მილიონობით ევროპელი თამაშგარე მდგომარეობაში დატოვა ბინისა და ქირის გაზრდილმა ფასებმა. კრიზისის ეპიცენტრი კი ესპანეთია. ევრონიუსის საერთაშორისო კორესპონდნეტი ვალერი გორია ბარსელონაში ჩავიდა, რათა საკუთარი თვალით ენახა, თუ როგორ მიიმწყვდია კუთხეში მოსახლეობა უზომოდ გაზრდილმა ქირის ფასმა და უძრავი ქონების სპეკულაციურმა სქემებმა.
ბინის შოვნა უამარავი ევროპელისთვის ყველაზე მწვავე პრობლემად იქცა. 2010 წლის შემდეგ ბინის ფასები ევროკავშირში 50%-ზე მეტად გაძვირდა, ქირამ კი 26%-ით მოიმატა. ფასების ზრდა მიწოდების დეფიციტმა და მშენებლობის გაძვირებულმა ხარჯმა გამოიწვია, რასაც ამძიმებს მოკლევადიან გაქირავებაზე დიდი მოთხოვნა. უძრავი ქონების ბაზარზე მოქმედი სპეკულაციური სქემები, რომელთაც ძირითადად უცხოელი ინვესტორები ხლართავენ, ცეცხლზე ნავთს ასხამს ბინების დეფიციტს.
ესპანეთი ამ მხრივ ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყანაა: აქ ბინის ქირა საშუალოდ 80%-ით გაიზარდა ბოლო 10 წელიწადში. უძრავი ქონების ბაზრის კრიზისი რომ დააცხროს, მთავრობას სურს Airbnb-ის სიიდან 65 ათასი ბინა ამოიღოს და უცხოელებს – რომლებიც ევროკავშირის მოქალაქეები არ არიან – უძრავი ქონების შესყიდვაზე გადასახადი გაუძვიროს. მთავრობა ცდილობს ქირის ფასზე ზედა ზღვარიც დააწესოს. მართალია ბინის საკითხი ეროვნული მთავრობის კომპეტენციაში შედის, მაგრამ ევროპულ ინსტიტუტებსაც სურთ ქმედითი ნაბიჯები გადადგან. უკვე დაინიშნა ევროკომისარი დაბინავების საკითხებში და ევროპარლამენტში შეიქმნა სპეციალური კომიტეტი, რომელიც ამ საკითხზე იმუშავებს. მიზანი ერთია: შეიქმნას ხელმისაწვდომი დაბინავების ევროპული გეგმა. საქმე გადადებას აღარ ექვემდებარება – მთელ ევროპაში მრისხანების ტალღა აზვირთდა.
“ბარსელონა ტურისტებით სავსე ქალაქად იქცა. ბინის ქირას უბრალოდ ვერ შეწვდები,“ – ამბობს ბარსელონის მკვიდრი როსარიო კასტელო. იგი ორგანიზაცია „მდგმურების კავშირის“ (Sindicat de Llogateres) ქსელის წევრია, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით იცავს მდგმურთა უფლებებს.
როსარიოს გამოსახლება ემუქრება მას შემდეგ, რაც შენობა, რომელშიც მისი ბინა მდებარეობს ოთხი წლის წინ კომპანია Vandor Group-მა შეისყიდა, რომელიც ბრიტანული საინვესტიციო ფონდის Patron Capital-ის ფილიალია.
„დაახლოებით 26 წელია აქ ვცხოვრობ. შვილებიც აქ გავზარდე,“ – გვიხსნის როსარიო, რომელსაც ამ სახლში პატარა ტანსაცმლის ბრენდის სალონი აქვს სახელწოდებით Pinku No Kuma და მისი და თავისი ქალიშვილის დიზაინით დამზადებულ სამოსს გვიჩვენებს. „Vandor-ს კი უნდა, რომ ეს ყველაფერი წამართვას – სახლიც და ის ყველაფერი, რასაც აქ ვაკეთებ,“ – ამბობს როსარიო.
როსარიოს ერთადერთი ძველი მდგმურია ამ შენობაში. დანარჩენებს ყველას აიძულეს ბინის დატოვება, როგორც კი ქირის ვადა ამოეწურათ. ამ ბინებში ახლა უცხოელი სტუდენტები ცხოვრობენ.
“ბარსელონაში ჩამოდიან მტაცებელი საინვესტიციო ფონდები, რომლებიც მთელ შენობებს ყიდულობენ სპეკულაციური მიზნით, რათა ოთახებად დაშალონ და საერთო-საცხოვრებელი ფართებად აქციონ. და ჩვენ კი გარეთ გყრიან,“ -წუხს როსარიო. „ეს უნდა შეჩერდეს.“
როსარიოს ქირის კონტრაქტი წლინახევრი წინ ამოეწურა. მაგრამ ის უარს ამბობს ბინის დაცლაზე.
„ბინის მესაკუთრე დაჟინებით მოითხოვს გავიდე. მცირე საფასურიც შემომთავაზეს ბინას თუ დავცლი. ბაზარი შევისწავლე, ძალიან ცოტა ბინაა თავისუფალი და თან ძალიან ძვირია. უბრალოდ ვერ შეწვდები,“ – განმარტავს როსარიო.
მართალია გამოსახლება ემუქრება, მაგრამ როსარიომ უჩივლა იმ საინვესტიციო ფონდს, რომელსაც ქირას უხდის. მას სურს ბრძოლა გააგრძელოს.
წინააღმდეგობის მოძრაობა, რომლის უკანაც ბარსელონას „მდგმურების კავშირი“ დგას, ისევ გრძელდება. კვირაში ერთხელ როსარიო ესწრება შეხვედრებს, რომლებსაც საინვესტიციო ფონდების საკუთრებაში არსებული შენობების ბინადარნი აწყობენ. მათ მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, რომ აღკვეთონ გამოსახლებები და ხელისუფლებას მოქმედებისკენ მოუწოდებენ.
მარტინა გეს ტორა, ბარსელონის მკვიდრი, Sindicat de Llogateres-ის წევრი:
“ბინაში ცხოვრების უფლება სრულიად დაუცველია. ამიტომ მიუხედავად იმ შიშისა, რასაც მუდმივად განვიციდთ, რადგან არ ვიცით რამდენ ხანს მოგვიწევს დაქირავებულ ბინაში ცხოვრება, ან სად გადავალთ ამის მერე, მაინც მოვახერხებთ ამ უფლების კოლექტიური დაცვის ორგანიზებას რამდენადაც შესაძლებელია და მოვთხოვთ ინსტიტუციებს, რომ როგორმე დაგვიცვან ამ მასობრივი სპეკულაციისგან.“
მაინც რისი გაკეთება შეუძლია როგორც ეროვნულ ისე ევროკავშირის ხელისუფლებას დაბინავების კრიზისის შესაჩერებლად? მე ბარსელონას მერს ვესაუბრე. იგი იმ ინიციატივას უდგას სათავეში, რომელიც 15 ევროპულ ქალაქს აერთიანებს.
ჟაუმე კოლბონი, ბარსელონას მერი
“ესპანეთში გადავწყვიტეთ ქირის ფასის ზრდა დავარეგულიროთ და ამ ინიციატივას სხვა ქალაქებიც შემოუერთდნენ,“ – ამბობს ბარსელონას მერი. „ბარსელონაში უკვე 8%-ით იკლო ფასმა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ის არის, რომ გადავწყვიტეთ ეარ-ბი-ენ-ბიზე Airbnb ფართის განთავსების აკრძალვა 2028 წლის ნომებრიდან. ეს ნიშნავს, რომ 10 ათასი საცხოვრებელი სახლი დაუბრუნდება ბარსელონას. კატალონიაში ბინის მოკლევადიანი გაქირავებაც დაექვემდებარება ზედა ზღვარს. ეს პირდაპირ აისახება ინვესტორებზე, კერძოდ მოგება შეუმცირდებათ. ეს კი დააფრთხობთ.“
ჟაუმე კოლბონი ხელმძღვანელობს ინიციატივას „მერები დაბინავებისთვის“, რომელიც 15 ევროპული ქალაქის მერმა წამოიწყო და ბრიუსელს მოუწოდებს, რომ ქალაქებს სასწრაფოდ მისცენ სახსრები, რათა შეძლოთ მათი ინვესტირება ისე, რომ ხელმისაწვდომი გახდეს დაბინავება; ხოლო ასეთი ტიპის ხარჯი გათავისუფლდეს ევროკავშირის მიერ ფინანსების ხარჯვაზე დადგენილი შეზღუდვებისგან, რადგან ეს გადაუდებელი პრობლემაა.
„თუ ევროკავშირის მოქალაქეები დაინახავენ, რომ ასეთ მასშტაბურ პრობლემას ევროპული ინსტიტუტები ყურადღებას არ აქცევენ, ამას ლეგიტიმაციის კრიზისი მოჰყვება. ასე რომ უბრალოდ სოციალური პრობლემის მოსაგვარებლად გადადგმულ ნაბიჯზე კი არ ვსაუბრობთ. არამედ დემოკრატიისა და ევროპული პროექტის დაცვაზე,“ – განმარტავს ბარსელონას მერი.
ავტორი: ვალერი გორია