პეკინში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ფინეთის პრემიერ-მინისტრი პეტერი ორპო ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს შეხვდა.
ფინეთის მთავრობის თანახმად, ორპოს ოთხდღიანი ვიზიტის დღის წესრიგში ბიზნესსა და საერთაშორისო საკითხებზე მოლაპარაკებები შედის. საერთაშორისო საკითხებს შორის კი ერთ-ერთი საკვანძო თემა რუსეთის ომია უკრაინაში.
როგორც ჩინური სახელმწიფო მედია იუწყება, სი ძინპინს იმედი აქვს, რომ ფინეთი ჩინეთსა და ევროკავშირს შორის ჯანსაღი და სტაბილური ურთიერთობების განვითარების პროცესში კონსტრუქციულ როლს შეასრულებს.
ფინეთის პრემიერ-მინისტრი ჩინეთს მაშინ სტუმრობს, როცა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, არასტაბილური საგარეო პოლიტიკა და მოკავშირეებისადმი კონფრონტაციული მიდგომა ევროპულ ქვეყნებს საგარეო ურთიერთობების გამრავალფეროვნებისკენ უბიძგებს.
პრემიერ-მინისტრი ფინური კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად უკვე შეხვდა ჩინეთის ვაჭრობის მინისტრს, ვან ვენტაოს. მისი დახვედრის ოფიციალური ცერემონიის მასპინძელი კი ჩინეთის პრემიერ მინისტრი ლი ციანი იქნება.

