კატეგორიები

კრემლის ჩრდილოვანი ფლოტი

კრემლის ჩრდილოვანი ფლოტი

რამდენიმე დღის წინ ევროკავშირმა მოსკოვს სანქციების მე-17 პაკეტი დაუწესა. ბრიუსელის სამიზნედ იქცა რუსეთის მფლობელობაში მყოფი ის 200-ამდე გემი, რომლებსაც კრემლი სანქციების ასარიდებლად იყენებდა. ამავდროულად, ეს ნაბიჯი არ ჩაითვალა საკმარისად და 180-ე პაკეტზეც დაიწყეს მუშაობა. გარდა ევროკავშირისა, რუსულ ხომალდებს სანქციები დაუწესა დიდმა ბრიტანეთმაც.

ევროკომისია დიდ ყურადღებას უთმობს რუსულ მანევრებს, რომლებითაც კრემლი ცდილობს, ნავთობის ვაჭრობაზე დაწესებულ იმ სანქციებს აარიდოს თავი, რომლებიც მიზნად ისახავს უკრაინაში რუსეთის ომის დაფინანსების შეჩერებასა და შეზღუდვას. ეს კი კრემლისთვის სერიოზული გამოწვევაა. მოკავშირეების ფინანსური შეზღუდვები ითვალისწინებდა რუსეთის საზღვაო ნავთობის იმპორტის ემბარგოსა და ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე ფასის განსაზღვრას, რაც რუსეთს უმცირებს შემოსავალს. პასუხად, რუსეთმა დაიწყო ახალი ბაზრების ძიება და შექმნა „ჩრდილოვანი ფლოტი“, რათა ეს შეზღუდვები აერიდებინა.

ევროპარლამენტის მიერ მომზადებული ანგარიშის მიხედვით, ფლოტის კლასიფიკაცია ასეთია: ე.წ. „სუფთა ფლოტი“, „რუხი ფლოტი“ და „ჩრდილოვანი ფლოტი“.

საინტერესოა, რა განსხვავებაა „რუხ ფლოტსა“ და „ჩრდილოვან ფლოტს“ შორის. „რუხ ფლოტად“ მიიჩნევა ნაწილობრივ ლეგალური ტანკერები, მათ ავტომატური ამომცნობი სისტემაც ნაწილობრივ ჩართული აქვთ. თუმცა ჩრდილოვანი ფლოტი სრულიად უკანონოა, ფარულად გადაადგილდება და სამართლებრივ რეგულაციებს თავს არიდებს.

ევროპარლამენტის მიერ მომზადებულ ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ზუსტი მონაცემები, თუ რამდენი ტანკერი განეკუთვნება რუსეთის „ჩრდილოვან ფლოტს“, არაა ცნობილი.

ამერიკული ანალიტიკური ორგანიზაციის (S&P global) „ეს-ენდ-ფი გლობალის“ მონაცემებით, მაგალითად, რუსეთს 591 არალეგალურად მოქმედი ტანკერი ჰყავს და მათგან 271 ე.წ. „ჩრდილოვან ფლოტს” განეკუთვნება.

უკრაინის მტკიცებით,  რუსეთის 435 არალეგალური გემი ოპერირებს მსოფლიოში. კიევის ეკონომიკის სკოლის მონაცემებით, 2024 წლის მიწურულს ნავთობის ფარული და არალეგალური ვაჭრობით კრემლმა 4 მილიონ ბარელ ნავთობზე მეტი გაყიდა. „ენერგეტიკისა და სუფთა ჰაერის კვლევის ცენტრში” (CREA) ამბობენ, რომ საუბარია რუსეთის ნავთობის პროდუქციის 66%-ზე. კიევის ეკონომიკის სკოლის ინფორმაციით, 2024 წლის მხოლოდ პირველ 9 თვეში მოსკოვმა ამ უკანონო ნავთობვაჭრობით 8 მილიარდ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღო.

თანხის მოცულობა კარგად ასახავს, თუ რა მნიშვნელობა აქვს კრემლისთვის იმ შემოსავალს, რომელსაც რუსეთი უკანონო ვაჭრობით იღებს. ამ თანხას კრემლი უკრაინული მშვიდობიანი ქალაქების დასაბომბად  და სისასტიკის ჩასადენად იყენებს.

ევროპარლამენტის მიერ მომზადებული დოკუმენტის მიხედვით, რუსული არალეგალური ნავთობით ძირითადად სარგებლობენ ინდოეთი, ჩინეთი, ბრაზილია და თურქეთი. რუსული „ჩრდილოვანი ფლოტი“ ძირითადად გადაადგილდება შავ ზღვასა და ბალტიის ზღვაში. ბოლო პერიოდში ვნახეთ, რომ რუსული გემები არაერთხელ დააკავეს ბალტიის ქვეყნებმა. სწორედ ბალტიის ზღვაში ჩაატარა ერთ-ერთი ბოლო სამხედრო წვრთნა რუსეთმა.  კრემლი რამდენიმე კვირის წინ სავაჭრო გემების დაცვაში ვარჯიშობდა ამ გეოგრაფიულ არეალში.

კრემლის ჩრდილოვან ფლოტზე და მასთან დაკავშირებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში „საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის” უფროსმა მკვლევარმა და სასაზღვრო პოლიციის ყოფილმა უფროსმა თემურ კეკელიძემ ისაუბრა.

Related news
პაკისტანისა და ავღანეთის ძალებს შორის, საზღვრისპირა რეგიონებში შეტაკებებია „მნიშვნელოვან პროგრესი“ - დასრულდა აშშ-ირანის მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდი
სხვა ამბები