აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაიცვა საკუთარი ადმინისტრაცია სტუდენტებისთვის სავიზო ინტერვიუების შეჩერების საკითხზე, რადგან სახელმწიფო დეპარტამენტი ემზადება გააფართოოს ინტერვიუერთა უფლებები და შეამოწმოს სტუდენტების აქტივობა სოციალურ მედიაში.
27 მაისს შეერთებული შტატების საელჩოებსა და საკონსულოებში გაგზავნილი წერილის თანახმად, სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ შეაჩერა ახალი სავიზო ინტერვიუების დაგეგმვის პროცესი იქამდე, სანამ დეპარტამენტი არ გამოაქვეყნებს მითითებებს სოციალურ მედიაში სტუდენტთა საქმიანობის უფრო დეტალური შემოწმების შესახებ. ეს მას შემდეგ ხდება, რაც პრეზიდენტმა ტრამპმა ჰარვარდის უნივერსიტეტს საერთაშორისო სტუდენტების მიღება აუკრძალა, თუმცა გადაწყვეტილება ფედერალურმა მოსამართლემ დაბლოკა.
ტრამპის თქმით, ჰარვარდის სტუდენტთა 25%-ზე მეტი საერთაშორისო სტუდენტია და მათი რაოდენობა 15%-მდე უნდა შეიზღუდოს.
„ჰარვარდმა უნდა გვაჩვენოს თავისი სიები. მათ უცხოელი სტუდენტები ჰყავთ, მათი სტუდენტების დაახლოებით 31% უცხოელია, თითქმის 31%. ჩვენ გვსურს ვიცოდეთ, საიდან მოდიან ეს სტუდენტები. არიან თუ არა ისინი პრობლემების შემქმნელნი? რომელ ქვეყნებში დადიან? თუ ვინმე ჩამოდის რომელიმე ქვეყნიდან და 100%-ით კარგადაა ყველაფერი, რაზეც იმედი მაქვს, რომ უმრავლესობა ასეა, მაგრამ ბევრი მათგანი არ იქნება, თქვენ ნახავთ რადიკალებს.
ისინი იღებენ ადამიანებს მსოფლიოს რადიკალიზებული რეგიონებიდან და ჩვენ არ გვსურს, საკუთარ ქვეყანაში პრობლემები შეგვიქმნან. ამრიგად, გუშინ ვნახე, რომ დიდი ბრიტანეთის შუაგულში იყო სასიამოვნო ახალგაზრდა მამაკაცი. მას ჰარვარდის სკოლაში დაბრუნება სურს და მომეჩვენა, რომ კარგი ადამიანი იყო, მაგრამ მისი წარსულის შემოწმება მინდა. ჩვენ გვსურს, რომ ამის დანახვა შეგვეძლოს. რატომ? იცით, ეს ქვეყნები არ გვეხმარებიან. ისინი არ დებენ ინვესტიციებს ჰარვარდში, ჩვენ ვდებთ. შესაბამისად, რატომ 31% – რატომაა ეს რიცხვი ამხელა? ვფიქრობ, პირველი რასაც ვფიქრობ, ეს რიცხვი უნდა იყოს 15% და არა 31%.
გვყავს ადამიანები, რომლებსაც ჰარვარდსა და სხვა სკოლებში სიარული სურთ. ვერ ირიცხებიან, რადგან იქ უცხოელი სტუდენტები გვყავს, მაგრამ მინდა დავრწმუნდე, რომ უცხოელი სტუდენტები ის ადამიანები არიან, რომლებსაც უყვართ ჩვენი ქვეყანა. არ გვინდა სავაჭრო ცენტრების აფეთქება ვიხილოთ. არ გვინდა ისეთი არეულობა, როგორიც თქვენ გქონდათ. მეტსაც გეტყვით, ბევრი ამ სტუდენტებისგან აქედან არ წასულა. ამ სტუდენტებისგან ბევრი ქვეყანაში რადიკალი მემარცხენე გიჟების მიერ გამოწვეული პრობლემების შემქმნელია“, – ამბობს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.
2025 წლის დასაწყისში შეერთებული შტატების საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურებმა დააკავეს და სცადეს იმ სტუდენტების დეპორტაცია, რომლებიც კამპუსში ისრაელ-ჰამასის ომის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებში მონაწილეობდნენ. დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მუშაობს სტუდენტებისთვის სტატუსის შეჩერების პროცედურის გამარტივებაზე.