15 ივნისს, გრენლანდიაში ვიზიტისას, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გრენლანდია არ უნდა „გაიყიდოს“.
დანიისა და გრენლანდიის პრემიერ-მინისტრებთან შეხვედრის დროს ემანუელ მაკრონმა გააკრიტიკა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განზრახვა, გრენლანდიაზე კონტროლის დამყარების შესახებ.
„გრენლანდიაში არსებული მდგომარეობა აშკარად ყველა ევროპელისთვის გამოსაფხიზლებელი ზარი უნდა იყოს. მინდა პირდაპირ გითხრათ, რომ მარტო არ ხართ. ჩვენი სტრატეგიული გზავნილი ისაა, რომ ევროპელები ამას აღიქვამენ, როგორც ევროპულ მიწას და ეს დროშა, რომელიც აქ გაქვთ, ჩვენი საერთო დროშაა“, – ამბობს საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი.
ემანუელ მაკრონი გრენლანდიაში სიმბოლურად მას შემდეგ გაჩერდა, რაც კანადაში, დიდი შვიდეულის სამიტზე მიემგზავრებოდა. სამიტს დონალდ ტრამპიც ესწრება. საფრანგეთის პრეზიდენტმა, დანიისა და გრენლანდიის პრემიერ-მინისტრებთან ერთად, უსაფრთხოების საკითხები განიხილა და მყინვარები მოინახულა.