მთავარიევროპაფინეთირუსული სამხედრო ბაზები ფინეთთან

რუსული სამხედრო ბაზები ფინეთთან

კარვები, გამანადგურებლებისთვის განკუთვნილი სანგრები და სამხედრო ტექნიკის საცავები – რუსეთი აძლიერებს სამხედრო ბაზებს და აშენებს ახალ ინფრასტრუქტურას ფინეთის საზღვართან – ამაზე საუბრობენ ფინელი სამხედრო ექსპერტები.

„ისინი ბრიგადებს ზრდიან და დივიზიებს აყალიბებენ. რაც ნიშნავს, რომ ფინეთის საზღვრების მახლობლად განთავსებული შენაერთები მნიშვნელოვნად — ათასობით ადამიანით — გაიზრდება“, — ამბობს ემილ კასტეჰელმი, ფინური ანალიტიკური ორგანიზაცია Black Bird Group-ის სამხედრო ექსპერტი, რომელიც სამხედრო აქტივობას უკრაინასა და ჩრდილოეთში აკვირდება. რეგიონში სულ ახლახან აშშ-ისა და ფინეთის შეიარაღებულმა ძალებმა არქტიკის პირობებში გამართეს მასშტაბური სამხედრო წვრთნა, რომლის დასახელებაცაა „ევროპის მცველი”, ევროპის 18 ქვეყანაში დაიგეგმა და კვლავ გრძელდება.

როგორც ემილ კასტეჰელმი, ფინური ანალიტიკური ორგანიზაცია Black Bird Group-ის სამხედრო ექსპერტი ამბობს: „რუსებმა სამხედრო ხასიათის ცვლილებები ფინეთის მიმდებარე რეგიონებში ორ დონეზე გაატარეს. მათ მნიშვნელოვნად შეცვალეს საკუთარი სამხედრო ორგანიზაციული წყობა და ასევე რამდენიმე ცვლილება განახორციელეს სამხედრო ბაზებშიც.

უნდა აღინიშნოს, რომ ორგანიზაციული ცვლილებები ახალი დაწყებულია. რაც შეეხება ბაზებს, მიუხედავად იმისა, რომ ინდივიდუალური ცვლილებები საკმაოდ მრავალრიცხოვანია, ჯამში ისინი ჯერ არ არის განსაკუთრებით საყურადღებო. თუმცა რამდენიმე მიმართულებაზე მათ შეიძლება გარკვეული სიურპრიზის ეფექტიც ჰქონდეს. ამრიგად, ძალიან ბევრი რამ ხდება ამჟამად და ვითარება კვლავაც დინამიკურად ვითარდება.

რუსეთი ზრდის თავის სამხედრო ძალას ფინეთის, ნორვეგიის ჩრდილოეთით და ბალტიისპირეთის ქვეყნების გარშემო. გარკვეულწილად, ეს არის იმ აქტივობების გაგრძელება, რომლებიც ჯერ კიდევ 2022 წლამდე იყო დაგეგმილი, თუმცა ახლა მათ სხვა მნიშვნელობა ენიჭება. რუსეთი ცდილობს, გავლენა იქონიოს ახალ გეოპოლიტიკურ და უსაფრთხოების გარემოზე.

რუსეთს გაუჭირდა იმ რეალობის მიღება, რომ  დამოუკიდებელმა ქვეყნებმა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები თვითნებურად მიიღეს — ვგულისხმობ ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრების საკითხს. შედეგად, რუსეთმა გადაწყვიტა, შეეცვალა სამხედრო ოლქების სტრუქტურა, გაეფართოებინა ბრიგადები და გაეზარდა სამხედრო ძალა.

ეს პროცესი ხანგრძლივი იქნება, მაგრამ საბოლოოდ ალბათ ის შედეგი მოჰყვება, რომ ნატოს აღმოსავლეთ საზღვართან ათობით ათასი რუსი ჯარისკაცი და შესაბამისი აღჭურვილობა განთავსდება.

რუსეთის უკრაინაში შეჭრამ საგრძნობლად შეცვალა მთლიანად უსაფრთხოების გარემო. რუსეთისა და ევროპის ქვეყნებს შორის კავშირმა ან დასავლეთთან ურთიერთობამ შედეგი ვერ გამოიღო. ამიტომ, სანამ რუსეთი უკრაინაში ომს აგრძელებს, ამ ურთიერთობების გაუმჯობესების რეალური პერსპექტივაც არ ჩანს. მთავარი კითხვა კი ის არის, თუ რა მიმართულებით განვითარდება სიტუაცია მაშინ, როცა ომი ან გაყინვის ეტაპზე გადავა, ან გარკვეული ზავი დაიდება. ეს შესაძლოა ჯერ კიდევ შორს იყოს, რადგან მოლაპარაკებები დიდ პროგრესს არ აჩვენებს. ასევე მოსალოდნელია, რომ ზავის ან ომის შეჩერების შემთხვევაშიც რუსეთის მტრული განწყობა დასავლეთის, განსაკუთრებით კი ნატოს აღმოსავლეთ წევრი ქვეყნების მიმართ არ შეიცვლება.

უსაფრთხოების კუთხით ფინეთი ერთ-ერთი ყველაზე მომზადებული ქვეყანაა მსოფლიოში — განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება მსგავსი ტიპის სამხედრო საფრთხეებსა და კრიზისულ სცენარს.

გამოთქმა – „რუსეთი არასოდესაა ისეთი ძლიერი, როგორადაც თავს წარმოაჩენს და არც ისეთი სუსტი, როგორიც ჩანს“ – გულისხმობს, რომ რუსეთის სამხედრო და ეკონომიკური შესაძლებლობები აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ.   რუსეთს ნებისმიერ დროს შეუძლია უსიამოვნო სიურპრიზების მოწყობა.

მეორე მხრივ, რუსეთს მნიშვნელოვანი შიდა პრობლემები აქვს, შესაბამისად,  ის არ არის ყოვლისშემძლე. მას არ შეუძლია ყველაფრის გაკეთება,  რაც უკრაინაშიც მკაფიოდ გამოჩნდა.

საჭიროა, რომ რუსეთს მივუდგეთ სათანადო სიფრთხილით, რადგან ეს ქვეყანა ამ ეტაპზე ნამდვილად არ არის ჩვენი მეგობარი. თუმცა, ამავე დროს, დაუშვებელია გადაჭარბებული შიში, რადგან ნებისმიერი  კრიზისული სიტუაცია შეიძლება მოგვარდეს სათანადო მზადყოფნის პირობებში. ამჟამად ფინეთი სწორედ ამას აკეთებს“.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend