა, 18 კი დაშავდა. ექიმების განცხადებით, დაშავებულთაგან 5-ის მდგომარეობა მძიმეა.
მომხდარის შესახებ საუბრობენ მოქალაქეები – ლისაბონის ერთ-ერთი მკვიდრი ამბობს, რომ ეს ტრაგედია, სავარაუდოდ, გაუფრთხილებლობის გამო მოხდა. ის მიიჩნევს, რომ შესაბამისი სამსახურები ვაგონების გამართულობას სათანადოდ არ ამოწმებდნენ. თუმცა ოპერატორი კომპანია „კარისის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ფუნიკულიორ „გლორიაზე“ ყველა საჭირო ტექნიკური შემოწმება დროულად ტარდებოდა.
„ბოლო წლების განმავლობაში, სავარაუდოდ, არ ხდებოდა სათანადო შემოწმება და ზოგადად ფუნიკულიორი დიდი დატვირთვით მუშაობდა. შესაძლოა, იყო რაიმე ტექნიკური ხარვეზი“, – ამბობს ლისაბონის მკვიდრი.
მედიკოსების განმარტებით, დაშავებულთაგან ხუთი მძიმე მდგომარეობაშია, მათგან ერთ-ერთი ბავშვია. ექიმების ინფორმაციით, დაშავებულთა და დაღუპულთა შორის არიან ტურისტებიც. ბრაზილიელი ტურისტი, მარტა აუსენსაო მედიასთან ჰყვება, რომ იგი სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს.
„ვიღაცამ მირჩია ამ ტრამვაით მგზავრობა. ზუსტად არც კი ვიცი, რა ჰქვია. ძალიან დაღლილი ვიყავი და სახლში წასვლა ვამჯობინე. ჩაჯდომიდან მალევე გავიგე სირენების ხმა და უკვე მივხვდი, რა საშინელებაც მოხდა“, – იხსენებს ტურისტი.
ხელისუფლებამ მომხდარი ქალაქის უახლეს ისტორიაში ყველაზე საშინელ უბედურ შემთხვევად შეაფასა. ტრაგიკული შემთხვევის მიზეზების დასადგენად მიმდინარეობს გამოძიება.