აშშ-ის არმიის ხელმძღვანელობით სამხედრო წვრთნა, სახელწოდებით „Project Flytrap“, უკრაინაში მიღებული გამოცდილების გათვალისწინებით ტარდება. როგორც ცნობილია, დაბალბიუჯეტური დრონების გამოყენებამ ფრონტზე დიდი როლი ითამაშა.
უმთავრესი ამოცანაა, თუ როგორ უნდა იმოქმედონ სახმელეთო დანაყოფებმა, როდესაც მტერი მათ უპილოტო საფრენ აპარატებს უპირისპირებს… წვრთნებში მონაწილეობენ ნატოს მოკავშირეები, პარტნიორები და თავდაცვის ინდუსტრიის ექსპერტები.
ისინი ამოწმებენ აღჭურვილობას, რომელიც შექმნილია მოწინააღმდეგის დრონების აღმოჩენის, თვალთვალისა და განადგურების მიზნით. ეს მანევრები ალიანსის სტრატეგიის ნაწილია, რომელიც ტექნოლოგიური უპირატესობის შენარჩუნებით შემაკავებელი ძალის შენარჩუნებასა და ნებისმიერი საფრთხისგან დაცვას ითვალისწინებს.
როგორც ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ამბობენ, გამოცდილება ალიანსის მასშტაბით სამხედრო ინოვაციებისთვის იქნება გამოყენებული — დაწყებული თითოეულ ჯარისკაცზე გაცემული აღჭურვილობით დამთავრებული ბრიგადის დონეზე შექმნილი თავდაცვითი სისტემებით.
„ეს პროექტი პასუხობს სამ მთავარ კითხვას: პირველი – რა სახის აღჭურვილობაა ეფექტიანი. მეორე – როგორ უნდა დავნერგოთ ეს აღჭურვილობა პრაქტიკაში და მესამე – უნდა გადავხედოთ თუ არა ჩვენი მოქმედების მეთოდებს ისე, რომ დრონების გამოყენება და მათთან ბრძოლა სრულად ავსახოთ შესაბამის სტრატეგიაში. ამ ეტაპზე ჩვენ ვცდით დრონების საწინააღმდეგო სხვადასხვა სისტემას. მათი ნაწილი განკუთვნილია თვალთვალისთვის – ანუ ადგენს, არის თუ არა დრონი კონკრეტულ ზონაში. მეორე ნაწილი სიგნალის ჩახშობისთვისაა. ის განსაზღვრავს, რამდენად შეგვიძლია დრონების მოქმედების შეზღუდვა ან, სულ მცირე, იმის მიღწევა, რომ ვერ გვითვალთვალონ. სწავლება გვაძლევს საშუალებას, გავიგოთ ორი რამ: შეგვიძლია თუ არა დრონის აღმოჩენა და მისი ჩახშობა და შემდეგ – დრონების განეიტრალება ცაში“, – ამბობს წვრთნებში მონაწილე ამერიკელი ოფიცერი ლეიტენანტი ითან ჯოშუა მური.
აღმოსავლეთ ევროპაში, დრონების საწინააღმდეგო სწავლების გარდა, აქტიური საჰაერო მანევრებიც ტარდება… ბრიტანული „Typhoon“-ები და შვედური „Gripen“-ები პოლონურ გამანადგურებლებთან ერთად პოლონეთის ჩრდილოეთით, კალინინგრადთან ახლოს, საჰაერო სივრცეში, პატრულირებენ.
ეს მანევრები ნატოს გაძლიერებული საჰაერო პატრულირების მისიის ნაწილია, რომელიც მალბორკის ავიაბაზიდან ხორციელდება. სამხედრო მფრინავების მთავარი ამოცანებია: საჰაერო სივრცის დარღვევის შემთხვევაში სწრაფი რეაგირება, აგრესიის შეკავება და ნატოს კოლექტიური მზადყოფნის დემონსტრირება.
„ჩვენ აქ ვართ ნატოსთვის, ნატოს წევრი ქვეყნებისათვის. ჩვენ აქ ვართ კოლექტიური დაცვის უზრუნველსაყოფად ჩვენი სხვა პარტნიორების გვერდით, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ფლანგზე ამ საყურადღებო პერიოდში. ის სისწრაფე, რომლითაც ჩვენი თვითმფრინავები მოქმედებენ ყურადღებამისაქცევი საფრენი აპარატებს მიმართ, ნათლად აჩვენებს, რამდენად მყარია ჩვენი თანამშრომლობა საჰაერო პატრულირების მისიაში როგორც შეკავების, ისე კოლექტიური თავდაცვის ინტერესებიდან გამომდინარე“, – აღნიშნა კრის ჯეიკობმა, იგი ბრიტანეთის სამეფო საჰაერო ძალების ქვედანაყოფის მეთაურია.
2025 წლის მარტიდან პოლონური და რუმინული სამხედრო ავიაცია ბალტიის ქვეყნების საჰაერო სივრცეში პატრულირებს. ამ როტაციაში ლიდერის როლი პოლონეთს უკავია — მისთვის ეს უკვე მეცამეტე როტაციაა, ხოლო რუმინეთისთვის – მესამე. ისინი ერთად იცავენ ბალტიის რეგიონის საჰაერო სივრცეს.
ორივე ქვეყანა, პოლონეთიც და რუმინეთიც, F-16 Fighting Falcon-ის ტიპის მრავალფუნქციურ საბრძოლო თვითმფრინავებს იყენებს. როგორც ალიანსის ოფიციალურ ვებსაიტზე ვკითხულობთ, თანამედროვე რადარითა და გადამჭერი სისტემებით აღჭურვილი F-16-ები იდეალურად შეესაბამება ნატოს საჰაერო პატრულირების მისიებს, რაც პილოტებს აძლევს შესაძლებლობას, სწრაფი და მკვეთრი რეაგირება ჰქონდეთ საჰაერო სივრცის დარღვევების შემთხვევაში.
კითხვაზე, თუ რომელი ქვეყნის ავიაციას აწყდებიან ისინი მანევრებისას, რუმინული ქვედანაყოფის მეთაური პოლკოვნიკი ვასილე პეტრეა ამბობს:
„უმეტეს შემთხვევაში ეს არის რუსეთის ფედერაციის გამანადგურებლები, სატვირთო ან სადაზვერვო თვითმფრინავები. ისინი ან წვრთნებს ატარებენ, ან სპეციალური მისიები აქვთ. ყოველ ჯერზე, როდესაც ისინი ნატოს საჰაერო სივრცეს ძალიან მიუახლოვდებიან, ჩვენ ჰაერში უნდა ვიყოთ. საუბარი მარტო ბალტიის ცაზე არ არის — ეს ნატოს საჰაერო სივრცეა. ჩვენ ერთად ვიდგებით, ერთად ვიბრძოლებთ და ერთმანეთს დავიცავთ, როცა საჭიროა. სწორედ ეს აჩვენებს ნატოს სიმტკიცეს ყველა წევრი სახელმწიფოს მიმართ“.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ნატოს წევრმა ქვეყნებმა თავდაცვის ხარჯები გაზარდეს, რომელთაგან ბევრმა მშპ-ზე გათვლით 2%-ს გადააჭარბა. იარაღზე, დრონებსა და საბრძოლო მასალაზე მოთხოვნამაც მნიშვნელოვნადაა იმატა. უკრაინის გამოცდილების გათვალისწინებით, ევროპის ქვეყნები შეიარაღებული ძალების გარდაქმნის პროცესში აქტიურად არიან ჩართული.