მთავარიევროპაუკრაინაუკრაინა „პეტრიოტების“ მოლოდინში

უკრაინა „პეტრიოტების“ მოლოდინში

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, შეცვლილმა რიტორიკამ რუსეთის მიმართ უკრაინელების კმაყოფილება გამოიწვია. პრეზიდენტ ტრამპის მიერ კრემლისთვის მიცემულმა 50-დღიანმა ვადამ ბევრ უკრაინელს დიდი ხნის წინ დაკარგული იმედი დაუბრუნა, თუმცა ზოგიერთი მიიჩნევს, რომ ეს მხოლოდ მორიგი განცხადებაა, რომელსაც ფუნდამენტური ცვლილებები არ მოჰყვება.

შეერთებული შტატების პრეზიდენტი რუსეთს მოუწოდებს,  50 დღის ვადაში დაუბრუნდეს მოლაპარაკებებს და ცეცხლი შეწყვიტოს,  წინააღმდეგ შემთხვევაში იგი 100%-იანი ტარიფებით იმუქრება.

„ჩვენ უნდა ვაკვირდებოდეთ და განვიხილავდეთ არა განცხადებებს, არამედ ქმედებებს, რომლებიც ამ განცხადებებს უნდა მოჰყვებოდეს. მეორეც, სანქციებთან დაკავშირებით ვიტყვი, რომ თუ ამ პაკეტს მიიღებენ, შესაძლოა იმუშაოს, მაგრამ ეს არ იქნება მნიშვნელოვანი. რუსული ნავთობის ექსპორტზე უამრავი ფაქტორი მოქმედებს. დიახ, ეს სანქციები უარყოფითად იმოქმედებს, მაგრამ რამდენად შეამცირებს რუსული გაზისა და ნავთობიდან მიღებულ შემოსავალს? არ მგონია, რომ ზიანი დიდი იყოს, თუმცა კიდევ ვიმეორებ, ჯერ სანქციები უნდა დააწესონ, ხოლო შემდეგ შედეგები გავაანალიზოთ“, – ამბობს კიევის მკვიდრი ოლეს ოლინიკი.

უკრაინის ზოგიერთი მოქალაქე დონალდ ტრამპის განცხადებებს სანდოდ არ მიიჩნევს და ამას იმით ხსნიან, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ახალი ადმინისტრაცია უკრაინის მიმართ პოზიციას ხშირად იცვლის.

„არც კი ვიცი… პუტინი… მე ამ ადამიანის საერთოდ არ მესმის. მეჩვენება, რომ უკრაინის გასანადგურებლად ყველაფერს გააკეთებს. რა თქმა უნდა, ტრამპის განცხადებებმა შესაძლოა ომის დასრულება დააჩქაროს, მაგრამ სიმართლე გითხრათ, მისი დიდად არ მჯერა. ის დღეს ერთს ამბობს, ხვალ კი შესაძლოა სრულიად სხვა რამ თქვას. ამიტომ არ ვიცი. პასუხის გაცემაც კი არ შემიძლია. ტრამპის ნაკლებად მჯერა“, – ამბობს კიევის მკვიდრი, ნინა ტოკარი.

„შეიძლება ის უბრალოდ საზოგადოების განწყობას ამაღლებს. ბევრი რამე თქვა და შედეგი რომ მოჰყოლოდა, ალბათ, მის სიტყვებს მეტი წონა ექნებოდა. საუბარი მარტივია, ხალხი ბევრს საუბრობს. ვნახოთ, როგორ წავა პროცესები. იმედი მაქვს, საუკეთესო შედეგს მივიღებთ და ყველაფერი იქნება ისე, როგორც ჩვენ გვინდა.  ჩვენ კი მშვიდობა გვინდა. გვსურს, ომი დასრულდეს და ყველა ბიჭი ცოცხალი დაგვიბრუნდეს, რადგან მამაჩემიც და ჩემი მეგობრებიც ჯარისკაცები არიან“, – ამბობს კიევის მკვიდრი, არტემ ჰორჩაკოვი.

უკრაინელებს ბევრი კითხვა აქვთ,  თუმცა ვაშინგტონის შეცვლილი პოზიცია მათთვის მაინც სასიხარულოა. დონალდ ტრამპის NATO-თან მიღწეული შეთანხმება, რომელიც კიევისთვის „პეტრიოტის“ ტიპის რაკეტების გადაცემას ითვალისწინებს, ომის სწრაფად დასრულების იმედს იძლევა.

„იმედი მაქვს, რომ ტრამპი იარაღს მოგვცემს და შესაძლოა, ეს ომიც უფრო სწრაფად დასრულდეს. ასე ვფიქრობ. პუტინს ჩრდილოეთკორეელების, ჩინელებისა და გარშემომყოფების დახმარება ნაკლებად რომ ჰქონოდა, ეს ომი შესაძლოა აქამდეც დასრულებულიყო“, – ამბობს კიევის მკვიდრი, ნინა ტოკარი.

NATO-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს თქმით, აშშ,  გერმანია და ნორვეგია უკრაინისთვის „პეტრიოტების“ დროულად გადაცემაზე უკვე მუშაობენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend