ეთერ ლიპარტელიანმა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში იაპონელი მომო ტამაოკი დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.
ეთერ ლიპარტელიანი გახდა ისტორიაში პირველი ქართველი ქალი ჯუდოკა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. 2025 წლის ჯუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ქართული დელეგაციისთვის ეს პირველი მედალია.
57 კგ წონით კატეგორიაში, ფინალისკენ მიმავალ გზაზე, ქართველმა სპორტსმენმა ჯერ სამხრეთ კორეელი იუჰეე კიმი დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა. მერვედფინალში კი ნეიტრალური დროშით გამომსვლელ დარია კურბანმამადოვას სძლია. მომდევნო ეტაპზე, ანუ მეოთხედფინალში ქართველმა ჯუდოკამ ფინელი მეტოქე პილა სალონენი დაამარცხა, შემდეგ კი თურქმენეთის სახელით გამომსვლელი მაისა პარდაიევა.
ოქროს მედლის მოსაპოვებლად ეთერ ლიპარტელიანს 5 მეტოქის დამარცხება დასჭირდა. აღსანიშნავია, რომ ქართველმა ხუთივე მეტოქე იპონით დაამარცხა.