სლოვაკეთში მიმდინარეობს მამაკაცის სასამართლო პროცესი, რომელმაც სლოვაკეთის პოპულისტ პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს ესროლა.
იურაი ცინტულას ტერორიზმის ბრალდება წაუყენეს.
„გაუმარჯოს დემოკრატიას, გაუმარჯოს თავისუფალ კულტურას“, – იყვირა სასამართლოში მისვლისას.
72 წლის მამაკაცს ბრალი ედება რობერტ ფიცოს მკვლელობის მცდელობაში. სლოვაკეთის პრემიერს 2024 წლის 15 მაისს ესროლეს, როდესაც ის ქალაქ ჰანდლოვაში მთავრობის სხდომის შემდეგ მხარდამჭერებს ხვდებოდა.
ცინტულას თავდაპირველად მკვლელობის მცდელობაში წაუყენეს ბრალი, მოგვიანებით, პროკურორებმა ეს ბრალდება მოხსნეს და განაცხადეს, რომ მტკიცებულებების საფუძველზე ისინი უფრო სერიოზულ ბრალდებას – ტერორისტულ თავდასხმაში მონაწილეობას – განიხილავდნენ, თუმცა დამატებით დეტალებზე არ უსაუბრიათ.
როგორც ფიცომ ადრე განაცხადა, მას „არ ჰქონდა საფუძველი ეფიქრა“, რომ ეს იყო „მარტოხელა შეშლილი ადამიანის თავდასხმა” და დაადანაშაულა ლიბერალური ოპოზიცია და მედია.
რობერტ ფიცოს პოლიტიკა დიდი ხანია სლოვაკეთში და მის ფარგლებს გარეთ დავის საგანია.
ის მეოთხედ დაბრუნდა ხელისუფლებაში მას შემდეგ, რაც მისმა მემარცხენე პარტიამ „სმერმა“ 2023 წლის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა პრორუსული და ანტიამერიკული გზავნილებით.
ფიცოს კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ მისი ხელმძღვანელობით სლოვაკეთმა პროდასავლური კურსს გადაუხვია და უნგრეთის მიმართულებას მიჰყვა.
ათასობით ადამიანმა არაერთხელ გამართა საპროტესტო აქციები დედაქალაქსა და მთელ სლოვაკეთში ფიცოს პრორუსული პოლიტიკის გასაპროტესტებლად.