კოპენჰაგენის ცენტრში ეკრანებისგან თავისუფალი სათამაშო მოედანი გამოჩნდა. მისი შექმნის მიზანი მშობლების წახალისებაა, გვერდით გადადონ სმარტფონები და უფრო მეტი, რაც მთავარია გააზრებული დრო დაუთმონ საკუთარ შვილებთან ურთიერთობას.
ახლადმოწყობილ სივრცეში სავალდებულო არაფერია, თუმცა მისი კონცეფცია სწორედ იმაზეა აგებული, რომ მშობელს შვილებთან უფრო ხარისხიანი დროის გატარებისკენ უბიძგონ, მათთან არა უბრალოდ ფიზიკურად, არამედ კონცენტრირებუად ყოფნისთვის, სამყაროში, სადაც სმარტფონებმა და გაჯეტებმა ადამიანები რეალობას მოწყვიტა.
„ეს არის ეკრანებისგან თავისუფალი სათამაშო სივრცე ბავშვებისა და მათი ოჯახებისთვის. ის შევქმენით, რადგან გვინდა რაღაც ახალი გამოვცადოთ. ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ დანიურ ოჯახებს, უფრო მეტად იყვნენ ერთმანეთთან ახლოს და გავაუმჯობესოთ მათი ფსიქიკური კეთილდღეობა. ჩვენ ვხედავთ, რომ ეკრანები ოჯახების ყოველდღიური ცხოვრების სულ უფრო მნიშვნელოვანი ნაწილი ხდება. ამასთან, მშობლები აქტიურად ეძებენ გზებს, თუ როგორ გაატარონ მეტი ხარისხიანი დრო შვილებთან და როგორ იყვნენ მათთან უფრო მეტად ჩართულები და ყურადღებიანები. ჩვენ ვხედავთ, რომ დანიის კინოთეატრებში ადამიანებს ერთგვარ მინიშნებას აძლევენ: გადადეთ მობილური ტელეფონი და უყურეთ ფილმს. და რეალურად ვხედავთ, რომ ეს მუშაობს. ასევე ვხედავთ, რომ ეკრანებისგან თავისუფალი ზონები ოჯახებშიც ეფექტიანია.ეს უბრალოდ მცირე დახმარებაა და არ არის ის, რისთვისაც ერთმანეთის დადანაშაულება ან თითის გაშვერა უნდა დავიწყოთ. ეს მხოლოდ პატარა ხელშეწყობაა, რათა სწორი არჩევანი გავაკეთოთ”- აღნიშნა დანიკას განვითარების დირექტორმა,კამილა სინდ სუნესენმა.
დანიის დედაქალაქში, პოსტბუენის უბანში მდებარე სათამაშო სივრცე, სასრიალოებს, საცოც კედლებს და სხვა გასართობ სივრცეებს მოიცავს,მათ შორის საფოსტო თემატიკას, იმის ნიშნად, რომ აქ ოდეზღაც დანიის საფოსტო სამსახური ფუნქციონირებდა. მთელ სივრცეში გამოფენილი ბანერები მშობლებს ახსენებენ, რომ ამ ადგილას ეკრანების გამოყენება შეზღუდულია და მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაშია დასაშვები.
**„დიახ, ვფიქრობ, ძალიან კარგია, რომ არსებობს ტელეფონებისა და ეკრანებისგან თავისუფალი სათამაშო მოედანი. ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა, მეტი დრო გაატარო შვილებთან. არ უნდა იყო მუდმივად რაღაცით გადატვირთული ან გაფანტული.ყოველდღიურად ტელეფონს ვიყენებთ სამსახურისთვის, ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან სასაუბროდ, სოციალურ მედიაში შესასვლელად და სხვა მრავალი საქმისთვის. ამიტომ კარგია, ზოგჯერ ყველაფერს მოსცილდე და დრო ნამდვილად ახლობლებთან გაატარო“-**ამბობს ნიუ-იორკელი ვიზიტორი,ტაილერ კლარჰაუტი,რომელიც დანიას ოჯახთან ერტად ესტუმრა.
„დიახ, ჩემი აზრით, ბევრად მეტი სათამაშო მოედანი უნდა იყოს ეკრანებისგან თავისუფალი. არ ვფიქრობ, რომ ეს კანონით უნდა იყოს სავალდებულო, მაგრამ კარგი იდეა იქნებოდა, შეიქმნას დიდი სივრცეები, სადაც ეკრანების გამოყენება არ იქნება ნებადართული. ეკრანებისგან თავისუფალი გარემო ბავშვებს ერთმანეთთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის უკეთეს შესაძლებლობას აძლევს. ამიტომ, დიახ, ნამდვილად ვუჭერ მხარს ასეთ მიდგომას“- აღნიშნავს კრისტოფერ ერლანდი, კოპენჰაგენში მცხოვრები მამა.
ყველაფერთან ერთად, ნოემბრიდან დანია 15 წლამდე მოზარდებისთვის სოციალური ქსელებზე წვდომას აკრძალავს, 13 წელზე უმცროსი ბავშვებისთვის კი კონკრეტული პლათფორმებზე წვდომას მხოლოდ მშობლის ზედამხედველობით გახდის დასაშვებს. ამ გზით კოპენჰაგენი უერთდება იმ ქვეყნების სიას,რომლებმაც არასრულწლოვნებისთვის მსგავსი ნორმა უკვე შემოიღეს, ასეთებია ავსტრალია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი და სხვა.
