პორტუგალიაში ხანძარს 2000-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი ებრძვის. ამ დროისთვის ხანძრის 3 კერაა, სადაც საერთო ჯამში 670 სახანძრო მანქანა და 21 ვერტმფრენია მობილიზებული.
პორტუგალიაში ბოლო რამდენიმე დღეა, 40 გრადუსზე მაღალი ტემპერატურაა.
ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, ესპანეთთან ახლოს, ხანძარი, რომელიც შაბათ საღამოს დაიწყო, უკვე რამდენიმე დღეა, მძვინვარებს, საფრთხეს უქმნის სოფლებსა და გერეშის დაცულ ტერიტორიებს.
„აი, ხედავთ, როგორ იწვის ყველაფერი. მინდა, რომ ხანძარი არ გავრცელდეს. ვფიქრობ, ბილიკებზე მომუშავეები ხეობის მეორე მხარეს არიან და ცდილობენ, რომ ცეცხლი სხვა მხარეს არ გადავიდეს“, – ამბობს რიკარდო მენდეში, ადგილობრივი მცხოვრები.
ორშაბათის გვიან საათებში ორი ახალი ხანძარი დაიწყო ქვეყნის ცენტრალურ რეგიონში, რომელიც სწრაფად გავრცელდა ძლიერი ქარისა და მაღალი ტემპერატურის გამო.
ველური ხანძრები პორტუგალიაში ხშირია, განსაკუთრებით სოფლებში.
2024 წელს ხანძართან პირდაპირ დაკავშირებული მინიმუმ 5 გარდაცვალების შემთხვევა გამოვლინდა და ათობით ადამიანი დაშავდა.