ხელისუფლების განცხადებით, ცენტრალურ ტეხასში მომხდარი დამანგრეველი წყალდიდობის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა, 78-ამდე გაიზარდა. ტეხასის გუბერნატორის თქმით, ამ დროისთვის 41 პირი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა. მათ შორის არიან მოლაშქრეები და ზაფხულის ბანაკის კონსულტანტი. მან ასევე დასძინა, რომ სამშაბათამდე, 8 ივლისამდე, კიდევ უფრო მეტი ნალექია მოსალოდნელი, რამაც შესაძლოა, მიმდებარე ტერიტორიებზე დამატებითი საფრთხეები შექმნას.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაზარალებული რეგიონისთვის კატასტროფის მასშტაბურ დეკლარაციას მოაწერა ხელი და განაცხადა, რომ ოჯახებმა წარმოუდგენელი ტრაგედია გადაიტანეს.
პარასკევს, 4 ივლისს, მდინარე გუადალუპე 45 წუთში ადიდდა და მისმა სიმაღლემ რვა მეტრს გადააჭარბა, რამაც სახლები, ბანაკები და მანქანები გაანადგურა.
ტეხასის ხელისუფლებამ მსხვერპლთა და დაკარგული ადამიანების მოსაძებნად ვერტმფრენები, ნავები და დრონები გამოიყენა. ოფიციალური პირების თქმით, პირველი 36 საათის განმავლობაში 850-ზე მეტი ადამიანი გადაარჩინეს.
საზოგადოება ხელისუფლებას აკრიტიკებს იმის გამო, რომ დაუცველ ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეები სათანადოდ არ იყვნენ გაფრთხილებული.
მთავრობამ საპასუხოდ განაცხადა, რომ არ ელოდნენ ასეთ ინტენსიურ წვიმას. მათი თქმით, ისინი იმ რაოდენობის ნალექს ვარაუდობდნენ, რომელიც რეგიონისთვის დამახასიათებელი იყო.
