კატეგორიები

უკრაინის აღმოსავლეთ ფრონტზე უკრაინელი ჯარისკაცები კვლავ იგერიებენ რუსეთის შეტევებს

უკრაინის აღმოსავლეთ ფრონტზე უკრაინელი ჯარისკაცები კვლავ იგერიებენ რუსეთის შეტევებს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხუთშაბათს, 7 აგვისტოს, განაცხადა, რომ შესაძლოა, მომავალ კვირას შეხვდეს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ან იტალიის დედაქალაქ რომში. თუმცა თეთრი სახლის წარმომადგენლის აზრით, სამიტი შეიძლება საერთოდ არ ჩატარდეს, თუ კრემლის ლიდერი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას არ დასთანხმდება.

ამავდროულად ქვეყნის აღმოსავლეთ ფრონტის ხაზზე უკრაინელი ჯარისკაცები კვლავ იგერიებენ რუსეთის შეტევებს.

სპარტანული დანაყოფის უპილოტო საფრენი აპარატის, „პინგვინის“, მეთაურმა, „ბუდამ,“ განაცხადა, რომ რუსი ქვეითი ჯარისკაცები ინტენსიურად მოძრაობდნენ პოკროვსკის მიმართულებით. მან ასევე შენიშნა, რომ რუსებმა თავიანთი საარტილერიო დანაყოფები ფრონტის ხაზთან ძალიან ახლოს განალაგეს.

„ვხედავთ, რომ არტილერია გააქტიურდა და ამ მიმართულებით მტრის ქვეითი ჯარის გადაადგილება შესამჩნევად გახშირდა. ისინი უფრო ინტენსიურად ისვრიან. როგორც ჩანს, უფრო მეტი არტილერია შემოიყვანეს. სიტუაცია რთულია. ჩვენ უბრალოდ უფრო ძლიერად დავარტყამთ მათ, სულ ესაა. დიახ, ჩვენ მათ ვპოულობთ და ვანადგურებთ“, – ამბობს ბუდა, სპარტანული დანაყოფის მეთაური.

სპარტანული დანაყოფი ამერიკული დრონების გამოყენებით ადგენს და გადასცემს კოორდინატებს საარტილერიო დანაყოფებს, რათა მათ რუსულ პოზიციებს ცეცხლი გაუხსნან. ბუდას თქმით, ამ დრონების სიმრავლე უკრაინელებს ბრძოლაში ძალიან დაეხმარება.

„რუსები როგორმე უნდა შევაჩეროთ. მათთან მშვიდობიანი მოლაპარაკება შეუძლებელია. ერთადერთი ვარიანტი მათი დამარცხებაა. მინდა, რომ ისინი დასთანხმდნენ და ეს ყველაფერი შეწყდეს, მაგრამ რუსეთი ამას არ გააკეთებს. მათ არ სურთ მოლაპარაკება. ამიტომ ერთადერთი ვარიანტი მათი დამარცხებაა“, – ამბობს ბუდა, სპარტანული დანაყოფის მეთაური.

„ახლა ზუსტად ის ომია, რომელიც ადრე იყო. შესაძლოა, სადღაც რაღაც იცვლება, მაგრამ ჩვენს ტერიტორიაზე ყველაფერი იგივე რჩება. ნუ მიაქცევთ ყურადღებას, რას ამბობენ ახალ ამბებში. ჩვენ უნდა დავიცვათ ქვეყანა მანამ, სანამ არ გამოაცხადებენ, რომ ყველაფერი დასრულდა“, – ამბობს ბრონსონი, 148-ე საჰაერო-საიერიშო დანაყოფის სამხედრო მოსამსახურე.

148-ე საჰაერო-საიერიშო დანაყოფმა კოორდინატები ამერიკული M777 „ჰაუბიცის“ გამოყენებით მიიღო და რუსული პოზიციებისკენ ცეცხლი გახსნა.

„ჰაუბიცის“ მეთაური, მეტსახელად „ვარშავა“, პოლონეთში თითქმის 10 წელი ცხოვრობდა, სანამ 2022 წელს  რუსეთი უკრაინაში შეიჭრებოდა.  მან ამის შემდგომ სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა და ომში ჩაერთო.

„მინიმალური შედეგი მაინც აქტიური საომარი მოქმედებების შეწყვეტაა. ეს იქნება დიალოგისა და მოლაპარაკებების პირველი ნიშანი. ეს ამჟამად არ ხდება. შესაძლოა, ისინი ხვდებიან, რომ ცოტა დრო დარჩათ და ცდილობენ კიდევ უფრო მეტის ხელში ჩაგდებას, რათა მოლაპარაკებებზე უფრო ძლიერი პოზიციიდან ისაუბრონ. ჩვენ ჩვენს მიწაზე ვართ, გამოსავალი არ გვაქვს. ამიტომ ჩვენს პოზიციაზე ვდგავართ. არავინ მოვა აქ ჩვენს დასაცავად. ასე რომ, ბრძოლა ერთადერთი გზაა“, – ამბობს ვარშავა, „ჰაუბიცის“ მეთაური.

Related news
უნგრეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობა მწვავდება რუსეთმა უკრაინის ქალაქ მიკოლაივზე დრონებით იერიში მიიტანა
სხვა ამბები