ისრაელის თავდაცვის ძალებმა 16 ივლისს სირიის დედაქალაქ დამასკოში ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს შტაბ-ბინაზე მიიტანეს საჰაერო იერიში. სირიის მთავრობის ინფორმაციით, დაიღუპა სირიის 3 მოქალაქე, 34 კი დაშავდა.
სირიის სამხრეთში ეთნიკური დრუზებით დასახლებული რეგიონი ერთ-ერთია, რომელზე კონტროლის აღდგენაც სირიის ახალ პრეზიდენტ აჰმედ ალ-შარაას სურს. ქვეყნის მთავრობამ რეგიონში სამთავრობო ძალების გაგზავნის საბაბად გამოიყენა დრუზებსა და ბედუინებს შორის დაპირისპირება, რომლის მოსაგვარებლადაც სირიის სამხედრო ძალები ჩარიეს. თუმცა რეგიონის უდიდესი ქალაქის, ელ-სუვაიდის, აღებას ისრაელის მთავრობა ეწინააღმდეგება.
საპასუხოდ, ისრაელმა ქვეყნის ტერიტორიაზე, მათ შორის დედაქალაქ დამასკოსა და სუვაიდაში, სირიის შეიარაღებულ ნაწილებზე დრონებითა და რაკეტებით მიიტანა იერიში. ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა, სოციალურ პლატფორმა X-ზე განცხადებაც გაავრცელა:
„დამასკოს გაფრთხილება დასრულდა – ახლა მტკივნეული დარტყმები დაიწყება. ისრაელის თავდაცვის ძალები გააგრძელებენ მოქმედებებს სუვაიდაში, რათა გაანადგურონ ის ძალები, რომლებიც დრუზებს თავს დაესხნენ. ჩვენ ვაიძულებთ მათ, რომ სრულად გაიყვანონ ჯარი. ისრაელში ჩვენს დრუზ ძმებს მივმართავ, შეგიძლიათ იმედი გქონდეთ ისრაელის თავდაცვის ძალების, რომლებიც დაიცავენ თქვენს ძმებს სირიაში. პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ და მე, როგორც თავდაცვის მინისტრი, ვიღებთ ვალდებულებას და ამას შევასრულებთ“, – წერს ისრაელ კაცი სოციალურ პლატფორმა X-ზე.
მოგვიანებით, გავრცელდა კადრები, რომლებშიც ჩანს, თუ როგორ მიდიან ისრაელში მცხოვრები დრუზები ჩრდილოეთ საზღვრიდან სირიაში, რათა სირიის სამთავრობო ძალების წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაერთონ.
სირიის მთავრობამ ყველა ეთნიკურ-რელიგიურ ჯგუფს განიარაღებისა ან მათი შეიარაღებული დაჯგუფებების ერთიანი სირიის არმიის ქვეშ გაერთიანებისკენ მოუწოდა. მსგავსი მოთხოვნა სირიის ახალმა პრეზიდენტმა აჰმედ ალ-შარაამ წაუყენა ქვეყნის სამხრეთში მცხოვრებ დრუზებსაც, თუმცა ისრაელი ამის წინააღმდეგი იყო და სირიის მთავრობისგან ამ რეგიონის დემილიტარიზაცია, ასევე, არმიის გაყვანა მოითხოვა.
ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო გამოეხმაურა და მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა.
We have engaged all the parties involved in the clashes in Syria. We have agreed on specific steps that will bring this troubling and horrifying situation to an end tonight. This will require all parties to deliver on the commitments they have made and this is what we fully…
— Marco Rubio (@marcorubio) July 16, 2025
„ყველაფერი ძალიან რთულადაა. ესაა ისტორიული და ხანგრძლივი მეტოქეობა სირიის სამხრეთ-დასავლეთით მცხოვრებ სხვადასხვა ჯგუფს შორის, კერძოდ, ბედუინებსა და დრუზების თემს შორის, რამაც სამწუხარო გაუგებრობა გამოიწვია როგორც ამ თემებში, ისე ისრაელსა და სირიაშიც. ამრიგად, ჩვენ მთელი დღის განმავლობაში ორივე მხარესთან ვთანამშრომლობდით და ვფიქრობ, რომ დეესკალაციისკენ მივდივართ. იმედია, მალე კვლავ სირიის მთავრობის ქვეყნის აშენების გზას დავუბრუნდებით, რითაც ახლო აღმოსავლეთში გაცილებით სტაბილურ მდგომარეობას მივაღწევთ. ასე რომ, ვიმედოვნებ, მომდევნო საათებში რეალურ პროგრესს დავინახავთ და ამ ყველაფერს დავასრულებთ“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ.
ისრაელში მცხოვრებმა დრუზებმა აშშ-ის საელჩოსთან დემონსტრაცია გამართეს და პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სირიის პრეზიდენტ აჰმედ ალ-შარაასთან დიპლომატიური ურთიერთობის შეწყვეტისკენ მოუწოდეს.
მოგვიანებით კი, ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გავრცელდა ცნობები იმის შესახებ, რომ სირიის არმიის ნაწილებმა დატოვეს ქალაქი სუვაიდა და დრუზებით დასახლებული რეგიონი, რითაც მათ შეწყვიტეს რეგიონში დაწყებული სამხედრო ოპერაცია.