„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ აცხადებს, რომ საქართველოში 2024 წლის გაზაფხულზე, ე.წ. „გამჭვირვალობის“ კანონის საწინააღმდეგოდ გამართული დემონსტრაციებისა და 2024 წლის 28 ნოემბერს დაწყებული პროევროპული პროტესტის მონაწილეების მიმართ სისტემური ძალადობისა და წამების საქმეებზე გამოძიება არაეფექტიანია.
28 მაისს უფლებადამცველი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა პრესკონფერენციაზე გამართეს, რომელსაც შსს-ის მიერ პროევროპული აქციების დარბევისას დაზარალებული პირებიც ესწრებოდნენ. იურისტების თქმით, დაზარალებულის სტატუსის არსებობის მიუხედავად, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს დემონსტრანტების მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე არც ერთი დამნაშავე პირი არ გამოუვლენია და მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა არ დაწყებულა.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ შეფასებით, აქციებისას მოქალაქეთა მიმართ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან გამოვლენილ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე შესაბამისი უწყებები გამოძიებას ზედაპირულად აწარმოებენ.
ორგანიზაციის წარმომადგენელთა თქმით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს აქვს ყველა შესაბამისი მასალა, რომელიც საკმარისია პასუხისმგებელ პირთა გამოსავლენად და მათ დასასჯელად, თუმცა, როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, უწყებას პოლიციის საშუალო და მაღალი რგოლის თანამშრომლები არ გამოუკითხავს.
პროევროპული დემონსტრაციების ძალადობრივად დაშლისას, ათობით მოქალაქეს ფიზიკურად გაუსწორდნენ როგორც საპოლიციო ძალები, ისე უცნობი პირები.
ვიდეოკამერებით გადაღებულ კადრებში იკვეთება შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთა მხრიდან მედიის თანამშრომლებზე განზრახ ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტებიც.
მათ შორისაა გამოცემა „პუბლიკას“ ჟურნალისტი ალექსანდრე ქეშელაშვილი, რომლის ინტერესებსაც „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ იცავს.
ჟურნალისტი ამბობს, რომ შესაბამისი მაიდენტიფიცირებელი ჩაცმულობის მიუხედავად, საპოლიციო ძალები მას ხელს უშლიდნენ პროფესიული მოვალეობის შესრულებაში და მიზანმიმართულად იძალადეს მასზე.